საქმიანობა

საქართველოს კოალიცია თავისი საქმიანობით ცდილობს, ხელი შეუწყოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებისათვის (გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და აგრესია) პასუხისმგებლობის დამკვიდრებას და ამგვარ დანაშაულთა მსხვერპლთათვის რეპარაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობას როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. 
 

საქართველოს კოალიციის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: 

  1. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების დოკუმენტირება; 
  2. სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულთა დაზარალებულების ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;
  3. ჰააგის სასამართლოს და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება დაზარალებულ თემსა და საზოგადოებაში
  4. ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა და არსებული გამოწვევების ადვოკატირება 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების დოკუმენტირება

საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები აწარმოებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას მიკუთვნებული დანაშაულების იდენტიფიცირებას და მათ შემდგომ დოკუმენტირებას. 

ამ მიმართულებით კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დოკუმენტირება განახორციელეს. კონფლიქტის ცხელი ფაზის დასრულებისთანავე ორგანიზაციების წარმომადგენლები დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ჩავიდნენ, გამოკითხეს დევნილები მათი ან მათი ოჯახის წევრების/ახლობლების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან და განცდილ ზიანთან დაკავშირებით. დოკუმენტირების შედეგები აისახა ანგარიშში „აგვისტოს ნანგრევებში“. 2010 წელს აღნიშნული ანგარიში, რომელიც 1055 დაზარალებული ადამიანის ისტორიას აერთიანებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს გაეგზავნა. 

იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი გაცილებით დიდი იყო, 2018 წელს კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა კვლავ განახორციელეს ვიზიტი დევნილთა დასახლებებში. ვიზიტის შედეგად ჯამში 2417 დევნილი ოჯახი გამოიკითხა კონფლიქტის დროს მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირების მიზნით. შედეგები აისახა 2019 წელს გამოცემულ ანგარიშში „10 წელი აგვისტოს ომიდან - დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“. 

სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულთა დაზარალებულების ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთნენ დაზარალებულთა დახმარებაში. შედეგად, კოალიციის წევრი ორგანიზაციები ომის შედეგად დაზარალებულთა ინტერესებს წარმოადგენენ ეროვნულ დონეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. 

2008 წლის ომის შემდეგ წევრმა ორგანიზაციებმა ეროვნულ დონეზე გაუწიეს უფასო სამართლებრივი დახმარება დევნილ პირებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, წევრი ორგანიზაციები წლების მანძილზე წარმოადგენენ დევნილთა ინტერესებს საგამოძიებო ორგანოების წინაშე, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებზე აწარმოებენ გამოძიებას და ახორციელებენ წარმოებული გამოძიების მონიტორინგს. დამატებით, საჭიროების შემთხვევაში, წევრი ორგანიზაცია (GCRT) დაზარალებულ პირებს უწევს შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას. 

ომის შემდეგ წევრი ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებოდნენ საქართველოსა და რუსეთში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გამოვლენილი პასიურობის გათვალისწინებისა და დაზარალებულთათვის მართლმსაჯულების აღსრულების მიზნებისთვის, წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს და რუსეთის ფედერაციის სათანადო უწყებებს ჩაეტარებინათ ეფექტიანი გამოძიება სამართლიანობის და დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის აღდგენის მიზნით. 2012 წელს კი წევრმა ორგანიზაციებმა სასამართლოს პროკურორის ოფისს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს

2015 წლის ბოლოს საქართველოს კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა ჰააგის სასამართლოს წინა-სასამართლო პალატის წინაშე, ჯამში 1000 დაზარალებულის სახელით წარმომადგენლობითი ფორმები გააგზავნეს. აღნიშნული ფორმების მეშვეობით დაზარალებულებმა დააფიქსირეს საკუთარი აზრი გამოძიების დაწყების შესახებ. 
2008 წლის ომის შემდეგ მალევე წევრმა ორგანიზაციებმა დაზარალებულ დევნილთა სახელით ასევე, მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე არ მომხდარა ომის დროს დაზარალებულ პირთა დარღვეული უფლების და სამართლიანობის აღდგენა და ამავდროულად, საერთაშორისო სასამართლოებში პროცესები კვლავ მიმდინარეობს, წევრი ორგანიზაციები აგრძელებენ აგვისტოს ომის დაზარალებულთა ინტერესების წარმოდგენასა და მათი უფლებების დაცვას. 

