სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ უფლებამოსილების შესრულების დაწყებისთანავე განაცხადა, რომ აუცილებელი იყო სასამართლოს ნარატივში ასახულიყო მძიმე დანაშაულების მსხვერპლთა მდგომარეობა. „კრიტიკას როცა ვისმენ ამ ე.წ. აფრიკასთან ბმის შესახებ, ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ ვჩქარობთ, ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე ძალაუფლების მქონე, გავლენიანი პირის სიტყვებსა და პროპაგანდაზე და ვივიწყებთ მილიონობით ანონიმურ ადამიანს, რომლებიც დანაშაულების გამო იტანჯებიან“. „მე მსხვერპლებზე ორიენტირებული ადამიანი ვარ. მე მომწონს, როდესაც მსხვერპლებმა იციან, რომ მათი ხმა ისმის და ამას ვხედავ“, - დასძინა მან.
მსხვერპლთა მონაწილეობა ეჭვგარეშედ არის მართლმსაჯულების მისაღწევად საჭირო მთავარი ელემენტი. ყველას ყურადღება ახლა მიქცეულია უგანდასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე, რადგან ემზადებიან დომინიკ ონგვენის სასამართლო პროცესებისთვის.
დაადასტურებს თუ არა ონგვენის საქმე სასამართლოს მიმართ სკეპტიკოსების ეჭვებს და გამოაჩენს სასამართლოს უუნარობას, რომ ჩაატაროს სამართლიანი სასამართლო, რომლის მიზანია, პრიორიტეტი მიანიჭოს მსხვერპლებს და მათ საჩივარს? თუ ონგვენის პროცესი შეძლებს, მოახდინოს სასამართლოს რეპუტაციის რეაბილიტაცია არა მარტო სამართლის ექსპერტებისთვის, არამედ მსხვერპლებისა და მათი თემების წარმოდგენაში, ვინც უკმაყოფილო დარჩა წარსულში სასამართლოს საქმიანობით?
სასამართლოს საქმიანობის პირველი ათი წელი შორს იყო საუკეთესო პრაქტიკისგან. მას აკრიტიკებენ, რომ მიკერძოებული იყო საქმეების არჩევაში და სათანადოდ ვერ იძიებდა უკვე არჩეულ საქმეებს. ასევე - ვერ უზრუნველყოფდა მოწმეთა დაცვას და ჰქონდა სუსტი საპროკურორო სტრატეგია. ერთი მხრივ, ყველა ეს ხარვეზი სასამართლოს რეპუტაციას ულახავდა, მეორე მხრივ კი, ეს იყო შესაძლებლობა, რომ შეცდომებზე ესწავლა და აღებული კურსი შეეცვალა. სასამართლოს პირველი საქმე თომას ლუბანგას წინააღმდეგ, რომელიც 2011 წელს დასრულდა, განსაკუთრებით წარმოადგენდა მაგალითს, თუ რა მუშაობდა და რა არ მუშაობდა აფრიკულ კონტექსტში საერთაშორისო დანაშაულების წინააღმდეგ სამართალწარმოებისას.
სასამართლო განხილვებში მსხვერპლთა მონაწილეობასთან რელევანტური ასპექტების გათვალისწინებით, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც მოსამართლეებმა ლუბანგას საქმიდან უნდა გამოიყენონ ონგვენის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას.
გამოწვევა #1. ვიწრო ბრალდებები
ლუბანგას საქმის მიმართ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა იყო პროკურატურის მიერ ბრალდების შერჩევა, რომელიც ფოკუსირდა მხოლოდ ჯარისკაცი ბავშვების ძალდატანებით ომში გაწვევაზე და გამორიცხა სხვა მრავალი ომის დანაშაული. სასამართლო განხილვების პერიოდში, მოწმეები მუდმივად საუბრობდნენ გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაზე, მაგრამ ეს ქმედებები არ შევიდა საბოლოო განაჩენში, ვინაიდან არ იყო ნახსენები ლუბანგას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში. მცდელობა, რომ ბრალდება გაფართოებულიყო და მასში შესულიყო სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობა, უარყო სასამართლომ, რაც მსხვერპლთა ჯგუფებისა და მათი ადვოკატების უფლებების უხეში დარღვევაა.
მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიგოს, რომ ბრალდების სტრატეგია არის კომპლექსი, რომელიც ინარჩუნებს ბალანსს „სამტკიცებელ“ და „რეალურად მომხდარ“ ქმედებებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ იდეალურ სიტუაციაში, სისხლის სამართლის პროცესებმა უნდა ასახოს სავარაუდო დანაშაულების მთელი სპექტრი, ეს ნამდვილად იშვიათად ხდება. ლუბანგას სასამართლო პროცესებზე ბრალდების გუნდი იყო ზეწოლის ქვეშ, რომ მას უნდა წარედგინა ბრალდება იმ დანაშულებისთვის, რაზეც ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულებები და შეძლებდნენ ძლიერი ბრალდების აგებას.
ლუბანგას საქმემ ნათელი მოჰფინა იმ თავდაპირველ დილემას, რომლის წინაშეც იდგა სასამართლო: უმჯობესია, სასამართლოში წარდგენილი იყოს სოლიდური საქმეები შეზღუდული ბრალდებებით თუ პროკურორს მოუწევს დაელოდოს, ვიდრე სათანადო მტკიცებულებები შეგროვდება, რომელიც ასახავს სავარაუდო დანაშაულების ფართო სპექტრს?
ფართო სპექტრის ბრალდებების მტკიცება იწვევს როგორც მტკიცებულებების სირთულეს, ასევე - გამოძიების გაჭიანურებას. სასამართლოს სამართლიანად აკრიტიკებენ, რომ წარმოებას იწყებს სუსტ საქმეებზე და აგებს მათ, ვინაიდან ძნელია კარგი მტკიცებულებების მოპოვება. უფრო მეტიც, გამოძიების გაჭიანურებულმა ხასიათმა შეცვალა წარმოდგენა სასამართლოზე მსხვერპლთა თვალში და მათ თემში, რადგან ბევრი მათთთვის ძვირფასი ადამიანი გარდაიცვალა სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში.
დღესაც, ზოგიერთი ადვოკატი ამტკიცებს, რომ მოძალადეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებების წარდგენის დეკლარაციულ ხასიათს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ცალკეული სამართალწარმოების წარმატების თუ კრახის მიღმა. თუმცა, სასამართლოს შემაკავებელი როლი ეყრდნობა მის უნარს, გააანალიზოს სასტიკ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა და დასაჯოს დამნაშავეები. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ იმედი ვიქონიოთ, რომ ონგვენის საქმე, გაუმჯობესებული მოსამზადებელი სამუშაოები და ამ დინამიკის უკეთესი ცოდნა საბოლოოდ მიგვიყვანს ისეთ შედეგამდე, როგორიც მისაღები იქნება უფრო მეტი დაინტერესებული მხარისთვის.
გაკვეთილი # 1. წინასასამართლო ჩართულობა
ლუბანგას საქმის დამკვირვებლებმა ნახეს, რომ წინასასამართლო ფაზა მსხვერპლებისთვის და მათი თემისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა, რათა გავლენა მოახდინონ პროცესზე. იურიდიული სტრატეგიების ეს ინტერნალიზაცია მნიშვნელოვანი უპირატესობაა სასამართლოს წინაშე წარდგენილი მომდევნო საქმეებისთვის, როდესაც მსხვერპლებს და მათ თემს ადრეულ ეტაპზევე შეუძლიათ მობილიზაცია, რათა მოხდეს პროცესის სწორად ინფორმირება, ვიდრე ბრალდებები დადასტურდება.
მეორე მნიშვნელოვანი გაკვეთილია ის, რომ პროკურორებმა მაქსიმალურად სცადონ, წარადგინონ ისეთი ტიპის ბრალდებები, რომლებიც ადეკვატურად ასახავს მსხვერპლთა მიმართ ჩადენილ ყველა დანაშაულს. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო განხილვების დაწყებამდე პროკურატურას მოუწევს, მჭიდროდ ითანამშრომლოს მსხვერპლთა ჯგუფებთან და სრულად გაიაზროს სავარაუდო დანაშაულების მასშტაბები. გარდა ამისა, საჭიროა, სასამართლომ შეიმუშავოს ნათელი სახელმძღვანელო პრინციპები, რითაც დადგინდება ბრალდების წარდგენისთვის საჭირო მტკიცებულებების ზედა ზღვარი. ასე თავიდან აიცილებს სუსტ საქმეებს, რაც აზიანებს სასამართლოს სანდოობას.
