უკან დაბრუნება
7 აპრილი 2020

დაზარალებულთა ნდობის ფონდის აქტივობების მიმოხილვა

(2014 – 2018 წწ პერიოდი) 

ლუბანგას საქმე

ლუბანგა 2012 წლის 14 მარტს სცნეს დამნაშავედ ომის დანაშაულებში, როგორიცაა: 15 წლამდე მოზარდების ომში იძულებით გაწვევა და მათი საომარ მოქმედებებში აქტიური ჩართვა (მეომარი ბავშვები). ლუბანგას 2012 წლის 10 ივლისს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 2014 წლის 1 დეკემბერს სააპელაციო პალატამ დაადასტურა ვერდიქტი და გამოტანილი სასჯელი. 2015 წლის 19 დეკემბერს, ლუბანგა გადაიყვანეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ციხეში, სადაც გაატარებს პატიმრობის პერიოდს. 

რეპარაციის საკითხზე განხილვები დაიწყო 2012 წლის 7 აგვისტოს. 2015 წლის 3 მარტს, სააპელაციო პალატამ გამოსცა რეპარაციის ორდერი ცვლილებებით, რომელშიც მოითხოვა, დადგენილიყო ის თანხა, რაც დაეკისრებოდა ლუბანგას მსხვერპლთა რეპარაციისთვის. სააპელაციო პალატამ, ასევე, მოსთხოვა სასამართლოს მსხვერპლთა ნდობის ფონდს, წარმოედგინა რეპარაციის განხორციელების გეგმის პროექტი. 

2015 წელს ფონდის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, გამოეყო პირველადი თანხა - 1 მლნ ევრო რეპარაციისთვის. ფონდმა ლუბანგას საქმეზე მსხვერპლთა რეპარაციის გეგმის პროექტი 2015 წლის 3 ნოემბერს წარადგინა, ხოლო 2016 წლის ივნისში -დამატებითი ინფორმაცია გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად. სასამართლო პალატამ სიმბოლური კოლექტიური დახმარების თანხები 2016 წლის ოქტომბერში დაამტკიცა, ხოლო 2017 წლის აპრილში - სერვისებზე დაფუძნებული კოლექტიური რეპარაციის თანხები (ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ასევე - შემოსავლის წარმომშობი პროგრამები). 

2017 წლის 15 დეკემბერს სასამართლოს პალატამ თომას ლუბანგას მსხვერპლთა რეპარაციისთვის  10 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა და მსხვერპლთა ნდობის ფონდის გამგეობას მოსთხოვა, განეხილა ლუბანგას ფინანსური შესაძლებლობა, რამდენად შეეძლო მას დაკისრებული რეპარაციის თანხის გადახდა. 2018 წლის მაისში ფონდის გამგეობამ გადაწყვიტა, გამოეყო დამატებითი 2,5 მილიონ ევრო ლუბანგას დანაშაულების რეპარაციისთვის. ამდენად, ნდობის ფონდმა ლუბანგას საქმეში გამოყო 3.4 მილიონი ევრო. გამგეობამ შემდგომში გადაწყვიტა, დაეწყო ფინანსების მოძიება, რათა უზრუნველეყო დარჩენილი რეპარაციის აქტივობების დაფინანსება, როგორც ეს იყო დადგენილი სასამართლოს პალატის მიერ. 

კატანგას საქმე

2014 წლის 7 მარტს კატანგა დამნაშავედ სცნეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის (მკვლელობა) და ომის დანაშაულების 4 კატეგორიაში (მკვლელობა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, ქონების განადგურება და მარადიორობა), რაც მან ჩაიდინა 2003 წლის 24 თებერვალს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის იტურის პროვინციის სოფელ ბოგოროზე თავდასხმის დროს. 2014 წლის 23 მაისს მიუსაჯეს 12-წლიანი პატიმრობა, რომელიც მოგვიანებით სააპელაციო პალატამ შეამცირა და კატანგას პატიმრობა დასრულდა 2016 წლის 18 იანვარს. 

