უკან დაბრუნება
7 მაისი 2020

დაზარალებულთა მონაწილეობის მნიშვნელობა: რატომ გვჭირდება დაზარალებულთა მონაწილეობის შემფასებელი უკეთესი სისტემები (ნაწილი 1)

მეგან ჰირსტი
2018 წ. დეკემბერი

შესავალი

ამ წლის დასაწყიში მომხსენებლად მიწვეული დაზარალებულთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფის ღონისძიებაზე, სახელწოდებით - „დაზარალებულთა მონაწილეობა საერთაშორისო სისხლის სასამართლოში: ამას ჯერ კიდევ აქვს აზრი“. დაახლოებით ათი წელი გავიდა იმ დროიდან, რაც დაზარალებულთა მონაწილეობის საკითხებზე მუშაობა დავიწყე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, მაინც ვეთანხმები: დაზარალებულთა მონაწილეობას აქვს აზრი. თუმცა, ის სიძნელე, რომლის წინაშეც დავდექი, იყო შემდეგი - ეს როგორ უნდა მოხდეს.

ადამიანებისათვის, რომლებიც მუშაობენ სასამართლოში და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, ცნობილია, რომ არსებობს საზოგადოება, რომლებიც ითვლება „დაზარალებულების ხალხად“. ჩვენ გაბნეულები ვართ სასამართლოს სხვადასხვა ორგანოებს შორის; იურიდიული წარმომადგენლების გარე ჯგუფებთან; ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში, ჟურნალისტებსა და სხვა ადამიანებს შორის, რომლებიც მუშაობენ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი შიდა ორგანოები კარგად არის ცნობილი. ერთი რამ, რაც გვაქვს საერთო, არის რწმენა, რომ დაზარალებულთა მონაწილეობას აქვს მნიშვნელობა.

ჩემი აზრით, ჩვენი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მარცხია ის, რომ ვერ შევძელით განგვესაზღვრა, გაგვეზომა და აგვეხსნა ამ პროცესის მნიშვნელობა. ჩვენ უნდა შევძლოთ ამის გაკეთება, ნაწილობრივ, რათა დავარწმუნოთ სხვები, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება ისეთი ინფორმაცია, რომელიც აზრს შეაცვლევინებს მოსამართლეებს, პროკურორებს, დაცვის ადვოკატებს და რეგისტრატურის წარმომადგენლებს, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ შევეწინააღმდეგოთ მათ მოსაზრებებს. ჩვენ, ასევე, გვჭირდება ეს ინფორმაცია იმისათვის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ და გავაკეთოთ ეს უკეთესად. მაგალითად, როდესაც ჩვენ შევიმუშავებთ სტრატეგიას ახალ პროცესთან დაკავშირებით, მოვიფიქროთ, რა იქნება საუკეთესო მიდგომა; მოვახდინოთ იდენტიფიცირება, რომელ რეფორმებს აქვთ ნამდვილი ღირებულება.

ეს სტატია წარმოადგენს ზოგიერთ შეხედულებას, რომელიც გავუზიარე დაზარალებულთა უფლებების სამუშაო ჯგუფს, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ და გავზომოთ დაზარალებულთა მონაწილეობის მნიშვნელობა ისე, რომ ზემოაღნიშნულის გაკეთების შესაძლებლობა მოგვეცეს.
 

  1. რას ნიშნავს ღირებულება?

ერთი სიძნელე ისაა, რომ არ გვაქვს საერთო შეხედულება, თუ რა არის დაზარალებულთა მონაწილეობის ღირებულება. სანამ განვსაზღვრავთ რაღაცის ღირებულებას, უნდა ვიცოდეთ, რას წარმოადგენს იგი. სხვა სიტყვებით - რა ბენეფიტები აქვს დაზარალებულთა მონაწილეობას?

