უკან დაბრუნება
11 მაისი 2020

მსხვერპლთა დახმარების გაძლიერება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სისტემაში

16.05.17.
http://www.coalitionfortheicc.org            

ბოლო წლებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სისტემას საფრთხე შეუქმნა ფინანსურმა, პოლიტიკურმა და ლოჯისტიკურმა შეზღუდვებმა. დაზარალებულებსა და მათ თემებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშესახები ზეგავლენის უზრუნველსაყოფად დიდი სამუშაოა გასაწევი, რათა გაიზარდოს ცნობიერება და მხარდაჭერა დაზარალებულთა ნდობის ფონდისათვის, რომ მან ეფექტურად განახორციელოს თავისი მანდატი.

დაზარალებულები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სისტემაში

რომის სტატუტის სისტემა აძლიერებს ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისა და გენოციდის შედეგად დაზარალებულებს, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის გზით, რათა დაზარალებულებმა შეძლონ იმედით, ღირსებითა და პატივისცემით ცხოვრება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის პირველი საერთაშორისო სასამართლო, რომელიც დაზარალებულებს აძლევს სასამართლო პროცესებში მონაწილეობის უფლებას. დაზარალებულებს შეუძლიათ, თავიანთი ან სასამართლოს მიერ დანიშნული იურიდიული წარმომადგენლის მეშვეობით წარმოადგინონ თავიანთი შეხედულებები და წუხილები. რომის სტატუტი ასევე უფლებას აძლევს დაზარალებულებს, მოითხოვონ და მიიღონ რეპარაციები.

რეპარაციები არ წარმოადგენს მხოლოდ ფულად კომპენსაციას. რეპარაციები შესაძლოა, იყოს სხვადასხვა ფორმის. რეპარაციის ერთ-ერთი სახეა რეაბილიტაცია. რეაპარაციების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები. რეპარაციების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მათი ადმინისტრირება ხდება დაზარალებულთა ნდობის ფონდის მიერ.

აღდგენითი მართლმსაჯულებისა და შერიგების ხელშეწყობით, ნდობის ფონდს წვლილი შეაქვს მდგრად და გრძელვადიან მშვიდობაში, ეხმარება რა დაზარალებულებს, დაუბრუნდნენ ღირსეულ ცხოვრებას და წვლილი შეიტანონ თავიანთ თემებში. 

თუმცა, ბოლო წლებში აღნიშნული სისტემის აღდგენით მნიშვნელობას საფრთხეს უქმნის ფინანსური და პოლიტიკური შეზღუდვები. იმისათვის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჰქონდეს ხელშესახები ზეგავლენა დაზარალებულებსა და მათ თემებზე, დიდი სამუშაოა განსახორციელებელი ცნობიერების ამაღლებისა და ნდობის ფონდის მხარდაჭერის მიზნით.

2017 წლის შეფასება: დაზარალებულთა ნდობის ფონდი

ნდობის ფონდს, რომელიც დაფუძნებულია რომის სტატუტის საფუძველზე, აქვს ორი მისია:

1. განახორციელოს რეპარაციები, რომელთა დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები;
2. უზრუნველყოს ზოგადი მხარდაჭერა, მათ შორის - ფიზიკური რეაბილიტაცია, მატერიალური მხარდაჭერა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დაზარალებულთა და მათი თემებისათვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში.

2017 წლის მაისში გავრცელებულ საინფორმაციო ბიულეტენში, ნდობის ფონდი აღწერს მის უახლეს მიღწევებს, მათ შორის: როგორ ხორციელდება რეპარაციების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებები; რა დაინახეს ნდობის ფონდის წევრებმა ადგილობრივ თემებში განხორციელებული ვიზიტებისას; რა შედეგია მიღწეული მიმდინარე მხარდაჭერის პროექტებით; როგორ მიიღწევა ცვლილებები ნდობის ფონდის დაფინანსებით. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რეპარაციების დაკისრების შესახებ მეორე გადაწყვეტილების ფონზე, ამ შემთხვევაში, ჟერმენ კატანგას საქმეში, საინფორმაციო ბიულეტენი განიხილავს, თუ ვინ მიიღებს სარგებელს და როდის შეიძლება ვიცოდეთ უფრო მეტი.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, დიდი ხანი არ არის, რაც არსებობს, ნდობის ფონდის აქტივობების უმრავლესობა, აქამდე, ძირითადად, მხარდაჭერის მანდატის ფარგლებში ხორციელდებოდა.