ონგვენის საქმეში, რომელსაც ამჟამად განიხილავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, პროკურატურამ უკვე გადადგა ნაბიჯები, რათა გააუმჯობესოს ურთიერთობა მსხვერპლთა ჯგუფებთან და თემებთან. აღსანიშნავია სასამართლოს მიერ მსხვერპლთა ჯგუფებთან წარმოებული კონსულტაციები - გადაიდოს სასამართლო განხილვის თარიღი კიდევ ექვსი თვით, დამატებითი საგამოძიებო ქმედებების ჩასატარებლად. ამან საშუალება უნდა მისცეს მსხვერპლთა ჯგუფებს, ადრე დაასრულონ თავიანთი საადვოკატო საქმიანობა და გავლენა მოახდინონ ბრალდების ზომაზე, ვინაიდან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამომავლოდ ისინი კვლავ შეძლებენ ახალი ბრლადებები დაემატოს საქმეს, თუ სასამართლო დაიწყებს წარმოებას. მსხვერპლთა ჯგუფებისთვის იოლი არ იქნება მიაღწიონ იმას, რომ სასამართლომ ადეკვატურად უპასუხოს მათ პრიორიტეტებსა და წუხილს. მაგალითად, ბოლო დროს უგანდას მსხვერპლთა ფონდის მიერ წარდგენილი აპლიკაცია სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ამის მიუხედავად, ეს არის ლუბანგას საქმიდან წინ გადადგმული ნაბიჯი და ჯერ კიდევ არის დრო მსხვერპლთა ჯგუფებისთვის, რათა მოამზადონ თავიანთი ადვოკატირება და გავლენა მოახდინონ საქმეზე, ვიდრე განხილვა დაიწყება.
გამოწვევა #2: მსხვერპლთა მონაწილეობა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინოვაცია არის მუხლი 68(3), რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა მონაწილეობას სასამართლო განხილვებში. ამ დებულებამ წარმოშვა მნიშვნელოვანი მოლოდინი მსხვერპლთა ჯგუფებს შორის. ისინი სასამართლოს ენდობიან და იმედით შეჰყურებენ. ეს მაშინ, როცა ადგილობრივ მართლმსაჯულებას არ აღმოჩნდა არც შესაძლებლობა და არც სურვილი, რომ აღედგინა სამართლიანობა. მსხვერპლები მაინც რჩებოდნენ მუდმივად ჩრდილში და ჰააგაში მათი ჩართულობა ისევ გამოწვევების წინაშე იყო.
ლუბანგას საქმის სასამართლო განხილვების დროს მსხვერპლებმა გამოთქვეს იმედგაცრუება სასამართლო პროცესის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. პროცესი 2.5 წელი გაგრძელდა, ვიდრე სასამართლო განაჩენს გამოიტანდა. დროთა განმავლობაში, მსხვერპლები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ფაქტების მოძიებისა და სიმართლის დადგენის მისიებში, სასამართლო განხილვებით იმედგაცრუებულები და გულგატეხილები დარჩნენ. ასევე, ისინი, ვინც შეძლო განხილვებში მონაწილეობა, დაექვემდებარნენ განმეორებით შეფერხებას, რაც დაკავშირებული იყო ბრალდების კრახთან - სათანადოდ წარმოედგინათ მტკიცებულებები. აღნიშნული შეფერხებებიც დაემატა ბევრი მსხვერპლის აღშფოთებას და წუხილს, რაც მათ განიცადეს, როგორც პირველმა მოწმეებმა.
გაკვეთილი # 2: კომუნიკაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სასამართლოს მონიტორინგი
აქამდე მრავალჯერადი კორექციული ზომებია მიღებული, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განხილვებში მსხვერპლთა ჩართულობა შინაარსიანი გახდეს. ეს მოიცავს მსხვერპლთა და მოწმეთა განყოფილების კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციების გაუმჯობესობას და სასამართლოს წინაშე მსხვერპლების ჩართულობის მოდალობასთან დაკავშირებულ იურისპრუდენციას. საბოლოოდ, სასამართლოს განხილვებში მონაწილე პირველი მსხვერპლების წინაშე მდგარმა გამოწვევებმა გამოკვეთა საჭიროება, რომუზრუნველყოფილი იყოს პლატფორმები და შესაძლებლობები მსხვერპლებისთვის, რათა პროცესებში უფრო შინაარსობრივად ჩაერთონ.
მაგალითად, ონგვენის საქმეში იყო დისკუსია, რომ სასამართლო პროცესები გამართულიყო უგანდაში მსხვერპლებთან და დაზარალებულ მოსახლეობასთან ახლოს და შესაძლებლობა მიეცათ უფრო მეტი დაინტერესებული მხარისთვის, ჩართულიყვნენ პროცესში. ადგილზე ჩატარებული სასამართლო პროცესები სერიოზულ გამოწვევებს ქმნის რესურსის, ლოჯისტიკისა და მოწმეთა დაცვის თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ეს პროცესები ასრულებენ სასამართლოს ფუნდამენტურ პირობას, რაც დადგინდა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიერ, რომლებიც აკმაყოფილებენ მსხვერპლთა მოლოდინებსა და მისწრაფებებს. ადგილზე გამართული განხილვების გამოწვევები, შესაძლოა, ღირდეს ამ ძალისხმევად, თუ ის დაეხმარება სასამართლო პროცესების ლეგიტიმაციას და სამართლიანობის აღდგენას.