1.1.ღირებულება დაზარალებულებისთვის თუ სასამართლო პროცესებისთვის

დაზარალებულთა ხალხის თემში, უმეტესწილად, ვსაუბრობთ ღირებულებაზე დაზარალებულებისათვის.
დაზარალებულებისათვის პროცესში მონაწილეობის ღირებულება შეიძლება გამოიხატოს შედეგებში: ეს შეიძლება იყოს რეპარაციები, რომლებიც ასახავს დაზარალებულთა ინტერესებსა და სურვილებს. რა თქმა უნდა, მსჯავრდება არის ერთ-ერთი მთავარი შედეგი დაზარალებულებისათვის (თუმცა, სადავოა ის, თუ რამდენად უწყობენ დაზარალებულები ხელს მსჯავრდებას). მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ ის ღირებულება, რაც სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობას მოაქვს დაზარალებულებისათვის უშუალოდ პროცესში და არა პროცესის შედეგად. სასამართლო პროცესებს, შესაძლოა, ჰქონდეს კარგი ან ცუდი შედეგები დაზარალებულებისათვის ისე, რომ მათ საერთოდ არ მიიღონ პროცესში მონაწილეობა. მონაწილეობის უფლება ითვალისწინებს დაზარალებულთა აღიარებას, ინფორმაციას და მათი ხმის გაჟღერებას. საბოლოოდ ჯამში, ეს ფაქტორები შედეგად გვაძლევს მათ გაძლიერებას.

ის ადამიანები, რომლებიც მხარს ვუჭერთ დაზარალებულთა მონაწილეობას, მონაწილეობის ღირებულებაზე მსჯელობისას ყურადღებას ვამახვილებთ შემდეგ საკითხებზე: დაზარალებულების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა იურისტსა და კლიენტს შორის შეხვედრებზე; მათი მხრიდან ყურადღების გამხვილება ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე და შეკითხვების დასმა; მადლიერება დაზარალებულების მხრიდან იმ შესაძლებლობისათვის, რომ მათ მოჰყვეს თავიანთი ისტორია აპლიკაციის ფორმაში. დაზარალებულებს უთქვამთ ჩემთვის, რომ ისინი ამაყობენ და გაძლიერებულად გრძნობენ თავს, როდესაც მათ სახელზე კეთდება შუამდგომლობა (იმ შემთხვევაშიც, თუ ამ შუამდგომლობამ მარცხი განიცადა). ბევრი დაზარალებულისთვის, აღნიშნული ბენეფიტები შესაძლოა, არ იყოს მნიშვნელოვანი ან კლიშედ მიაჩნდეთ ამ ისტორიების მოყოლა. დაზარალებულებთან ურთიერთობა წარმოაჩენს, რომ ზოგიერთი ინდივიდისათვის, რომელთა ნდობის უნარი არაერთხელ შეილახა, ან ადამიანებისათვის, რომლებიც დიდი ხანია, გრძნობდნენ, რომ არ აქვთ ხმა, მნიშვნელოვანია, სანდო იურისტმა წარმოადგინოს მათი ინტერესები  სასამართლო პროცესებში.

თუმცა, „დაზარალებულთა ხალხის“ ჯგუფის გარეთ, დაზარალებულთა მონაწილეობის ღირებულება დაკავშირებულია საკითხთან, თუ რამდენად შეუწყობს ხელს მონაწილეობა სამართალწარმოებას. ეს შეხედულება ხშირად არის ასახული სასამართლოს მიერ გაკეთებულ კომენტარებში დაზარალებულთა მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით: მაგალითად, ლუბანგას საქმეში, სასამართლოს ხედვით, დაზარალებულთა მოწმის სახით გამოკითხვა დაკავშირებული იყო „უფრო ფართო მიზანთან. მიზანთან, ხელი შეწყობოდა სიმართლის დადგენას“ [პროკურორი თომას ლუბანგა დიილოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება დაზარალებულთა იურიდიული წარმომადგენლების მიერ მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით, 16 სექტემბერი, 2009, პარაგრაფი 27.].

