უკან დაბრუნება
6 თებერვალი 2020

აგვისტოს ომი: ვის გაასამართლებს ჰააგის ტრიბუნალი?

ლელა კუნჭულია, რადიო თავისუფლება
07.08.2019
ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) უკვე მეოთხე წელია, ცდილობს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენას. გამოძიება ეძებს რუსი, ქართველი თუ ოსი ეროვნების კონკრეტულ პირებს, რომლებმაც ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინეს. ეს პროცესი საქართველოში გაჩაღებული მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2008 წლის მოვლენებში პერმანენტულად ადანაშაულებს „ნაციონალურ მოძრაობას".

 

  • ახდენს თუ არა ზეგავლენას პოლიტიკური ბრძოლები ჰააგის ტრიბუნალში მიმდინარე გამოძიებაზე, რა ეტაპზეა პროცესი და ვინ შეიძლება დაისაჯოს?
  • რას ეყრდნობა და როგორ მიდის პროცესი?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სრულიად კონფიდენციალურად მიმდინარეობს პროცესი, რომელიც 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ჩადენილ სავარაუდო უმძიმეს დანაშაულებს იძიებს. პროცესს პროკურორის ოფისი წარმართავს.
გამოძიების სამიზნეა: გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ომის დანაშაული და აგრესიის დანაშაული; მაგალითად:

  1. ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურება, წინასწარი განზრახვით;
  2. მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმები: მკვლელობა, გაუპატიურება, თავისუფლების აღკვეთა, მონობა, დეპორტაცია თუ სხვა;
  3. სამოქალაქო პირების ან სამხედრო ტყვეების დახოცვა, განზრახ შეტევა საავადმყოფოებზე, ისტორიულ ძეგლებზე თუ რელიგიური მნიშვნელობის შენობებზე;
  4. სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით შეჭრა, სამხედრო ოკუპაცია და ანექსია - პორტისა თუ სანაპირო ზოლის ბლოკადით.

ჰააგის ტრიბუნალის გამოძიების შედეგად შეიძლება დაისაჯოს ყველა, ვინც ომის დროს გადაწყვეტილებების მიმღები იყო და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ამა თუ იმ ქმედების დროს.
როგორც „საერთაშორისო სამართლიანობის“ (Justice International) ხელმძღვანელი, ნიკა ჯეირანაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, „ჰააგის ტრიბუნალის წინაშე იმუნიტეტით არავინ სარგებლობს“ და განსასჯელის სკამზე შეიძლება მოხვდეს: პრეზიდენტი, მინისტრი, დეპუტატი, სამხედრო პირი თუ ჟურნალისტი. მაგრამ როდის მოხდება ეს, არავინ იცის.
ჰააგაში მოქმედი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, ამ ეტაპისთვის პროცესის განვითარების რამდენიმე შესაძლო ვარიანტზე ლაპარაკობს:
სასამართლო გამოავლენს კონკრეტულ დამნაშავეებს და გასცემს ორდერებს კონკრეტული ფიზიკური პირების დასაპატიმრებლად;
სასამართლომ უკვე დაასრულა გამოძიება, მაგრამ შედეგებს ჯერ არ ახმოვანებს, რადგან არ უნდა სავარაუდო დამნაშავეების წინასწარი ინფორმირება (ხელსაყრელ სიტუაციაში მათი დაკავების მიზნით);


სასამართლო შეწყვეტს საქმეს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.
 
იმის გამო, რომ რუსეთი არ არის რომის სტატუტის ხელმომწერთა შორის და შესაბამისად არ აღიარებს ჰააგის ტრიბუნალის იურისდიქციას, ნიკა ჯეირანაშვილი ლაპარაკობს საფრთხეზე, რომ შესაძლოა, საბოლოოდ დაისაჯონ მხოლოდ ქართველები და ოსები, ანდა მხოლოდ ქართველები, დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში.
„თუკი დავუშვებთ, რომ შესაძლოა გამოძიების შედეგად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები დაისაჯონ, საქმის დახურვა მაინცდამაინც ცუდი ვარიანტი არ იქნება ჩვენთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნიკა ჯეირანაშვილი.
თუმცა რომის სტატუტთან რუსეთის გამიჯვნის მიუხედავად, ჰააგის ტრიბუნალს რჩება სამოქმედო ბერკეტები დამნაშავეთა დასასჯელად:
„ცხადია, რუსეთი სავარაუდო დამნაშავეს არ გადასცემს ჰააგის ტრიბუნალს“;
„ასეთ შემთხვევაში დამნაშავის დაკავება შესაძლებელი იქნება რომის სტატუტის ხელმომწერი რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე“;
„რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, რომ ჰააგის ტრიბუნალს გადასცენ მათ ტერიტორიაზე დაკავებული სავარაუდო დამნაშავე“.


ნიკა ჯეირანაშვილი ამბობს, რომ ჰააგის ტრიბუნალს „არ აინტერესებს ვინ დაიწყო ომი“ და ყურადღება უკვე დაწყებული ომის პირობებში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე მახვილდება.
მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულ ჩარჩოებში არ ჯდება, ჯეირანაშვილის თქმით, სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და პოლიტიკოსთა „ბრალდებების გადაძახილებს“ აგვისტოს ომთან დაკავშირებით.