ჰააგის სასამართლოს და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება დაზარალებულ თემსა და საზოგადოებაში

კოალიციის წევრი ორგანიზაციები ახორციელებენ დაზარალებული თემისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, სასამართლოს როლისა და მანდატის, დაზარალებულთა უფლებებისა და სასამართლოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცესებში მათი მონაწილეობის, გამოძიებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და სიახლეების, სასამართლოს მიერ სხვა ქვეყნებში განხორციელებული და მიმდინარე გამოძიებების შესახებ. აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება დაზარალებულებთან და საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრების გამართვის, საინფორმაციო მასალების მომზადებისა და გავრცელების, საჯარო განცხადებების, ანგარიშების მომზადებისა და გავრცელების გზით. 

2018 წელს კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა მოამზადეს ბროშურა „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება“. ბროშურაში განმარტებულია სასამართლოს და მისი ორგანოების საქმიანობის, როლის და მანდატის შესახებ. ასევე, აღწერილია, თუ რა ტიპის დანაშაულებს იძიებს ჰააგის სასამართლოს პროკურატურა საქართველოს სიტუაციასთან მიმართებით და როგორია გამოძიების ფარგლები. 

დაზარალებულ თემში ცნობიერების ამაღლების კუთხით, კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა 2018 წლის მარტიდან ამავე წლის აგვისტოს ჩათვლით განახორციელეს ვიზიტები 36 დევნილთა განსახლების ადგილში, სადაც საჯარო და ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს დაზარალებულ დევნილებთან და მათ მიაწოდეს ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს და სასამართლოს პროკურორის მიერ საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ. 

ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა და არსებული გამოწვევების ადვოკატირება 

კოალიციის წევრი ორგანიზაციები დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, აქტიურად თანამშრომლობენ ჰააგის სასამართლოს და მისი ორგანოების წარმომადგენლებთან და ეხმარებიან მათ დაზარალებულებთან კომუნიკაციაში. ამავდროულად, კოალიციის წევრი ორგანიზაციები სასამართლოს ორგანოებს მათ შორის, შეხვედრების და განცხადებების გზით, აწვდიან ინფორმაციას დაზარალებულთა საჭიროებების შესახებ და ახორციელებენ ადვოკატირებას იმ პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობის მიზნით, რასაც დაზარალებული პირები განიცდიან, მათ შორის, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების კუთხით.  

ამავდროულად, კოალიციის წევრი ორგანიზაციები ამოწმებენ, თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობს თავად სასამართლო და მისი ორგანოები საქართველოს კონტექსტში და გარკვეული პრობლემების იდენტიფიცირების შემთხვევაში, აწვდიან მათ შესაბამის ინფორმაციას და რეკომენდაციებს არსებული გამოწვევების გასაუმჯობესებლად. 

კოალიციის წევრი ორგანიზაციები ასევე აკვირდებიან ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებს წევრი ორგანიზაციები სხვადასხვა შეხვედრებში მონაწილეობის თუ განცხადებების გზით აყენებენ პასუხისმგებელი ორგანოების წინაშე დაზარალებულთა უფლებების დაცვისა და ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობის მიზნით. 

წევრ ორგანიზაციათა წარმომადგენლების აქტიური ძალისხმევის შედეგად 2017 წლის ბოლოს საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადგილობრივი ოფისი გაიხსნა, რომლის ძირითად სამუშაო მიმართულებას ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს. კოალიციის წევრი ორგანიზაციები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ ოფისთან, მათ შორის, ადგილობრივი ოფისის რეგულარულ შეხვედრებში მონაწილეობით და დაზარალებულებთან დაკავშირებით ინფორმაციის ურთიერთგაცვლით.