დიდი ხნის განმავლობაში სიფრთხილით ვეკიდებოდი ამ შეხედულებას. იგი წარმოადგენს ად ჰოკ ტრიბუნალების „ინსტრუმენტალისტურ“ მიდგომას, რომელიც დაზარალებულთა ჩართულობას ღირებულად მიიჩნევს მხოლოდ მაშინ, როცა იგი ემსახურება ტრიბუნალის ან ბრალდების ინტერესს. დაზარალებულთა ამ ჭრილში დანახვამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს იმ აზრს, რომ დაზარალებულთა მონაწილეობა წარმოქმნის მიკერძოებას პროკურორის მხარისადმი, რაც არ იქნება სამართლიანი დაცვის მხარისათვის. ჩემი აზრით, თუ დაზარალებულთა იურიდიული წარმომადგენლები მეორე პროკურორად მიიჩნევენ თავს, ეს პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, პრობლემა არ არის ის, რომ ეს იქნება არასამართლიანი დაცვის მხარისათვის. სინამდვილეში, ბრალდების მხარის გაყოფა, სადაც არ იქნება სტრატეგიის ერთიანი განსაზღვრა, ზიანს მიაყენებს ბრალდებას და პოტენციურად, ხელს შეუწყობს დაცვის მხარეს. პრობლემა უფრო ისაა, აქვს თუ არა დაზარალებულთა მონაწილეობის ასეთ ფორმას რაიმე დამატებითი ღირებულება. პროცესში პროკურორის როლი არის ნათელი. დაზარალებულთა იურიდიულ წარმომადგენლებს არ აქვთ არც რესურსები, არც სამართლებრივი უფლებამოსილება, რომ შეასრულონ აღნიშნული როლი. 

თუმცა, დაზარალებულთა ინსტრუმენტალიზაციისაადმი და პროკურორის მხარისადმი მიკერძოების წინააღმდეგობა არ უნდა ნიშნავდეს იმ აზრის უარყოფას, რომ დაზარალებულთა მონაწილეობამ შესაძლოა, მნიშვნელობა შემატოს სამართალწარმოების პროცესს. პოტენციური ღირებულება/ფასეულობა, რაც შესაძლოა, დაზარალებულებმა შემატონ სამართალწარმოების პროცესს, მომდინარეობს ფაქტიდან, რომ ისინი არ არიან პროკურორები და ყოველთვის არ გაიზიარებენ პროკურორის აზრს. დაზარალებულები სამართალწარმოებას მატებენ შემდეგ ღირებულებას - ისინი წარმოადგენენ შეხედულებას, რომელიც არც პროკურორს ეკუთვნის და არც დაცვას. ეს შეხედულება არ იარსებებდა, მხოლოდ აღნიშნული ორი მხარე რომ ყოფილიყო პროცესში. კენიატას საქმეში, სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობამ და მოწმეთა დაშინებამ გადააწყვეტინა პროკურორს, დაესრულებინა საქმე. რა თქმა უნდა, დაცვის მხარე ბედნიერი იყო ამით. საბოლოოდ, დაზარალებულებმა მოითხოვეს სასამართლოსგან წევრი სახელმწიფოს არათანამშრომლობისა და მოწმეთა დაშინების საკითხზე ძალისხმევა, წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის მიმართ რეფერალით და რომის სტატუტის 70-ე მუხლით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულებზე გამოძიებით.

ხშირად, დაზარალებულები ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგენენ მოსაზრებებს, რომელსაც სხვანაირად სასამართლო ვერ მიიღებდა. ონგვენის საქმეში შევამჩნიეთ, რომ პროკურორის მხარემ მინიმალური შეკითხვები დასვა დაზარალებული მოწმეების მიმართ იმ ზიანის შესახებ, რომელიც მათ განიცადეს. ჩვენ დავსვით საკუთარი შეკითხვები ამასთან დაკავშირებით. დრო როცა დადგა, პროკურორის გუნდმაც გაითვალისწინა მსგავსი საკითხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებში. ჩვენ, ასევე, შევძელით დეტალური კვლევის შეკვეთა ჩადენილი დანაშაულების დაზარალებულებზე გავლენასთან დაკავშირებით. დაზარალებულები რომ არ ყოფილიყვნენ ჩართულები, ეს მტკიცებულება არასოდეს იქნებოდა სისტემატიზებული გზით წარდგენილი სასამართლო პროცესზე. 

