შესავალი
რომის წესდების ერთ-ერთი მთავარი ინოვაციაა, დაზარალებულის როლი მოწმის სტატუსიდან შეიცვალოს პროცესის ერთ-ერთ ავტონომიურ მონაწილედ, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ დამადანაშაულებელი ან გამამართლებელი მტკიცებულებების უმეტესობას სასამართლო პროცესებზე. ისინი მხარს აღარ უჭერენ პროცესის ერთ-ერთი მხარის მიერ განვითარებულ თეზისს, კერძოდ - ბრალდების ან დაცვის მხარის პოზიციას, როგორც ეს ტრადიციულად აღიქმებოდა. ამის ნაცვლად ისინი წარმოადგენენ „საკუთარ აზრებსა და წუხილებს“ დამოუკიდებლად, იმ უფლებებისა და ვალდებულებების სარგებლობის ფონზე, რომლებიც გამომდინარეობს მათი პროცესებში მონაწილის სტატუსიდან.
დაზარალებულები ასახელებენ უამრავ მიზეზს, თუ რატომ ითხოვენ სამართალს. სიმართლის დადგენის უფლება მართლმსაჯულების აღდგენის ერთ-ერთი კომპონენტია. ამ მხრივ, დაზარალებულთა მთავარი ინტერესი - მოხდეს ფაქტების დადგენა და დამნაშავეთა იდენტიფიცირება, თავის მხრივ, არის სიმართლის დადგენის უფლების ამოსავალი წერტილი, რომელიც აღიარებულია დაზარალებულთა სასარგებლოდ, ვისაც კი სხვადასხვა უფლებები დაერღვა. სისხლის სამართლებრივი დევნის საშუალებით, ამ უფლებების დაცვის პროცესში დაზარალებულების მთავარი ინტერესია სასამართლო განხილვების შედეგი, რომელმაც შუქი უნდა მოჰფინოს რეალურად მომხდარს და შეავსოს ის უფსკრულები, რაც შეიძლება, არსებობდეს პროცედურულ მიგნებებსა და სიმართლეს შორის.
დაზარალებულთა საურვილია, წვლილი შეიტანონ სიმართლის ძიებასა და დადგენაში. ეს პროცესი გულისხმობს: ხმის ამოღებას, იმ მოვლენების სხვებისთვის გაზიარებას, რაც გადახდათ თავს, იმ ზიანის აღიარებას, რაც მათ მიადგათ და ასევე, იმდანაშაულთა დადასტურებას, საიდანაც მომდინარეობდა ეს ზიანი.
რეპარაციის უფლებაც სამართლიანობის აღდგენის უფლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მონაწილეობის პროცესს ნამდვილად აქვს შვების მომცემი და ჯანსაღი ხასიათი ადამიანურ დონეზე, ისევე, როგორც აღმდგენი უნარი ოჯახის, სოციუმის და თემის დონეზე. დაზარალებულების არჩევანი - მონაწილეობა მიიღონ პროცესებში, არის უპირველესი ინდივიდუალური ნაბიჯი, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, ძირითადად - ადვოკატის საშუალებით, გადმოსცენ საკუთარი გამოცდილება და ცოდნა იმ მოვლენებისა, რაც მოხდა. ასევე, აღნიშნული არჩევანი ხშირად არის გაერთიანებული თემების, მეზობლებისა და ოჯახების კოლექტიური ნაბიჯი.
დაზარალებულებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ისე გადმოსცენ ფაქტები, რომ დამნაშავეთა დასჯით მოხდეს შერიგების მიღწევა, სამართლიანობის აღდგენა და რწმენის განმტკიცება, რომ მათი სიმამაცე მაგალითად გამოდგება მსგავსი „საერთაშორისო საზოგადოებისთვის აღმაშფოთებელი“ დანაშაულების პრევენციისთვის [რომის წესდების პრეამბულა].