2017 წლის თებერვალში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი, სილვია ფერნანდეს დე გურმენდი, ნდობის ფონდის თავმჯდომარე, მოტო ნოგუჩი, ნდობის ფონდის საბჭოს წევრი, მამა კოიტე დოუმბია და ნდობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, პიტერ დე ბანი ეწვივნენ უგანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და მოინახულეს ნდობის ფონდის მიმდინარე პროექტები.

ათობით ათას დაზარალებულს გაეწია დახმარება ნდობის ფონდის პროგრამების მეშვეობით აღნიშნულ სიტუაციებში. დარჩენილი პროექტები, სავარაუდოდ, დასრულდება 2017 წლის ნოემბერში.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ დაზარალებულებს საშუალება, დარჩნენ წარსულში, ტანჯვის ხაფანგში მოქცეულები. არ უნდა ვაქციოთ ისინი მარცხის ნაწილად. დაზარალებულების გამძლეობა და მათი უნარი, დაძლიონ წარმოუდგენელი ზიანი, უნდა იყოს საფუძველი სამართლიანი და მშვიდობიანი საზოგადოებისათვის, რომელიც აგებული იქნება ურთიერთგაზიარებულ ნდობასა და მომავლის რწმენაზე“ - ამბობს მოტო ნოგუჩი, ნდობის ფონდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

„აღნიშნულმა ვიზიტმა აჩვენა ნდობის ფონდის განსაკუთრებული რეპარაციული მნიშვნელობა დაზარალებულებსა და მათ თემებზე“ - ამბობს მამა კოიტე დუმბა, ნდობის ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი.

„მე მინდოდა მომესმინა დაზარალებულთა შეხედულებები, რომლებმაც მიიღეს დახმარება ამ პროექტებით და გამომეხატა მხარდაჭერა მათ მიმართ, ისევე როგორც მხარდაჭერა ნდობის ფონდისა და მისი ადგილობრივი პარტნიორების მიმართ. მათ მიერ შესრულებული სამუშაო არის ფუნდამენტური სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მისიისათვის“ - ამბობს მოსამართლე სილვია ფერნანდესი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი.

2017 წლის 17 მაისს, ნდობის ფონდის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის გახნის დღეს, ნდობის ფონდმა გამოაცხადა დაზარალებულთა მხარდაჭერის ახალი პროგრამის დაწყების შესახებ 2018 წელს დაზარალებულებისათვის კოტ დ’ივუარში, 2010-2011 წლის პოსტსაარჩევნო კონფლიქტთან მიმართებით.

დაზარალებულთა დავიწყება: კენიის მაგალითი

თუმცა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია, მოუწოდებს ნდობის ფონდს, გააძლიეროს აქტივობები და სახელმწიფოებს, გამოყონ თანხა იქ, სადაც პრობლემებია.

კენიაში, მაგალითად, ნდობის ფონდს არ განუხორციელებია ზოგადი მხარდაჭერის პროგრამები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. შედეგად, ბევრი დაზარალებული დახმარების გარეშე დარჩა. 2016 წელს, Human Rights Watch-ის ანგარიში - მე უბრალოდ ვზივარ და ველოდები, როდის მოვკვდები: რეპარაციები კენიის 2007-2008 წლის პოსტსაარჩევნო სექსუალურ ძალადობას გადარჩენილებისათვის - ხაზს უსვამს სექსუალური ძალადობისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევების მიმდინარე ფიზიკურ, მენტალურ, სოციალურ და ეკონომიკურ ზეგავლენას ქალებზე, ახალგაზრდა ქალებზე, კაცებსა და ახალგაზრდა კაცებზე კენიაში პოსტსაარჩევნო ძალადობის დროს.

Human Rights Watch-მა მოუწოდა ნდობის ფონდს, გაეფართოვებინა მისი აქტივობები კენიაში, ასევე - ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გახსნა გამოძიება.