მიანმარის/ბანგლადეშის სასამართლო პროცესებში მე დავინახე, რომ ჩემი კლიენტები წარმოჭრიდნენ მნიშვნელოვან კონტექსტუალურ პრობლემებს. მათ ჰქონდათ სურვილი, დაბრუნებულიყვნენ მიანმარში, მაგრამ არ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა. ეს იყო მათ მიერ გაჟღერებული ერთ-ერთი საკითხი. ამ საკითხს არ შეხებია პროკურორი (სავარაუდოდ, არც იყო იმ პოზიციაში, რომ შეხებოდა). მჯერა, რომ ამ შეხედულებებმა ხელი შეუწყვეს სასამართლო პალატის ზოგადი წარმოდგენის ჩამოყალიბებას მის წინაშე დასმული საკითხის შესახებ. შესაძლოა, ამით ხელი შეეწყო გამოტანილ დასკვნაში აღნიშვნას, რომ „როჰინგიას ხალხის დაბრუნების პრევენცია რომის სტატუტის 7(1)(k)მუხლის ფარგლებში ჯდება“ [ICC, ICC-RoC46(3)-01/18-37, გადაწყვეტილება პროკურორის მოთხოვნაზე, იურისდიქციის საკითხზე გადაწყვეტილების მოთხოვნა რომის სტატუტის 19(3) მუხლიდან გამომდინარე, 6 სექტემბერი 2018, პარაგრაფი.77.]. 

უნიკალური შეხედულებების დამატებით, დაზარალებულებს შეუძლიათ, უფრო ვიწრო და კონტექსტუალიზებული გახადონ სასამართლო პროცესი. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ სასამართლო პროცესი ასეთი არ უნდა იყოს. შესაძლოა, ეს იყოს ამ საკითხის ძირითადი არსი: რის შესახებ არის აღნიშნული სასამართლო პროცესები? ახლახანს გამოცემულ ინტერვიუში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადვოკატთა ასოციაციის (ICCBA) წარმომადგენელმა, ყოფილმა მოსამართლემ, ვან დენ ვინგაერტმა თქვა: „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პირველ რიგში არის სისხლის სამართლის სასამართლო“ და რომ „ჩვენ უნდა შევწყვიტოთ სლოგანების გამოყენება, რომელიც შესაძლოა, იყოს სათანადო ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის ან სიმართლის კომისიისთვის (მაგალითად „უფლება სამართლიანობაზე“ ან „უფლება სიმართლეზე“), მაგრამ - არა სისხლის სამართლის სასამართლოსთვის“. მისი აზრით, სასამართლომ ფოკუსირება უნდა მოახდინოს მის „ძირითად ფუნქციაზე“, რაც შემდეგში მდგომარეობს - „გადაწყვიტოს იმ ადამიანთა დანაშაულის ან უდანაშაულობის საკითხი, რომლებიც ბრალდებული იყვნენ სერიოზულ დანაშაულებში“ [ინტერვიუ მოსამართლე ქრისტიან ვან დენ ვინგაერტთან“, გამოცემა 3, სექტემბერი 2018, გვ. 13.].