ჰააგის სასამართლოს წინაშე ჩატარებული პირველი პროცესი (ლუბანგას საქმე) ცხადყოფს, რომ სამართლიანობა აღელვებს დაზარალებულებს და ისინი ელიან ფრთხილ, დამოუკიდებელ, სამართლიან, გამჭვირვალე, ეფექტურ და ფხიზელ მართლმსაჯულებას, რომელიც იცავს, აღადგენს და შეუძლია, დაადგინოს სიმართლე იმ დანაშაულებზე, რაც მოხდა.
ლუბანგას პროცესები და მისი გავლენა მსხვერპლებზე
2012 წლის 14 მარტს სასამართლოს პირველმა პალატამ გამოიტანა განაჩენი თომას ლუბანგა დიილოს საქმეზე. ლუბანგა დამნაშავედ სცნეს 15 წლამდე ბავშვების იძულებით ომში გაწვევასა და საომარ მოქმედებებში აქტიურ ჩართვაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის იტურის რეგიონში, 2002 – 2003 წლებში. 2012 წლის 10 ივლისს, ლუბანგას 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა [კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საქმე, პროკურორი თომას ლუბანგა დიილოს წინააღმდეგ ICC-01/04-01/06-2842, განაჩენი თანხვედრაში მოდის წესდების 74-ე მუხლთან, სასამართლოს პირველი პალატა, 2012 წლის 14 მარტი].
სასამართლოს განაჩენით, პირველად სცნეს დამნაშავედ შეიარაღებული ფორმირების ლიდერი იმ დანაშაულებში, რაც ჩადენილია კონგოში. საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვ ჯარისკაცებთან დაკავშირებული იურისპრუდენციის განვითარებისთვის. ის ემყარება სხვა ტრიბუნალების შესაბამის გადაწყვეტილებს და აწესებს ბავშვი ჯარისკაცების გამოყენების აკრძალვის მაღალ სტანდარტს. ის გამოიყენება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მაგალითად ბავშვების ოჯახები, ასევე, ასრულებდნენ „არაპირდაპირ როლს“ (ვინც იძულებული იყო, ყოველდღიურად განეხორციელებინა ისეთი საქმიანობები, რომელიც არ მოითხოვდა მაინცდამაინც იარაღის გამოყენებას ან ბრძოლას). იმ საფრთხის შეფასებისას, რომლის წინაშეც ბავშვი დგება, მოსამართლეებმა განმარტეს შემდეგი: „ბავშვების დახმარებაც და აქედან გამომდინარე - რისკიც გულისხმობდა, რომ ბავშვები შესაძლოა, აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართული საომარ მოქმედებებში მაშინაც კი, როცა ისინი შორს იმყოფებოდნენ ბრძოლის ველიდან“ [კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საქმე, პროკურორი თომას ლუბანგა დიილოს წინააღმდეგ ICC-01/04-01/06-2842,op. cit., პარაგრაფი 1355 – 1356].
განაჩენი მნიშვნელოვანი ნაბიჯია დამნაშავეთა დასასჯელად, 15 წლამდე ბავშვების ომში იძულებით გაწვევისა და საომარ მოქმედებებში მათი ჩართვის გამო. ამავე დროს, ამ განაჩენს აკრიტიკებენ ზედმეტად ვიწრო ფოკუსის გამო. კერძოდ, სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის დანაშაულები არ შევიდა ლუბანგას წინააღმდეგ წარდგენილ ბრალში. არადა, ფაქტობრივი მტკიცებულები არსებობდა, რომ ასეთი დანაშაულები ჩადენილი იყო არასრულწლოვნების ომში გაწვევის პროცესში, რომლის შესახებ ჩვენებებიც მისცეს მოწმეებმა სასამართლო პროცესებზე და დაადასტურეს, რომ მსგავსი ფაქტები ნამდვილად მოხდა. ეს გარემოება, სულ მცირე, შეუთავსებელია ბოლო დროს გააქტიურებულ შეფასებასთან, რომ ქალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და უფლებების დარღვევის ფაქტები არა მხოლოდ ომის შედეგია, არამედ ეს არის მიზანმიმართული მეთოდი/საშუალება.