2017 წლის 24 მარტს, მეორე სასამართლო პალატამ გამოსცა რეპარაციის ბრძანება, რომლის საფუძველზე 297 მსხვერპლს უნდა მიეღო ინდივიდუალური და კოლექტიური დახმარება; თითოეული მსხვერპლი სიმბოლურად მიიღებდა კომპენსაციას 250 დოლარის ოდენობით და ასევე კოლექტიური რეპარაციის დახმარებას შემდეგი სახით: 1. საოჯახო დახმარება; 2. შემოსავლის მომტან საქმიანობაში მხარდაჭერა; 3. განათლების დახმარება; 4. ფსიქოლოგიური დახმარება. 

იმის გამო, რომ კატანგას ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა, ნდობის ფონდს მიმართეს, განეხილა საკუთარი რესურსების გამოყოფა რეპარაციისთვის და წარმოედგინა განხორციელების გეგმა 2017 წლის 27 ივნისამდე. 

2017 წლის მაისში ნდობის ფონდის გამგეობამ გადაწყვიტა, გამოეყო 1 მილიონი დოლარი კატანგას საქმის მსხვერპლთა რეპარაციის ხარჯების დასაფარად, რაზეც სასამართლო პალატამ გასცა ბრძანება. გამგეობამ, ასევე, მიიღო კონტრიბუციის სახით 200 000 ევრო ჰოლანდიის ხელისუფლებისგან, რომელიც გამიზნული იყო ინდივიდუალური კომპენსაციების ხარჯების დასაფარად. 2017 წლის 25 ივლისს ნდობის ფონდმა პალატას წარუდგინა თავისი განხორციელების გეგმა. 

2018  წლის პირველ ნახევარში, ფონდმა მჭიდროდ ითანამშრომლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგისტრატურის განყოფილებებთან და საქმეში იურიდიულ წარმომადგენლებთან, რათა განხორციელებულიყო რეპარაციის პროცესი. 

ალ მაჰდის საქმე 

2016 წლის 27 სექტემბერს მე-7 სასამართლო პალატამ ალ მაჰდი დამნაშავედ სცნო ომის ისეთ დანაშაულებში თანამონაწილედ, როგორიცაა - თავდასხმები ისტორიულ ძეგლებსა და რელიგიური დანიშნულების შენობებზე. მათ შორის  2012 წლის ივნის-ივლისში წინასწარ დაგეგმილი და მიზანმიმართული თავდასხმები განხორციელდა ტიმბუქტუში (მალი) ცხრა მავზოლეუმსა და ერთ მეჩეთზე. 

2017 წლის 17 აგვისტოს მე-8 სასამართლო პალატამ გამოსცა რეპარაციის ბრძანება, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო 2.7 მილიონი ევროს გამოყოფა ინდივიდუალური კომპენსაციებისთვის და კოლექტიური ეკონომიკური და მორალური რეაბილიტაციისთვის. სასამართლო პალატამ ბრძანებით მოითხოვა, რომ ნდობის ფონდის გამგეობას განეხილა ალ მაჰდის ფინანსური შესაძლებლობები, შეძლებდა თუ არა როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური რეპარაციის თანხების გადახდას. პალატამ დაავალა ნდობის ფონდს, მოემზადებინა ბრძანების აღსრულების გეგმის პროექტი. 

2018 წლის პირველ ნახევარში, ნდობის ფონდმა განახორციელა რამდენიმე მისია მალიში, რათა მოემზადებინა გეგმის განხორციელების პროექტი. ნდობის ფონდმა მჭიდროდ ითანამშრომლა სასამართლოს რეგისტრატურის შესაბამის სექციებთან, რათა მომხდარიყო პოტენტიციური ბენეფიციარების იდენტიფიკაცია და სკრინინგის პროცესი. 