თუმცა, მოსამართლის თავდაჯერებულობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიზანთან და მანდატთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კომპლექსურ დებატებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ შეხედულების საწინააღმდეგოდ, ხშირად, წარმოდგენილია შემდეგი მოსაზრება: საერთაშორისო სასამართლო პროცესებს აქვს უფრო ფართო და უფრო ამბიციური მიზნები, რომელსაც უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გადაწყვეტილება ერთი ადამიანის დამნაშავეობაზე ან უდანაშაულობაზე. აღნიშნული პროცესები მოიცავს „განსხვავებულ და გამორჩეულ მიზნებს... მსგავსი მიზნები არ არის მსგავსად გამორჩეული სამართლის ეროვნულ სისტემებში. ყოველი შემთხვევისათვის, სულ მცირე ინდივიდუალურ საქმეებზე გამართულ სამართალწარმოების პროცესებში“. მსგავსი საქმეები მოიცავს - გარკვეული თავდაჯერებას, რომ საერთაშორისო წესრიგი აღსრულდება და დაზარალებულეი დაკმაყოფილდებიან. ასევე, მნიშვნელოვანია დაუსჯელობის კულტურის წინააღმდეგ ბრძოლა, მშვიდობის, უსაფრთხოების, კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, ზუსტი ისტორიული მასალის წარმოდგენა, შერიგების ხელშეწყობა [ბ. შვარცი, საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ჟურნალი, 2008, თავი 6, 87-114, გვ. 100.]. 

ეს პერსპექტივა გვხვდება არა მხოლოდ აკადემიურ დოკუმენტებში, არამედ, ასევე საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებში [ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი, პროკურორი მომირ ნიკოლიჩის წინააღმდეგ, IT-02-60/1-S, განაჩენი, 2 დეკემბერი, 2003, პარაგრაფები 59-60.]. 

რა თქმა უნდა, განსხვავებული შეხედულებები არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული სტატიის მოცულობა არ გვაძლევს საშუალებას, მისი სრული განხილვისთვის. თუმცა, იმედი მაქვს, ამ სისტემაში მომუშავე ადამიანთა უმრავლესობა შეთანხმდება, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროცესები არ არის მხოლოდ ორიენტირებული ინდივიდების დამნაშავეობის ან უდანაშაულობის დადგენაზე სამართლიანი პროცესის საშუალებით. ჩვენ უფრო ფართო ეროვნული, რეგიონალური ან საერთაშორისო ზეგავლენის იმედი გვაქვს. ამის გარეშე, კითხვის ქვეშ უნდა დავაყენოთ პროკურორის სტრატეგია, რომ იგი ფოკუსირებას ახდენს ქეისების მხოლოდ მცირე რაოდენობაზე თითოეულ სიტუაციაში. კითხვის ქვეშ დგას, ასევე, დანაშაულის ან უდანაშაულობის დადგენის საზღაურის საკითხი.

იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სისხლის სამართლის პროცესების მიზანი უფრო მეტია, ვიდრე ბრალდებულის დამნაშავეობის ან უდანაშაულობის გამორკვევა, როდესაც შეკითხვას დავსვამთ, თუ როგორ შეჰმატებს დაზარალებულის მონაწილეობა ღირებულებას სამართალწარმოების პროცესს, ორ საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: რამდენად განაპირობებს დაზარალებულთა მონაწილეობა ბრალდებულის დამნაშავეობის თუ უდანაშაულობის შესახებ სამართლიან და დაჩქარებულ გადაწყვეტას, ასევე, რამდენად უწყობს ხელს იგი უფრო ფართო მიზნების შესრულებას.

იდეალურ შემთხვევაში, ჩვენი წარმოდგენა დაზარალებულთა მონაწილეობის შესაძლო ღირებულებაზე უნდა იყოს საკმარისად ფართო იმისათვის, რომ მოიცვას ღირებულებათა ყველა შესაძლო ფორმა. შეფასება უნდა გაკეთდეს იმის გამოსავლენად, თუ სად არის ჭეშმარიტი ღირებულება და რომელიც ფაქტორები უწყობს მას ხელს.

1.2. ღირებულება რესურსებთან მიმართებით

2011 წელს მომზადებულ სტატიაში, რომელმაც „დაზარალებულთა ხალხის“ გულისწყრომა გამოიწვია, მოსამართლე ვან დენ ვინგაერტი წერს: „სასამართლომ თავის თავს უნდა დაუსვას შეკითხვა, საკმარისად „შინაარსიანია“ თუ არა მონაწილეობის სისტემა იმისათვის, რომ გაამართლოს ის რესურსები და დრო, რაც მისთვის იხარჯება. ხომ არ იქნება უკეთესი, რომ აღნიშნული რესურსები და დრო პირდაპირ რეპარაციებს მოხმარდეს?“ [C. Van den Wyngaert, „დაზარალებულები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე: მოსამართლის ზოგიერთი შეხედულება და წუხილები“, Case Western Reserve Journal of International Law, (2011), თავი 44, საკითხი 1, 475-496, p495].