სექსუალური და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების ბრალიდან გამორიცხვამ უკმაყოფილება გამოიწვია დაზარალებულებში, რომლებიც თვლიდნენ, რომ ბრალდების საქმემ სრულად არ გაითვალისწინა, რა გადაიტანეს მათ და რა მასშტაბების დანაშაულების მსხვერპლი გახდნენ. ამის ნაცვლად, პროკურატურის არჩევანმა - ბრალდებულისთვის არ წარედგინათ ბრალი გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებში, შეასუსტა დაზარალებულთა შანსები, მოეთხოვათ მიღებული ზარალის რეპარაცია. ეს იმ დროს, როცა საერთაშორისო დონეზე მართლმსაჯულება მოითხოვს გენდერულად სენსიტიური რეპარაციების სქემების განხორციელებას.
2012 წლის 7 აგვისტოს, სასამართლოს პირველმა პალატამ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რითაც დაადგინა რეპარაციის პრინციპები და პროცედურები. მოსამართლეები აღნიშნავდნენ რეპარაციის ორ მიზანს: 1. დაევალოს დამნაშავეებს, „აანაზღურონ ის ზარალი“, რაც მიაყენეს დაზარალებულებს, 2. „უზრუნველყოფილ იქნას დამნაშავეთა მიერ საკუთარ ქმედებაზე პასუხისგება“ [კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საქმე, პროკურორი თომას ლუბანგა დიილოს წინააღმდეგ ICC-01/04-01/06-2842,op. cit., პარაგრაფი179].
პალატამ საჭიროდ არ მიიჩნია, შეზღუდულიყო რეპარაციის პროცედურების პროცესში და თავი შეიკავა, რეპარაციის ორდერი გამოეცა ლუბანგას წინააღმდეგ, მისი ფინანსური უუნარობის გათვალისწინებით. ამის ნაცვლად, პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რეპარაცია მომხდარიყო მსხვერპლთა ნდობის ფონდის „საშუალებით“ და დაავალა ფონდს, ორმაგი მანდატით „დაედგინა რეპარაციის შესაბამისი ფორმები და განეხორციელებინა ისინი“ [კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საქმე, პროკურორი თომას ლუბანგა დიილოს წინააღმდეგ ICC-01/04-01/06-2842,op. cit., პარაგრაფი 266].
ამ მიდგომამ გამოიწვია დაზარალებულთა უკმაყოფილება, რაც გამოწვევა იყო რამდენიმე სარჩელისთვის. კერძოდ, დაზარალებულები კითხულობდნენ - რატომ მიიჩნია სასამართლომ ლუბანგა რეპარაციისთვის უუნაროდ და რატომ დაადგინა პალატამ მხოლოდ რეპარაციის კოლექტიური მიდგომა.
2015 წლის 3 მარტს სააპელაციო პალატამ შეცვალა სასამართლო პალატის გადაწყვეტილება, გამოეცა რეპარაციის ჩასწორებული ორდერი [პროკურორი თომას ლუბანგა დიილოს წინაამღდეგ, სააპელაციო განაჩენი 2012 წლის 7 აგვისტოს „გადაწყვეტილების წინააღმდეგ რომელიც ადგენს რეპარაციის პრინციპებს და პროცედურებს,“ რეპარაციის შეცვლილი ორდერით (დანართი ა) ICC-01/04-01/06-3129, სააპელაციო პალატა, 2015 წლის 3 მარტი („რეპარაციის შეცვლილი ორდერი“ და „სააპელაციო განაჩენი“].
სააპელაციო პალატის ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეპტუალური განმარტება არის მსჯავრდებულის ანგარიშვალდებულების პრინციპის დადგენა მსხვერპლთა მიმართ, რომელიც შეესაბამება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სადამსჯელო მიმართულებას.
