უკან დაბრუნება
28 აგვისტო 2019

როგორ შეიძლება გახდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მნიშვნელოვანი საქართველოსთვის

8.05.19
ნიკა ჯეირანაშვილი, justiceinfo.net-სთვის

დაახლოებით 11 წლის წინ, 2008 წლის 14 აგვისტოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ (OTP) განაცხადა საქართველოში წინასწარი გამოძიების დაწყების შესახებ. საკითხი ეხებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - სამხრეთ ოსეთში მომხდარ საერთაშორისო კონფლიქტს, რომელსაც ზოგიერთმა კომენტატორმა 21-ე საუკუნის პირველი ევროპული ომი უწოდა.

1990-იანი წლების დასაწყისიდან რეგიონი იყო პრორუსი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ. მუდმივი დაძაბულობისა და საქართველოს არმიასა და სეპარატისტულ ძალებს შორის პერიოდული შეიარაღებული შეტაკებების შემდეგ, კონფლიქტის ესკალაცია დაიწყო 2008 წლის ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში, რასაც მოყვა აფეთქებების სერია, რომელთა სამიზნეც იყვნენ ქართველი და სეპარატისტული სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები სამხრეთ ოსეთში. ქართულ ძალებსა და სეპარატისტებს შორის არსებული დაძაბულობის ახალი ტალღა გადაიზარდა რუსეთის სამხედრო ინტერვენციაში. ერთკვირიანი ბრძოლის შემდეგ, საქართველოს შეიარაღებული ძალები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ და რუსეთის ფედერაციამ დაამყარა კონტროლი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. აღნიშნული კონტროლი გავრცელდა 20 კილომეტრიან ე.წ. ბუფერულ ზონაზეც, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა. 

კონფლიქტის დროს, დაიღუპა ასობით ადამიანი. მონაწილე მხარეების მიმართ იყო ბრალდებები, რომ მათ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. უფლებადამცველების ანგარიშების მიხედვით, სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები მათ წინააღმდეგ განხორციელებული ტერორის, მათ შორის - მკვლელობების შედეგად, იძულებული გახდნენ, მიეტოვებინათ საკუთარი სახლები. შედეგად, დაახლოებით 27000-მა ადამიანმა ვეღარ შეძლო უკან დაბრუნება. საქართველოს შეიარაღებულ ძალებსაც ედებათ ბრალი რუსეთისშენაერთებზე განხორციელებულ თავდასხმებში, რომლებიც რეგიონში განლაგებული იყვნენ როგორც მშვიდობისმყოფელები, სეპარატისტებთან მანამდე მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების თანახმად.  

გამოძიება დაიწყო სენსიტიურ გარემოებებში

დაახლოებით 7-წლიანი წინასწარი გამოძიების შემდეგ, 2016 წლის 27 იანვარს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ უფლებამოსილება მიანიჭა პროკურორ ფატუ ბენსუდას, დაეწყო გამოძიება. პალატის გადაწყვეტილებით, გამოძიების ფარგლები მოიცავსადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ შემდეგ დანაშაულებს: მკვლელობა, მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და დევნა, ასევე - ომის დანაშაულებს, მათ შორის: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, მიზანმიმართული მკვლელობები, თავდასხმები მშვიდობისმყოფელებზე, ქონების განადგურება და მარადიორობა, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილია საქართველოს კონფლიქტის დროს 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის პერიოდში. 

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის განსაკუთრებულად ტურბულენტურ პერიოდში, როდესაც მას აკრიტიკებდნენ, რომ იყო არაეფექტური, ნეოკოლონიალური დასავლური ინსტიტუტი, რომელიც მხოლოდ აფრიკის ქვეყნებს იღებდა მიზანში. ამავე დროს, რამდენიმე სახელმწიფო იმუქრებოდა, რომ დატოვებდა სასამართლოს იურისდიქციას და ლობირებას უწევდნენ აფრიკული კავშირის მიერ კოლექტიური გამოსვლის შესახებ სტრატეგიის შემუშავებას.