ბემბას საქმე

2018 წლის 8 ივნისს სააპელაციო პალატამ, უმრავლესობით, გააუქმა ჟან-პიერ ბემბა გომბოს მსჯავრი ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის (გაუპატიურება, მკვლელობა და მარადიორობა). ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 2018 წლის 13 ივნისს, ნდობის ფონდმა გამოაცხადა თავისი გეგმები, რომ დაეჩქარებინა დახმარების პროგრამის განახლება აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში. პროგრამის მიზანი იყო ბემბას საქმეში დაზარალებულთა დახმარება, ასევე - 2002-2003 წლების კონფლიქტებში სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა დახმარება. ნდობის ფონდის გამგეობამ გადაწყვიტა, გამოეყო პირველადი თანხა 1 მილიონი ევროს ოდენობით და გაეგრძლებინა აქტივობები, ფინანსების მოზიდვის მიზნით.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ნდობის ფონდის დახმარების პროგრამა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიხურა 2017 წლის მეორე კვარტალში. ქვეყანაში დახმარების პროგრამა დაიწყო 2008 წელს და ხორციელდებოდა კონგოს აღმოსავლეთ ნაწილის სამ პროვინციაში (იტური, ჩრდილოეთ და სამხრეთ კივუ). დახმარების პროგრამა მომზადდა რამდენიმე ფაზის გავლით და მას ახორციელებდა სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია. საბოლოოდ პროგრამის ბენეფიციარი გახდა 230 000 მეტი ადამიანი. 

ნდობის ფონდმა დაასრულა შესყიდვის პროცესი, რათა კონგოში დაწყებულიყო დახმარების მანდატით აღჭურვილი პროგრამის ხუთწლიანი ახალი ციკლი. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორების შერჩევა ემყარებოდა წარმოდგენილი პროექტების ხარისხსა და შესაბამისობას, ზიანზე რეაგირების დაბალანსებულ განაწილებას, გეოგრაფიულ განაწილებას და ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ბალანსს. ნდობის ფონდი ვარაუდობს, რომ დახმარების პროგრამა დაიწყება 2019 წლის დასაწყისში. 

უგანდა

ნდობის ფონდი, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ცხრა აქტიური პროექტის საშუალებით, 2008 წლიდან ეხმარება ჩრდილოეთ უგანდაში კონფლიქტს გადარჩენილ ადამიანებს. ნდობის ფონდი ამჟამად აქტიურია 22 რაიონში. 10 წლის განმავლობაში რეაბილიტირებულია 200 000-ზე მეტი ადამიანი. დახმარების პროგრამებით ნდობის ფონდი უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო აქტივობებს, სამედიცინო დახმარებას უწევს დასახიჩრებულ მსხვერპლებს, ასევე - ადამიანებს, რომლებსაც დასჭირდათ ამპუტაცია, მიიღეს დამწვრობები ან გახდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ასევე - ვისაც დასჭირდა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ომის ტრავმის გადასატანად.

2018 წლის თებერვალში, ნდობის ფონდმა გამოაცხადა ტენდერი ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის უგანდაში, რომლებსაც უნდა წარედგინათ განაცხადები ხუთწლიანი დახმარების პროგრამის განსახორციელებლად. ტენდერი დასრულდება 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს და ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყება 2019 წლის დასაწყისში. 

კოტ დ’ივუარი  

2017 წლის იანვარსა და თებერვალში ნდობის ფონდმა ჩაატარა წინასწარი შეფასება, რათა შეესწავლა დახმარების პროგრამის დაწყების შესაძლებლობა კოტ დ’ივუარში. შეფასების გუნდი ეწვია დედაქალაქ აბიჯანს და ქვეყნის ცენტრალურ, დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში არსებულ 11 ლოკაციას. გუნდი შეხვდა მსხვერპლებს და თემის წევრებს, ასევე - თემის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის - მსხვერპლთა ასოციაციების, მედიის, ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს. 

შეფასების მიზანი იყო, მოეპოვებინათ სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ განხილვადი დანაშაულების მსხვერპლთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რათა დადგინდეს შესაბამისი და შესაძლო ინტერვენციის ფორმატი მსხვერპლთათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, ვინც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და/ან მატერიალური ზიანი ამ დანაშაულების შედეგად. 2017 წლის მაისში, ნდობის ფონდმა გადაწყვიტა, დაეწყო ახალი დახმარების პროგრამა კოტ დ’ივუარისთვის. 

ნდობის ფონდმა დაიწყო საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის -  დაეკონტაქტა კოტ დ’ივუარის ხელისუფლებას - სხვადასხვა სამინისტროებს და დაიწყო ღია ტენდერი ახალი განმახორციელებელი პარტნიორების გამოსავლენად. ნდობის ფონდი ვარაუდობს, რომ დახმარების პროგრამა დაიწყება 2019 წელს. 