სააპელაციო პალატამ აღიარა „ზარალის ანაზღაურების პასუხისმგებლობის პრინციპი“, რომელიც მომდინარეობს დამნაშავის „ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან“. პალატა განმარტავს, რომ დამნაშავის ანგარიშვალდებულება უნდა „გამოიხატოს“ მსჯავრდებულის წინააღმდეგ გამოცემულ ორდერში და მისი ფინანსური პრობლემები არ უნდა იყოს ბარიერი მასზე რეპარაციის პასუხისმგებლობის დაკისრების დროს. ეს მიგნება არის აშკარა გამარჯვება დაზარალებულებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ, მიეღწიათ ანგარიშვალდებულების სამართლებრივი აღიარებისთვის, მსჯავრდებული პირის ფინანსური შესაძლებლობისგან დამოუკიდებლად.
სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა სამართლებრივი განჭვრეტადობის საჭიროებას და გადაწყვიტა, რომ სამართლებრივი რეპარაციის ორდერი უნდა შეიცავდეს სულ მცირე ხუთ „აუცილებელ ელემენტს“. კერძოდ: 1) ორდერი მიმართული უნდა იყოს მსჯავრდებული პირის წინააღმდეგ; 2) ორდერმა უნდა დაადგინოს და აცნობოს მსჯავრდებულ პირს მისი პასუხისმგებლობის შესახებ რეპარაციასთან დაკავშირებით; 3) განმარტოს და წარმოადგინოს მიზეზები დადგენილი რეპარაციების ტიპების შესახებ; 4) ორდერმა უნდა განსაზღვროს დანაშაულების შედეგად მსხვერპლთა მიმართ პირდაპირ და არაპირდაპირ მიყენებული ზიანი, რომელთა გამო ადამიანი არის მსჯავრდებული და ასევე, დაადგინოს რეპარაციების მოდალობები, რომელსაც სასამართლოს პალატა მიიჩნევს გონივრულად განხილული საქმის გარემოებების საფუძველზე; 5) დაადგინოს ის დაზარალებულები, რომლებმაც უნდა ისარგებლონ რეპარაციით ან განსაზღვროს დასაშვებობის კრიტერიუმები დაზარალებულთა ზარალსა და ჩადენილ დანაშაულებს შორის კავშირის დადგენით, რომელთა გამო ადამიანს მიესაჯა სასჯელი [იხ. რეპარაციების ჩასწორებული ორდერი, სააპელაციო განაჩენის დანართი ა, პარაგრაფი 1].
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელს ხდის, რომ მსხვერპლთა მიმართ ანგარიშვალდებულების დადგენა რეპარაციის პროცედურების გავლით შესაძლოა, იყოს თავისთავად უპირატესობა. ის გზავნის ნათელ მესიჯს, რომ სასამართლომ არ უნდა იჩქაროს რეპარაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, არამედ მოუსმინოს დაზარალებულებს და დიდი ყურადღება მიაქციოს მათ ზიანს. ის ასევე ზრდის მონაწილეობითი სამართლის მოდალობას და დაზარალებულთა კონსულტაციის ვარიანტებს რეპარაციების ისეთი სქემების შექმნაში, როგორიც უფრო მეტად შეესაბამება მათ საჭიროებებს.
უცნობია, როგორ შეძლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, გაუმკლავდეს აღნიშნული ახალი ტიპის სამართალწარმოებას. რეპარაციის პროცესებმა შესაძლოა, მოითხოვოს დამატებითი ექსპერტიზა და უნარები, რომელიც ნაწილობრივ განსხვავდება ფაქტების სამართლებრივი განსჯისგან. უფრო მეტიც, რეპარაციების განხილვამ შესაძლოა, გამოიწვიოს უფრო ხანგრძლივი სასამართლო პროცესები და ამის გამო, საფრთხე შეუქმნას დაზარალებულთა მიერ რეალური სარგებლის მიღებას. ნამდვილად, ხანგრძლივი რეპარაციის პროცესებს შესაძლოა, ჰქონდეთ უარყოფითი ეფექტი დაზარალებულთა განგრძობითი ვიქტიმიზაციის ან ხელმეორე ვიქტიმიზაციის გამო, რაც გაზრდის მათ ტანჯვას და გამოიწვევს ახალ ტანჯვას.