ბევრმა ჩვენგანმა უარი გამოთქვა ამ დისკუსიაში ჩართვაზე. ჩვენ ეს აღვიქვით, როგორც დაზარალებულთა უფლებების მონეტიზირება ან დაზარალებულების მხრიდან არჩევანის გაკეთება რეპარაციებსა და მონაწილეობას შორის. ნაწილობრივ, ეს რეაქცია გასაგებია: ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ნებისმიერი რამ, რაც დაზარალებულებს შეეხება, უფრო მეტი ფინანსური კონტროლის საგანია, ვიდრე სასამართლოს საქმიანობის სხვა ასპექტები. თითქოს დაზარალებულები დამატებით ტვირთს წარმოადგენენ და ამიტომ, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა მოიკვეთონ. რთულია ეს მოითმინო. სასამართლომ 2015 წელს გამოჰყო მისი ბიუჯეტის მხოლოდ დაახლოებით 4% სპეციალურად დაზარალებულებზე ორიენტირებული სტაფისთვის და იურიდიული დახმარებისთვის [2015 წლის მონაცემებზე დაფუძნებით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ გამოიანგარიშა, რომ დაზარალებულთა მონაწილეობისა და რეპარაციის სექციის, დაზარალებულთა საჯარო დაცვის სექციისა და დაზარალებულთა იურიდიული დახმარების ხარჯები სასამართლო ბიუჯეტის 4.15%-ს შეადგენს (FIDH, ხუთი მითი დაზარალებულთა მონაწილეობის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამართალწარმოებაში, დეკემბერი 2014, გვ. 12). ამჟამინდელი ბიუჯეტი საშუალებას არ გვაძლევს, მოვახდინოთ ეკვივალენტური კალკულაცია, რადგანაც რეგისტრატურა აღარ ახდენს საჯაროდ ანგარიშგებას ინდივიდუალური განყოფილებების ბიუჯეტების შესახებ მისი სამართლებრივი სერვისების განყოფილების ფარგლებში]. 

2018 წელს უფრო რთული მდგომარეობაა. ამ წელს გაიზარდა მოსამართლეთა ხელფასები ნახევარი მილიონი ევროს ოდენობით. ასევე, შემოღებულ იქნა გადაწყვეტილება ანაზღაურებადი მანდატის შესახებ ახალი მოსამართლეებისათვის, რომლებიც აღარ მონაწილეობენ აქტიურ სამართალწარმოების პროცესებში [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტი, ICC-ASP/17/10, 2018 წლის 1 აგვისტო, პარაგრაფი 65 და გვ. 185.]. სასამართლოს მუშაობაში ბევრი სფეროა, რომელიც საჭიროებს მეტ ეფექტურობას. არავინ არ აყენებს კითხვის ქვეშ, მაგალითად, იმას, რამდენად სწორად გამოიყენება რესურსები, როცა ონგვენის მთელი პროცესი ითარგმნება სინქრონულად ფრანგულ ენაზე, რომელზეც პროცესის არცერთი მონაწილე არ ლაპარაკობს (2015 წელს, ენების სერვისის სექციას უფრო მეტი ბიუჯეტი ჰქონდა, ვიდრე დაზარალებულთა უფლებებთან დაკავშირებული სექციების გაერთიანებულ ბიუჯეტს). [€6.14 მილიონიან სასამართლოს ბიუჯეტის 4.53%. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტი, ICC-ASP/13/10, 18 სექტემბერი 2014, გვ. 104.].

მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ დაზარალებულთა მონაწილეობის ღირებულებას როცა ვაფასებთ, უნდა ვიკითხოთ, საკმარისია თუ არა ეს ღირებულება იმ თანხასთან მიმართებით, რასაც ვხარჯავთ. ამის მიზეზი ბევრია. ნაწილობრივ, ეს შეკითხვა რეალურ სიტუაციასთან არის დაკავშირებული: ჩვენ შეზღუდული ფინანსები გვაქვს. თუ გვინდა, რომ გაგრძელდეს ჩვენი დაფინანსება, უნდა დავარწმუნოთ დამფინანსებლები, რომ ეს თანხა რაღაცას აღწევს და კარგად გამოიყენება. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია დაზარალებულთა წინაშე ჩვენი ვალდებულება, რომ ის ფული, რაც გვაქვს, მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ. ეს მოიცავს ფასსა და დანახარჯს შორის სხვადასხვა კორელაციის იდენტიფიცირებას ჩვენი საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში, რათა გამოვავლინოთ რეფორმისა და გაუმჯობესების შესაძლებლობები. მაგალითად, წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა. ჩვენი ფულის დიდ ნაწილს ვხარჯავთ აპლიკაციის პროცესზე, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება მიღწეული არის იურიდიული წარმომადგენლობით. ეს შეიძლება მიანიშნებდეს, რომ საჭიროა კორექტირდეს ბიუჯეტი იურიდიული დახმარების მხრივ. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია, გვქონდეს შინაარსიანი დაზარალებულთა მონაწილეობა გადაჭარბებული ხარჯვის გარეშე. თუმცა, იმისათვის, რომ დავარწმუნოთ სხვები ამაში, უნდა განვსაზღვროთ ფულის გამოყენების მნიშვნელობა. უნდა გამოვიყენოთ დასკვნები, რათა პასუხი გავცეთ რესურსებთან დაკავშირებულ კრიტიკას დაზარალებულების მონაწილეობის საკითხებზე.

ასევე, ლეგიტიმური შეკითხვები ჩნდება - არის თუ არა არსებული სისტემები საუკეთესო გზა იმ შეზღუდული რესურსების გამოსაყენებლად, რომელიც ამჟამად გვაქვს დაზარალებულთა მონაწილეობისათვის? რამდენად მართებულია ფულის დახარჯვა დაზარალებულთა ორ პარალელურ იურიდიული წარმომადგენლების გუნდებზე, რომელთაც აქვთ მსგავსი ინტერესი? ხომ არ იქნება უკეთესი და უფრო ეფქტური, იყოს ერთი დიდი გუნდი უფრო მეტი ადგილობრივი წარმომადგენლით? რამდენად კარგად არის გამოყენებული რესურსები, როდესაც ხდება ძალზედ ინდივიდუალიზებული სამართლებრივი წარმოების პროცესის მოთხოვნა დაზარალებულთა განაცხადების განხილვისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის მონაწილეობის სტატუსი გულისხმობს ისეთ მონაწილეობას, რომელიც ექსკლუზიურად კოლექტიური ხასიათისაა?

მსგავსი ტიპის შეკითხვების გადაწყვეტისას ვაწყდებით სიძნელეს იმ კუთხით, რომ აქამდე არ მიგვიმართავს სისტემატური ძალისხმევისთვის იმისათვის, რათა შეგვეფასებინა დაზარალებულთა მონაწილეობის სხვადასხვა ასპექტიდან მომდინარე ღირებულება. მე შეიძლება მჯეროდეს, რომ არაპროპორციულ რაოდენობას ვხარჯავთ ინდივიდუალიზებულ სამართალწარმოების პროცესზე, მაგრამ არ მაქვს მტკიცებულება იმ აზრის მხარდასაჭერად, რომ ეს პროცესი არ არის განსაკუთრებით ღირებული რაიმე გზით.