კენიის საქმის კოლაფსის შემდეგ, აღარ არსებობს არც სასამართლოს მიერ რეპარაციების დაკისრების პერსპექტივა.

როგორც ყოველთვის, ფული პრობლემაა.

სასამართლოს მიერ დაკისრებული რეპარაციების გადახდა შეიძლება დაეკისროს მსჯავრდებულს, მისი ქონების საშუალებით. თუ მსჯავრდებულს არ აქვს ან აქვს მცირე ქონება, მაშინ ნდობის ფონდს შეუძლია, წვლილი შეიტანოს რეპარაციების გადახდაში.

თუმცა, ნდობის ფონდის მიერ ზოგადი მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება დამოკიდებულია სახელმწიფოების ნებაყოფლობით შენატანებზე, უპირველეს ყოვლისა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ნებაყოფლობითი შენატანები შესაძლებელია, ასევე, ორგანიზაციების მხრიდან.

ბოლო საინფორმაციო ბიულეტენში ჩვენ ვიგებთ, ვინ რა სახის კონტრიბუცია გააკეთა 2016 წელს და 2017 წლის პირველ ნახევარში. კერძოდ, ხაზგასმულია შვედეთის მთავრობა და მისი მხარდაჭერა ნდობის ფონდისადმი, როგორც მნიშვნელოვანი იარაღი კონფლიქტის პრევენციის კუთხით.

„შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო ამაყია, მხარი დაუჭიროს მშვიდობის მშენებლობისა და შერიგების პროექტებს, როგორიც არის ნდობის ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები. ეს არის მნიშვნელოვანი შემავსებელი კომპონენტი შვედეთის ვალდებულების შესრულებისათვის, რომის სტატუტის განხორციელების კუთხით“, - აცხადებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო.

უფრო მეტი სახელმწიფო უნდა მიჰყვეს შვედეთის მაგალითს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საერთაშორისო კოალიციამ ხაზი გაუსვა ამ საკითხს ნდობის ფონდის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიურ შეკრებაზე 2017 წლის მაისში.

გენდერული სამართლიანობა დაზარალებულთა რეპარაციების მეშვეობით

ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის ფარგლებში, 2017 წლის მარტში, ნიუ იორკში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საერთაშორისო კოალიციამ ორგანიზება გაუწია შეხვედრას, რათა ხელი შეეწყო ნდობის ფონდის, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმის მუშაობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის. კერძოდ, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება საერთაშორისო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით ნაკლებად ჩართული ქალთა ჯგუფებისათვის, ნეთვერქინგისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობების შეთავაზებით სხვა ქალთა ჯგუფებთან ერთად.

ნდობის ფონდის საბჭოს წევრმა, მამა კოიტე დუმბიამ, რომელიც არის ასევე მალის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეროვნული კოალიციის პრეზიდენტი, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა შთაბეჭდილებები უგანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნდობის ფონდის პროგრამებთან დაკავშირებით: „ვიზიტების შემდეგ ჩემი პირადი შთაბეჭდილება  არის ის, რომ ნდობის ფონდის ინტერვენცია მისი მხარდაჭერის მანდატის მეშვეობით, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მოწყვლადი ჯგუფების უმრავლესობისათვის, მათ შორის - ბავშვებისა და ქალებისათვის და ის უნდა გაგრძელდეს ჩვენი დამფინანსებლების მხარდაჭერით“.

„ცნობიერების ამაღლება ნდობის ფონდის მანდატისა და აქტივობების შესახებ ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 61-ე სესიაზე იყო უნიკალური შესაძლებლობა,  შეგვეხსენებინა ჩართული მხარეებისათვის, რომ გენდერული თანასწორობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მჭიდროდ არის დაკავშირებულ გენდერულ სამართლიანობასთან. ეკონომიკური გაძლიერება არის აუცილებელი პირობა გენდერული თანასწორობისათვის. თუმცა, ქალთა უფლებების სრული რეალიზაცია შესაძლოა, მიღწეული იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ქალებს ექნებათ ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე და დასრულდება დაუსჯელობა სექსუალური და გენდერის ნიშნით ძალადობაზე“, - ამბობს ჯელენა პია-კომელია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საერთაშორისო კოალიციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

ორიგინალი
 

gcicc
The Hague