უფრო მეტიც, არსებობს კიდევ უფრო ფუნდამენტური კითხვა: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამნაშავეზე ორიენტირებული რეპარაციის რეჟიმი თუ შეძლებს ან როგორ შეძლებს მოახდინოს ზიანის ანაზღაურება კონფლიქტის ქვეყნებში ისე, რომ არ შექმნას დამატებითი ზარალი და სოციალური გახლეჩვა?! ზოგიერთი ავტორი დავობს, რომ სასამართლო განხილვებმა შესაძლოა, შექმნას ახალი გამყოფი ხაზები ან იერარქიები დაზარალებულთა შორის, მათი შერჩევითობის გამო და ჩართულობისა და გამორიცხვის პროცესებით [ს. კენდოლი, ს. ნუვენი: წარმომადგენლობით პრაქტიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში: უფსკრული სასამართლოთი დადგენილ და აბსტრაქტულ მსხვერპლებს შორის, კანონში და თანმდევი პრობლემები, ნოემბერი 3-4, 2013, 235 -262.].
ეს დაძაბულობები კიდევ უფრო ნათელია იმ პროცესებში, სადაც ვიქტიმიზაციის ნიმუშები ჩანს დანაშაულებში და წარდგენილ ბრალდებებში, რომელმაც შესაძლოა, ერთი ჯგუფის ზიანს მიანიჭოს უპირატესობა და სხვების ვიქტიმიზაცია გამიჯნოს.
ლუბანგას საქმემ უკვე გამოაჩინა ეს პრობლემა, ვინაიდან ის მოიცავდა ერთი ჯგუფის - ჰემას პოპულაციის შიგნით პრედომინირებულ ვიქტიმიზაციას. რეპარაციის შესწორებული ორდერი ეხება ამ შესაძლო დაძაბულობას, რომელიც აღიარებს, რომ შერჩევითობამ „შესაძლოა, გაზარდოს დაზარალებულთა ერთი ნაწილის მიმართ აგრესია და მათ თემში ყოფილი ბავშვი ჯარისკაცების რესტიგმატიზაცია“ [რეპარაციის შესწორებული ორდერი, სააპელაციო განაჩენის დანართი ა, სქოლიო 44, გვ. 18.].
რეპარაცია უნდა პასუხობდეს დაზარალებულთა საჭიროებებს. ასევე, ის უნდა პასუხობდეს ჩადენილი დანაშაულების გავლენას დაზარალებულთა ცხოვრებაზე და ამავე დროს, უნდა ჩაითვალოს ფართო საზოგადოების გულწრფელ ქმედებად, რომელიც აცნობიერებს, რა მოხდა და უზრუნველყოს დაზარალებულთათვის სამართლიანობის აღდგენა. უფრო მეტიც, დაზარალებულთა ღირსების აღმდგენი რეპარაცია დაეხმარება შერიგებისთვის საჭირო პირობების შექმნას. თემის შიგნით დიალოგი ქმნის შესაძლებლობას დაზარალებულებისთვის და მათი ოჯახებისთვის, განიხილონ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და იმუშაონ თემის წარმოდგენებისა და რწმენის ფორმირებაზე ისე, რომ მოხდეს კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია. ეს პროცესი დაეხმარება თემის შიგნით და თემთა შორის ნდობის აღდგენას, და გაააქტიურებს შერიგების პროცესს.