ამ სიტუაციაში, აფრიკის გარეთ გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევდა, აღედგინა მისი პირვანდელი რეპუტაცია, როგორც ყველა ხალხების სასამართლოსი, რომლის მიზანია, ბოლო მოუღოს დაუსჯელობას მთელ მსოფლიოში. თუმცა, პროცესის დასაწყისშივე დამკვირვებლებისთვის ერთი რამ იყო ცხადი, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ იყო მზად ამ გამოძიებისთვის. 

მოუმზადებელი სასამართლო

საქართველოში სასამართლო შედიოდა ახალ რეგიონში საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, რომლებშიც ჩართული იყო გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ იცნობდა საქართველოს და რუსეთის სიტუაციას. სასამართლოს წარმომადგენელთა უმრავლესობა, რომლებიც მუშაობდნენ გამოძიებაზე, არ იცნობდნენ ადგილობრივ და რეგიონის ისტორიას, კულტურას და საქმის ზოგად ვითარებას. ზოგიერთ მათგანს საქართველოს ოფიციალური ენა ფრანგული ეგონა, ვინაიდან ფრანგული ენა სახელმწიფო ენა იმ ქვეყნების ნახევარში, სადაც სასამართლო მანამდე აწარმოებდა გამოძიებას.განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სასამართლო ქვეყანაში შევიდა სტრატეგიისა და ხედვის გარეშე, თუ როგორ გამკლავებოდა საქართველოში არსებული სიტუაციის სპეციფიკურ გამოწვევებს. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად, პროკურატურის მრჩევლები თავიდან ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი ითანამშრომლებდა სასამართლოსთან. ეს ვარაუდი გაქარწყლდა გამოძიების პირველივე წლის ბოლოს, როდესაც რუსეთმა გამოიხმო საკუთარი ხელმოწერა რომის წესდებიდან. 

პირველი წლის განმავლობაში, ადგილზე პროკურატურის აქტივობა იყო მინიმალური. ფაქტობრივად, საქართველო ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. 2017 წლის თებერვალში, პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ ამ დრომდე მისი ოფისი მუშაობდა ტექნიკურ საკითხებზე და უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს მალე გადადგამდა. 

სასამართლოს მიერ ადგილობრივი კონტექსტის კარგად გაცნობაში დახმარებისა და მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ სასამართლოს ურჩია, ქვეყანაში გაეხსნა წარმომადგენლობა. ამ ოფისის მიზანი უნდა ყოფილიყო საჯარო ინფორმაციის მიწოდება და როგორც დაზარალებულ, ისე, ზოგადად, მთელ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რათა გაზრდილიყო მათი ცნობიერება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ. 

სასამართლოს ადგილობრივი ოფისის სუსტი დასაწყისი

2008 წლის შემდეგ შეიარაღებული ომი რჩება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად. აღნიშნული საკითხი არის ქვეყნის შიდა პოლიტიკის და ასევე მეზობლებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედი. საკითხის მნიშვნელობის მიუხედავად, არც მსხვერპლები და არც ზოგადად საზოგადოება არ იცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მის პროცედურებს. ადგილობრივი იურისტები კარგად ერკვევიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციაში, მაგრამსისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან მუშაობის გამოცდილება არა აქვთ. სასამართლოს კარგი ცოდნა მოითხოვდა პროაქტიურად საჯარო ინფორმაციის გავრცელებასა და კომუნიკაციას. 

რამდენიმეთვიანი აქტიური ადვოკატირების შემდეგ, 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს ეწვია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კანცლერი და გაავრცელა ინფორმაცია ადგილობრივი ოფისის გახსნის შესახებ. სასამართლოს ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა, რომ კანცლერმა გამოთქვა მზაობა, „მოისმინოს, შეისწავლოს და ჩამოაყალიბოს ურთიერთობა“. მან ხაზი გაუსვა, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება მნიშვნელოვანი იყო საქართველოში სასამართლოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. კანცლერის განცხადებით, ადგილობრივი ოფისის გახსნა უზრუნველყოფს სასამართლოსა და საქართველოში მოქმედ სხვადასხვა აქტორებს შორის უკეთეს კომუნიკაციას. 

აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა იმედი, რომ ორი წლის შეფერხების შემდეგ სასამართლო დადგებოდა სწორ გზაზე. კანცლერის ვიზიტიდან მალევე დაინიშნა ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი. თუმცა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ამ პოზიციაზე მოავლინა უცხოელი დიპლომატი, რომელიც არ საუბრობს არც ქართულ და არც ოსურ ენებზე. აღმოჩნდა, რომ შერჩეულ კანდიდატს არ ჰქონდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ სათანადო ცოდნა. ასე რომ, მას დასჭირდა დამატებითი დრო და რესურსი სასამართლოს ფუნქციებსა და საქმიანობებში გასარკვევად. 

თითქმის ერთი წლის განმავლობაში ადგილობრივი ოფისი ურესურსოდ ფუნქციონირებდა. ის შედგებოდა მხოლოდ ერთი პიროვნებისგან - ოფისის ხელმძღვანელისგან და სათაო ოფისიდან მოვლენილი დროებითი ოფიცრისგან. ხარვეზების მიუხედავად, ოფისმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით მოახერხა, ჩაეტარებინა საინფორმაციო შეხვედრები დაზარალებული მოსახლეობის ნაწილთან. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ მედიასთან მისი კომუნიკაცია მინიმუმამდე იყო შეზღუდული. 

პოლიტიკური მანიპულაცია

ქართველმა პოლიტიკოსებმა ისარგებლეს მიმდინარე გამოძიების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან ინფორმაციის სიმწირით და დაიწყეს გამოძიების პოლიტიზირება. შარშანდელი დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში, ისინი ვაჭრობდნენ ურთიერთბრალდებებით, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი 2008 წლის კონფლიქტის დაწყებაზე და ამით არასწორ ზეგავლენას ახდენდნენ სასამართლოს მიმდინარე გამოძიებაზე. 2018 წლის ნოემბერში ამ ბრალდებებმა ბიძგი მისცა საჯარო დისკუსიებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ ისე, რომ თვის ბოლოს სასამართლოს გამოძიება იყო ყველაზე განხილვადი თემა ტელე-რადიო დისკუსიებსა და სოციალურ ქსელში. ყველა საუბრობდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე, მათ შორის - ყოფილი და ამჟამინდელი მთავრობის წევრები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, და რაც უფრო მნიშვნელოვანია - ყოფილი და ამჟამინდელი სამხედრო მაღალჩინოსნები. 

დებატებმა ცხადყო, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო პროცედურების შესახებ, მათ შორის ისეთი საბაზისო ფაქტების შესახებაც კი, როგორიცაა - გამოძიების ფარგლები. ხალხს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება ორ სხვადასხვა მიმდინარე პროცესში ერეოდა: ერთი, რომელიც მიმდინარეობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და მეორე - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო განსაკუთრებით დამაბნეველი იყო ხალხისთვის, ვინაიდან ისიც მდებარეობს ჰააგაში და არანაირი კომუნიკაცია არ განხორციელებულა ორ სასამართლოს შორის არსებული განსხვავებების განსამარტავად. შედეგად, ქართველებს ხშირად ჰგონიათ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში განიხილება ქვეყნებს შორის დავა. 

პოზიტიური სიგნალები

არსებობს ეფექტური საჯარო ინფორმაციის და საკომუნიკაციო აქტივობების აშკარა საჭიროება, რაც სასამართლოს დაეხმარება საინფორმაციო ვაკუუმის აღმოფხვრაში და მინიმუმამდე დაიყვანს პროცესის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციების გავრცელებას. სასამართლო ამ დავალებას მარტო ვერ გაართმევს თავს. საჭიროა მუდმივი მოსმენა, სწავლა და მისი ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერება წარმატების მისაღწევად.