მეორე შესაძლებლობა, პირდაპირ ჩაერთონ მსხვერპლები და მათი თემები ჰააგაში გამართულ სასამართლო განხილვებში, არის ის, რომ ფასილიტაცია გაუწიო შორეულ სასამართლო მონიტორინგს და შექმნა პლატფორმები მსხვერპლთა ჯგუფებისთვის. ამ გზით ისინი შეძლებენ თავიანთი პერსპექტივების გაზიარებას იმ პროცესების შესახებ, რომლებიც იმართება იმ ადგილიდან შორს, სადაც მძიმე დანაშაულები მოხდა.
გამოწვევა# 3. შუამავლების პრობლემატური როლი
ლუბანგას საქმე, ალბათ, ყველაზე არაპოპულარულია იმით, რომ ყურადღება გამახვილდა შუამავლების ცენტრალურ როლზე (არასამთავრობო ორგანიზაციები, ადვოკატები, ჟურნალისტები და თემის ლიდერები), რითაც სასამართლო დაუკავშირდა დაზარალებულ მოსახლეობას. სასამართლო განხილვებისას ლუბანგას დაცვის მხარემ ბრალდება დაადანაშაულა ქვეკონტრაქტების დადებაში შუამავლებთან, რომლებიც, თავის მხრივ, უხდიდნენ მოწმეებს თანხას, რომ სასამართლოში ცრუ ჩვენებები მიეცათ. დაცვის მხარე დავობდა, რომ შუამავლები სუსტად იყვნენ წარმოდგენილი და ამის გამო ისინი იყვნენ არასანდო გამომძიებლები. ამგვარად, ნათელი გახდა, რომ შუამავლები იყვნენ სასამართლოს მუშაობის ნაწილი, რომლებსაც, სავარაუდოდ, არ შეეძლოთ საკმარისი მოწმეების წარმოდგენა მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში და შორეულ რეგიონებში.
გაკვეთილი # 3: არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმძღვანელო პრინციპები
მესამე მხარის როლი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში და ბრალდებაში ნელ-ნელა გახდა შიდა სამუშაო ჯგუფის ფოკუსი, რომლის დავალება იყო ნათელი სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება სასამართლო განხილვებში შუამავლების როლის შესახებ. სახელმძღვანელო პრინციპები გადიან მოდიფიკაციის საბოლოო ეტაპს და მოსალოდნელია, რომ წელს ეს პროცესი დასრულდება. იმედია, ეს სახელმძღვანელო პრინციპები მოახდენს შუამავლების მუშაობის ფასილიტაციას და გააუმჯობესებს სასამართლოს წინაშე არსებული საქმეების ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.
დასკვნა
ლუბანგას სასამართლოს ბოლო გაკვეთილი არის მემკვიდრეობის გარედან განხილვა. ეს მოიცავს სასამართლოს სხვადასხვა ფაზების კონცეპტუალიზაციას ყველა დაინტერესებულ მხარეზე განგრძობითი გავლენის გათვალისწინებით, მათ შორის არიან: მსხვერპლები, შუამავლები, იურისტები. ასევე, გასათვალისწინებელია ჩატარებული სასამართლოების ეროვნული და რეგიონული კონტექსტი. უგანდის კონტექსტში, სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარე პროცესები შეუძლებელია, გამოიყოს ადგილზე მიმდინარე სამშვიდობო, სიმართლის დამდგენი, სამართლიანობის აღდგენის, რეპარაციისა და შერიგების მიზნით მიმდინარე დებატებისგან.
ზემოთხსენებული სხვადასხვა ჩართულობის მექანიზმები უზრუნველყოფენ საშუალებას, რომ სასამართლო განხილვები ჩატარდება ჰააგაში და ისინი არ იქნება დაშორებული უგანდაში არსებულ რეალობასთან. ამავე დროს, მსხვერპლებსა და მათ თემებს ექნებათ გაზრდილი შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ პროცესზე და უზრუნველყონ უკუკავშირი.
ეს პუბლიკაცია არის აფრიკასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ გამომცემლობის მიერ მომზადებული პუბლიკაციების სერიების ნაწილი. მიადევნეთ თვალი დისკუსიას www.humanityunited.org/icc_series/.