ცენტრალური აფრიკის რეპუბლიკა

2018 წლის 13 ივნისს, ნდობის ფონდის დირექტორთა გამგეობამ გადაწყვიტა, დაეჩქარებინა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დახმარების პროგრამის განახლება მას შემდეგ, რაც 2018 წლის 8 ივნისს ბემბა გაამართლა სასამართლომ. დახმარების პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება ისეთი ფორმით, რომ მსხვერპლებს გაეწევათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ასევე - მატერიალური დახმარება რესპუბლიკის პირველი კონფლიქტის მსხვერპლებისა და მათ ოჯახის წევრების სასარგებლოდ. 

როგორც მოთხოვნილი იყო გამგეობის მიერ, ნდობის ფონდი პირველად განიხილავს იმ ზიანს, რაც მიადგა ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ბემბას საქმეში. ამის შემდეგ ფონდი უკვე განიხილავს იმ ზიანს, რაც მიადგათ დამატებით სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პირველ კონფლიქტში. 

გამგეობამ დამატებით დაავალა სამდივნოს, კონსულტაცია დაეწყოთ ბემბას საქმის მსხვერპლთა იურიდიულ წარმომადგენლებთან, ასევე - რეპუბლიკის ხელისუფლების კომპტენტურ წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა საერთაშორისო მოთამაშეებთან. 

2013 წელს ნდობის ფონდმა თითქმის დაიწყო დახმარების პროგრამა ქვეყანაში სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლების დასახმარებლად, მაგრამ აქტივობები შეწყდა და შემდეგ გაუქმდა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. 

2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ, ნდობის ფონდმა განახორციელა ორი ვიზიტი აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში 2018 წლის ივლისსა და სექტემბერში, სადაც გამართა კონსულტაციები მსხვერპლებთან, შეხვდა ადგილობრივ და საერთაშორისო აქტორებს ბანგუიში, ასევე - ხელისუფლების და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს. ფონდი საგანგებო ყურადღებას აქცევს მსხვერპლთა ზიანისა და საჭიროების შეფასებას, ისევე როგორც უსაფრთხოების მდგომარეობის ახალ შეფასებას, დახმარების პროგრამის განახლების მიზნით. 

ხელმისაწვდომი თანხების ხელახლა გამოყოფით, ფონდმა გადაწყვიტა, 2018 წლის ივნისში დაედგინა საწყისი კაპიტალი 1 მილიონი ევროს ოდენობით დახმარების პროგრამისთვის და ამჟამად მუშაობს დამატებითი თანხების მოძიებაზე, რათა გაიზარდოს პირველადად გამოყოფილი თანხები. 

საქართველო

ნდობის ფონდი მონაწილეობდა საქართველოში ერთობლივ მისიაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილ რეგისტრატორთან, ჰერმან ვონ ჰებელთან და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად 2017 წლის 2-6 ოქტობერს. შიდა ინსტიტუციური მისიის მიზანი იყო სასამართლოს, ნდობის ფონდის და სასამართლოს სხვადასხვა ორგანოების როლის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ფონდმა პირველი შეხვედრები და დიალოგი გამართა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის - მსხვერპლთა ჯგუფებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხელისუფლების წევრებთან. ერთობლივმა მისიამ საშუალება მისცა ფონდს, უკეთ გაეგო ქვეყნის კონფლიქტის შესახებ არსებული სიტუაცია, ასევე - ინფორმაცია მიეღო მსხვერპლთა საჭიროების შესახებ და შეესწავლა დახმარების პროგრამის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობა. ფონდი ამ ეტაპზე ატარებს სამაგიდო კვლევას დაინტერესებული მხარეების მონაცემების ანალიზისა და არსებული პროგრამების საფუძველზე, სწავლობს საჭიროებებსა და ხელმისაწვდომ რესურსებში ხარვეზებს. ფონდი ვარაუდობს, რომ ჩაატარებს კიდევ ერთ მისიას სამაგიდო კვლევის დასრულების შემდეგ. 

ორიგინალი
 

gcicc
The Hague