2010 წელს, როდესაც ვმუშაობდი დაზარალებულთა მონაწილეობისა და რეპარაციის სექციაში (VPRS), ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა შეიქმნა. დაზარალებულთა აპლიკაციის ფორმების დიდი რაოდენობა იქნა წარდგენილი მბარუშიმანას საქმეში ბრალდების დადასტურების მოსმენის წინ. ამ დროისათვის VPRS-სთვის გვიანი იყო ყველა ფორმის განხილვა. VPRS-მა გააკეთა შემოთავაზება, რომ სასამართლო პალატას ფორმალურად განეხილა აპლიკაციები და დაყრდნობოდა 93-ე მუხლს, რომელიც პალატას აძლევს დისკრეციას, მოისმინოს იმ დაზარალებულებისაგან, რომლებსაც არ გაუვლიათ აპლიკაციის პროცესი. დაზარალებულთა საჯარო დაცვის ოფისმა (OPCV) ამაზე წინააღმდეგობა გამოხატა. ამ საკითხზე გამართული დისკუსიების დროს, მახსოვს, დაზარალებულთა საჯარო დაცვის ოფისის ერთმა წევრმა მითხრა, რომ დაზარალებულებს ერჩივნათ, საერთოდ არ მიეღოთ იმ პროცესში მონაწილეობა, რომელიც მათ ართმევდა ინდივიდუალური სამართლებრივი გადაწყვეტის უფლებას. OPCV-მ მსგავსი შეხედულებები წარმოადგინა საჯაროდ, სადაც შეეწინააღმდეგა „კენიის მოდელის“ გამოყენებას, რომლის ფარგლებში დაზარალებულის სტატუსი არის უფრო რეგისტრაციის საკითხი, ვიდრე სამართლებრივი განსაზღვრულობა. ჩანს, რომ კენიის მოდელი ბევრ დროსა და რესურსს მოითხოვს. თუმცა, OPCV-ის პოზიციაა, რომ დაზარალებულებისათვის არსებითად მნიშვნელოვანია, გაუგზავნონ თავიანთი აპლიკაციის ფორმები მხარეებს და წაიკითხოს ისინი მოსამართლემ ინდივიდუალურად (ან სტაფის წევრმა, რომელიც მოსამართლისათვის მუშაობს), ვიდრე, უბრალოდ, რეგისტრის წარმომადგენელმა [პროკურორი ლაურენტ გბაგბოს წინააღმდეგ, წარდგინებები „სტატუს კონფერენციის დანიშვნის და პირობითი დღის წესრიგის განსაზღვრის შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, გამოცემულია 2014 წლის 8 ოქტომბერს, ICC-02/11-01/11-706, 27 ოქტომბერი 2014, პარაგრაფი 33; პროკურორი ბოსკო ნტაგანდას წინააღმდეგ, ერთობლივი წარდგინებების „სტატუს კონფერენციის დანიშვნის და პირობითი დღის წესრიგის განსაზღვრის შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, გამოცემული 2014 წლის 21 ივლისს, ICC-01/04-01/06-351, 14 აგვისტო 2014, პარაგრაფი 31.].

აღნიშნულ შეხედულებას ვაჟღერებ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვეწინააღმდეგები დაზარალებულთა საჯარო დაცვის ოფისის შეხედულებას, არამედ იმიტომაც, რომ მჯერა, ის ხაზს უსვამს ფუნდამენტურ სიძნელეს, რომლის წინაშეც ამჟამად ვდგავართ: დაზარალებულთა მონაწილეობიდან მთელი ათწლეულის შემდეგაც  ჩვენ არ გვაქვს მონაცემი, რომელიც მოახდენს ამ დებატების ინფორმირებას. შედეგად, ასეთ ფუნდამენტურ შეკითხვასთან დაკავშირებითაც კი, OPCV და VPRS აგრძელებენ დიამეტრიულად განსხვავებული შეხედულებების წარმოდგენას. თითოეული ეყრდნობა საკუთარ წარმოდგენას, თუ რა აქცევს დაზარალებულთა მონაწილეობას „შინაარსიანად“.

გაგრძელება (ნაწილი 2)
ორიგინალი, 81-ე გვერდიდან

gcicc
The Hague