ამ კუთხით, სააპელაციო პალატამ დაადასტურა „კოლექტიური რეპარაციის“ შესაძლებლობა, რომელიც მიმართული იქნება თემებზე, იმის გათვალისწინებით, რომ დადგინდება კავშირი თემის წევრთა ზარალსა და მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულს შორის. ამით ცხადი გახდა მსგავსი „თემზე დაფუძნებული მიდგომის“ სარგებელი პრევენციისა და შერიგებისთვის.
2016 წლის 21 ოქტომბერს სასამართლოს მეორე პალატამ, რომელსაც საქმე გადაეცა რეპარაციის ჩასწორებული ორდერის აღსასრულებლად, უფლებამოსილება მიანიჭა დაზარალებულთა საჯარო ადვოკატის ოფისს (OPCV), რათა დაეწყო სავარაუდო დაზარალებულების ადგილმდებარეობის და ვინაობის დადგენა და ეტაპობრივად წარედგინა მათი დოსიე რეგისტრატურისთვის 2017 წლის 31 მარტამდე [მსხვერპლთა საზოგადოებრივი კონსულის ოფისის მიმართ თხოვნის ორდერი, 2016 წლის 16 სექტემბერი, ICC-01/04- 01/06-3252-tENG; სასამართლოს მეორე პალატა, 2016 წლის 21 ოქტომბერი].
დაზარალებულების შესახებ ახალი დოსიეს მოგროვების მიზანია. პალატას მიაწოდონ ინფორმაცია მიზნობრივი დაზარალებულების რაოდენობაზე, რათა განისაზღვროს ლუბანგას პასუხისმგებლობა რეპარაციაზე.
2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის მარტამდე დაზარალებულთა საჯარო ადვოკატის ოფისმა განახორციელა რამდენიმე მისია იტურიში და შეხვდა ადგილობრივ სავარაუდო ბენეფიციარებს 73 ლოკაციაზე [განხორციელებული მისიების აღწერისთვის იხლიეთ ოფისის ანგარიში „Informations relatives aux enjeux ainsi qu’aux préoccupations et souhaits des bénéficiaires potentiels dans la procédure en réparations”, ICC-01/04-01/06- 3293-Red, 25 აპრილი, 2017].
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოქმედი კონგოს ადგილობრივი ადვოკატურისა და ადგილობრივი ფოკუს-ჯგუფების დახმარებით, სადაც პოტენციური ბენეფიციარები ცხოვრობდნენ, დაზარალებულთა საჯარო ადვოკატის ოფისმა საკუთარი მეთოდოლოგიით შეძლო ახალი დოსიეს შეგროვება დროის მოკლე პერიოდში. ინდივიდუალური ინტერვიუები სავარაუდო ბენეფიციარებთან ჩატარდა უსაფრთხო ადგილებში, რომელიც წინასწარ შეირჩა თარჯიმნის დახმარებით. რეკრუტირების ბანაკებთან დაკავშირებით სასამართლო პალატის განაჩენში არსებული მიგნებები, ბრძოლები და მეთაურთა სახელები შეფასების სანდოობის საფუძველს იძლეოდა, ასევე - რეპარაციის მიზნობრიობის პირველადი დადგენის შესაძლებლობას. შედეგად, ადვოკატთა ოფისმა მოაგროვა რეპარაციის პოტენციური ბენეფიციარების 394 დოსიე.
შესაბამისად, 2017 წლის 15 დეკემბერს, სასამართლოს მეორე პალატამ დაადგინა, რომ წარმოდგენილ მასალებში 425 302 მსხვერპლი იყო რეპარაციის სამიზნე და გამოსცა გადაწყვეტილება, რითაც ლუბანგას დაეკისრა რეპარაციის პასუხისმგებლობა 10 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. პალატამ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის მასშტაბი არის მიყენებული ზარალის პროპორციული, ასევე - დანაშაულებში მისი მონაწილეობის პროპორციულიც, რის გამოც სასჯელი დაეკისრა.