ბოლო დროს ამ მიმართულებით პოზიტიური მოვლენები განვითარდა. 2019 წლის მაისის დასაწყისში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვადასხვა ორგანოებისა და სექციების წარმომადგენლები, მათ შორის - პროკურატურის, საჯარო ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექციის, დაზარალებულთა წარმომადგენლობისა და რეპარაციის სექციის, დაზარალებულთა ნდობის ფონდის წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ. ისინი შეხვდნენ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, გამართეს საინფორმაციო შეხვედრები დაზარალებულ მოსახლეობასთან სხვადასხვა ჩასახლებაში; ინტერვიუები მისცეს ჟურნალისტებს; მონაწილეობა მიიღეს სატელევიზიო პროგრამებში; ადგილობრივ იურისტებს, რომლებიც წარმოადგენენ დაზარალებულთა ინტერესებს, ჩაუტარეს ტრენინგები და შეხვდნენ სხვადასხვა აქტორებს ადგილზე. ეს იყო პოზიტიური სიგნალები. 

ნდობის ფონდის როლი

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ბევრი დაზარალებული გარდაიცვალა. ათასობით დევნილი ცხოვრობს უმძიმეს პირობებში. გამყოფ ხაზთან ადამიანები ცხოვრობენ რეგულარული გატაცებების მუდმივ შიშში და საფრთხის შემცველ გარემოში. 

ასეთ სიტუაციაში, ნდობის ფონდის ადრეული ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ადამიანთა უმეტესობა არ ელის, რომ გამოძიება სასამართლო განხილვის ეტაპზე გადავა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან თანამშრომლობის არარსებობის გამო. ეს შეხედულება გააძლიერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ, რითაც პროკურატურას უარი ეთქვა, დაეწყო გამოძიება ავღანეთში. სკეპტიკოსების აზრით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა ვარაუდი, რომ სასამართლო ვერ შეძლებს დასაჯოს დამნაშავეები გავლენიანი ქვეყნებიდან. 

ნდობის ფონდის დახმარების მანდატი საშუალებას იძლევა, ადრეულ ეტაპზე დაეხმარონ დაზარალებულებს იმ შემთხვევაშიც, თუ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება ვინმეს წინააღმდეგ ბრალდების წაყენებაზე. ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და მატერიალური დახმარება, როგორიცაა - შემოსავლის მიღებაზე და ტრენინგებზე მისაწვდომობის შეთავაზება, სწორედ ისაა, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დაზარალებულებს. ამდენად, სექტემბრის ბოლოსნდობის ფონდისგანცხადებამ, რომ დაიწყებს დაზარალებულთა საჭიროებების შესწავლას, რასაც მოყვება კონკრეტული დახმარების პროექტები, დაზარალებულებს გაუჩინა იმედი, რომ პროცესი მათთვის გარკვეულ აზრს შეიძენს. 

2019-2021 წლების პერიოდი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ პროცესის შეფასების თვალსაზრისით. ახლა არის გამოძიების მეოთხე წელი და ბევრი არაფერია ცნობილი, რა ეტაპზეა იგი. 

მნიშვნელოვანია, ვნახოთ, პროკურატურის მიდგომა გულისხმობს, საქმე აღძრას დაბალი რგოლის დამნაშავეების წინააღმდეგ თუ არა. პროკურორმა აღნიშნული შეთავაზება გააკეთა თავისი 2019-2021 წლების სტრატეგიულ გეგმაში. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის მხრიდან თანამშრომლობის არარსებობის ვითარებაში, დაპატიმრებების ბრძანებები სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში დამნაშავეთა მიმართ არ აღსრულდება. მეორე გასათვალისწინებელი ფაქტორია, რამდენად წარმოადგენს ამ საქმეების მასშტაბი დაზარალებულთამიმართმიყენებულზიანს.

ახლა დროა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გააძლიეროს პარტნიორობა და წარმართოს გულწრფელი დისკუსიები, გაითვალისწინოს თავისი წარსული გამოცდილების გაკვეთილები, იპოვოს ერთობლივი გამოსავალი დაზარალებულებისა და მართლმსაჯულების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 

ავტორის შესახებ: ნიკა ჯეირანაშვილი არის ორგანიზაცია „საერთაშორისო სამართლიანობის“ აღმასრულებელი დირექტორი; ორგანიზაცია ეხმარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებებს და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ამ პროცესებში. მანამდე იგი იყო ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი და პროგრამის დირექტორი ღია საზოგადოების ფონდებში.

ორიგინალი

gcicc
The Hague