ჰააგა და აგვისტოს ომი საქართველოს შიდა პოლიტიკაში
7 აგვისტოს ოპონენტებმა დილიდანვე გაუხსენეს სალომე ზურაბიშვილს 2014 წელს გამოქვეყნებული ფეისბუკსტატუსი. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი წერს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა რუსეთი თავად გამოიწვია:
„სააკაშვილმა ცხინვალზე - ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე - ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა.... გამოიწვია მოსალოდნელი (და წინასწარ გამოცხადებული) რუსეთის სამხედრო რეაქცია“.
ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება ერთ-ერთ მთავარ ტვირთად იქცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
მის წინააღმდეგ ამოქმედდა ასევე სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები და აგვისტოს ომთან დაკავშირებით მის მიერ დაწერილი წიგნის შინაარსიც. მედიამ ომის თემაზე შეკითხვებით არ მოასვენა საპრეზიდენტო კანდიდატი და ამომრჩეველთა ნაწილის აღშფოთების ფონზე ზურაბიშვილმა ერთ დღესაც თქვა, რომ "ცხადია, რუსეთმა დაიწყო ომი".
ხმაური ატყდა სალომე ზურაბიშვილის წიგნის შინაარსის ჰააგასთან კავშირის გამოც. თუმცა ეს შეეხება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს და არა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, სადაც ამჟამად მიმდინარეობს გამოძიების პროცესი.
აგვისტოს ომის ჭრილში ოპონენტებს ხშირად ადანაშაულებენ „ქართული ოცნების“ მაღალი თუ უმაღლესი რანგის წარმომადგენლები და მათ შორის - პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
ასეთი აქცენტები დაისვა მაგალითად, 17 ივლისსაც, ბათუმში, ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ გაკეთებულ მის პირველ განცხადებებში.
„ნაციონალური მოძრაობა“ შემოუძღვა რუსის ჯარს“;
„რომ არა ამათი („ნაციონალური მოძრაობის“) დაუდევრობა, ამათი ღალატი რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა საქართველოში 2008 წელს“;
„მათ მოახერხეს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მომხდარიყო ოკუპაცია“;
„ჩვენ ყველანი „ქართული ოცნებიდან“ ვიყენებთ ტერმინს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია...“
„... მაგრამ ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ“.
აგვისტოს ომში „ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულებას მიუძღვნა თავისი განცხადებები პრემიერმა მამუკა ბახტაძემ და ფეისბუკსტატუსი - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმაც.
6 აგვისტოს გამოქვეყნებულ 9-პუნქტიან ტექსტში ვოლსკი წერს, რომ „სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა მოახდინა პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის განზრახ ჩაშლა“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს 7 აგვისტოს მწვავედ გამოეხმაურა ოპოზიცია. გია ვოლსკის სტატუსის კვალდაკვალ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა „ევროპულმა საქართველომ“. ხოლო საგანგებო ბრიფინგზე ამ პარტიის წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების მორიგი სამარცხვინო მაგალითი აჩვენა.
„მათ ეს დღე გამოიყენეს არა ამ ხსოვნის პატივისცემისთვის, არა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანი გზავნილისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის შიგნით ბინძური ცილისწამების უზნეო კამპანიისთვის, პირდაპირ რუსული პროპაგანდის გამოყენებით მტკნარი სიცრუით და ამაზრზენი სპეკულაციებით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.


აგვისტოს ომს უპრეცედენტო გმირობის გამოვლინებად აფასებს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. ის ამბობს, 2008 წელს, გმირების მიერ გადარჩენილ საქართველოში „2012 წელს პუტინმა მოიყვანა და მისი მხარდაჭერით მოვიდა ივანიშვილი“ და ეს არის „პუტინის ომის გაგრძელება“ საქართველოს წინააღმდეგ.
სააკაშვილი თავის განცხადებაში ჰააგის ტრიბუნალსაც ახსენებს. ის ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება აქტიურობს გამოძიების ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლების დასასჯელად.
„ივანიშვილი და მისი მინისტრი წულუკიანი და მათი დამქაშები უკვე რამდენიმე წელიწადია, მასობრივად ლობირებენ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რომ ქართველი სამხედროები გასამართლდნენ ჩვენი თავდაცვითი ომის გამო, აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო“;
„ისინი ამას ამ წუთებშიც, როცა ამას ვლაპარაკობ, აგრძელებენ ამ ძალისხმევას თავისი ლობისტების და თავისი შიდა გამოძიების ორგანოების მეშვეობით“.
როგორც „საერთაშორისო სამართლიანობის“ ხელმძღვანელმა, ნიკა ჯეირანაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გახმოვანებულმა ბრალდებებმა ჰააგის სასამართლოში ბოლო წლებში საკმაოდ დიდი დაბნეულობა გამოიწვია და გარკვეულწილად გამოძიების პროცესიც შეაფერხა.


„დაგვჭირდა, მათ შორის - პროკურორის ოფისისთვისაც, ახსნა-განმარტებების გაკეთება ქართულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ეს ბრალდებები... ვუხსნიდით საზოგადოებასაც... თუნდაც, როცა ჰააგიდან ჩამოსული გამომძიებლები საქართველოში ატარებდნენ გამოკითხვის პროცესს, გარკვეულწილად შეფერხდა ეს პროცესი - გამოსაკითხი ადამიანები ვეღარ იგებდნენ, რა პროცესში მონაწილეობდნენ და ხომ არ გამოიწვევდა მათი ჩვენებები ქართველი სამხედროების დაპატიმრებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკა ჯეირანაშვილმა.

ორიგინალი

gcicc
The Hague