პალატამ აღიარა, რომ მტკიცებულებებით დასტურდებოდა ლუბანგას მიერ ჩადენილი დანაშაულების შედეგად ასობით და ათასობით დაზარალებული. ამ მნიშვნელოვანი სიახლიდან გამომდინარე, ნდობის ფონდს უნდა ემსჯელა იმ ადამიანების პრობლემებზე, რომლებმაც ვერ შეძლეს, დროულად წარედგინათ დოსიე. ისინი ელოდნენ პასუხს კითხვაზე: გათვალისწინებული იქნებოდნენ თუ არა კოლექტიურ დახმარებაში, როდესაც განხორციელდებოდა რეპარაცია.
რეპარაციის განხორციელება ჯერ კიდევ არ დაწყებულა შექმნილი უსაფრთხო ვითარების გამო და ბოლო დროს რეგიონში ებოლას ვირუსის აფეთქების გამო.
დასკვნა
დანაშაულების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა და დაზარალებულთა დახმარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მანდატის მთავარი ასპექტია.
სადამსჯელო მართლმსაჯულება, როგორც ყველა სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნდამენტური კონცეფცია, მიჩნეული იყო სასამართლოს გადამწყვეტ ამოცანად - აღდგეს ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საერთაშორისო საზოგადოების პასუხი ადამიანების აუტანელ და საზარელ ქმედებებზე, რომლებმაც „დაარღვიეს სოციალური ნორმები“ და ამიტომ იმსახურებენ სასჯელს „ცალმხრივი პროცესის მიერ დაკისრებული სადამსჯელო ზომების“ ფორმით [დ.მ. გრომეტი და ჯ.მ. დარლი „სადამსჯელო და აღმდგენი მართლმსაჯულება: დანაშაულების სისასტიკის მნიშვნელობა და სახალხო მართლმსაჯულების რეაგირებაში გაზიარებული იდენტობა“. გამოქვეყნებულია ავსტრალიურ ფსიქოლოგიურ ჟურნალში, 2009 – 61, გვ 50.].
საერთაშორისო დონეზე, სადამსჯელო მართლმსაჯულება, ასევე, ასრულებს ფუნდამენტურ როლს, ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რა მოხდა. ამ გზით, ასევე, პროპაგანდას უწევს საერთაშორისო ჰარმონიის მნიშვნელოვან კონცეფციას, როგორიცაა - ყველასთვის თანაბარი გარემო, როცა „არავინ დგას უნივერსალური ადამიანის უფლებათა კრიტერიუმებზე მაღლა და რომ ამ უფლებების უხეში დარღვევა არ იქნება მიტევებული“ [კ. ანდრიუ „გარდამავალი სამართალი: ადამიანის უფლებების ახალი დისციპლინა,“ მასობრივი ძალადობის ელექტრონული ენციკლოპედია, 2010, გვ 5].
თუმცა, სისტემას, რომელიც პრინციპულად ემყარება დამნაშავეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, აქვს შეზღუდვები. ზოგიერთი ავტორი დავობს, რომ მხოლოდ საერთაშორისო მსჯავრი სათანადოდ ვერ შეძლებს იმ დანაშაულებზე რეაგირებას, რომელიც შეიცავს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებს, ვინაიდან „დაზარალებული/დამნაშავის მკაცრი დიქოტომია არ ითვალისწინებს სხვადასხვა ვარიანტს, რომელშიც ჩვეულებრივ ადამიანს უწევს ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობა“ [კ. ანდრიუ „გარდამავალი სამართალი: ადამიანის უფლებების ახალი დისციპლინა,“ მასობრივი ძალადობის ელექტრონული ენციკლოპედია, 2010, გვ 5].
უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მდებარეობს იმ ქვეყნებიდან შორს, სადაც ომის მსგავსი დანაშაულები მოხდა. ეს დისტანცია ხელს უწყობს მსხვერპლთა იზოლაციას მიმდინარე პროცესებისგან. სადამსჯელო მართლმსაჯულებაზე დაფუძნებული სისტემის დამატებითი შეზღუდვა არის ფაქტი, რომ საერთაშორისო სისხლის სამართალი ფოკუსირებულია მხოლოდ მაღალჩინოსნების გასამართლებაზე. არადა, ეს არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამართლებრივი მოთხოვნა, რომ მხოლოდ მაღალი რანგის ლიდერები უნდა დაისაჯონ. რეალობა ის არის, რომ არსებული სისტემები, შეზღუდული რესურსებით, ვერ ახერხებენ ყველა სავარაუდო დამნაშავის დასჯას. დამნაშავეთა (და დანაშაულთა) შერჩევითობა სერიოზული შეზღუდვაა მართლმსაჯულებისთვის, რასაც უნდა მიაღწიოს საერთაშორისო სისხლის სამართალმა დაზარალებულებისთვის და შექმნას მათი სამართლიანობის აღდგენის შესაძლებლობა. აღნიშნულის გამო, სადამსჯელო მართლმსაჯულება მნიშვნელოვანია სპეციფიური გარემოებებისა და მსხვერპლთა საჭიროებების საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში მეტი ინტეგრაციისთვის. იგი ხელს უწყობს დაზარალებულთა ინტერესის გათვალისწინებას სისხლის სამართლის პროცესებში [თ. მარკუს ფანკი, დაზარალებულთა უფლებები და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში ადვოკატირება, ოქსფორდი, OUP, 2010, 4 და ა.ჰ. გური „დაზარალებულთა მონაწილება წინასასამართლო ეტაპზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში“. საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმოხილვა 109, 110-2008, 8.].
მაშინ, როცა ცალკე აღებული მართლმსაჯულების ვერც ერთი შედეგი ვერ აკმაყოფილებს მოლოდინებს, ერთობლივად სადამსჯელო და აღდგენითი მართლმსაჯულება შეიძლება მიუახლოვდეს დაპირებულ სამართლიანობას. გამოცდილებაზე და კვლევაზე დაყრდნობით, შეიძლება, სადაო გახდეს, რომ აღდგენითი და სადამსჯელო მართლმსაჯულება საჭიროა, არსებობდეს, რათა საერთაშორისო სისხლის სამართალმა აღადგინოს სამართლიანობა. საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულება სწავლობს ყველაზე სასტიკ დანაშაულებს, რომლებიც უდავოდ იწვევენ საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთებას. უფრო მეტიც, საერთაშორისო დანაშაულები ხშირად ხდება სახელმწიფოთაშორის კონფლიქტებში, სადაც მეზობელი ქვეყნები და მეზობელი თემები უპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს ის შემთხვევებია, სადაც არსებობს ახლო ურთიერთობა დაზარალებულებსა და დამნაშავეებს შორის. ასე რომ,შერიგება ხდება მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიოს მართლმსაჯულებამ.
თუმცა, გარდამავალი პერიოდი ძალიან მყიფე და არასტაბილურია. უფრო ხშირად წარსულში კონფლიქტში მყოფ საზოგადოებებს უწევთ დისფუნქციურ ინსტიტუტებთან, შეზღუდულ რესურსებთან და ტრამვირებულ მოსახლეობასთან ურთიერთობა ისეთ გარემოში, სადაც მართლმსაჯულების სექტორმა დიდი კრახი განიცადა, მოსახლეობას კი არა აქვს რწმენა, რომ ხელისუფლება შეძლებს უზრუნველყოს ადამიანის უფლებების, მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა.
სამართალი ხდება ფარდობითი მცნება ასეთ კონტექსტში. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებებში, რომლებმაც მასობრივი ომის დანაშაულები გადაიტანა, მათგან განსხვავებით, ვისაც მსგავსი რამ არ გამოუვლია, უკიდურესად აუცილებელია დროული რეაგირება და მართლმსაჯულების ფართო მცნების უზრუნველყოფა. აქ იგულისხმება როგორც აღდგენითი, ასევე სადამსჯელო ელემენტები.