უკან დაბრუნება
16 ივლისი 2020

საქართველოს კოალიცია - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის პრეს-რელიზი მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

20.07.2010

[თბილისი – 17 ივლისი] – 17 ივლისს, მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეს საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის - ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი “კონსტიტუციის 42-ე მუხლი,”  კავშირი “ოცდამეერთე საუკუნე,” კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – გამოხატავს სოლიდარობას იმ ადამიანების მიმართ, ვინც გენოციდის, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლი გახდა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს კონკრეტული ზომები, რათა გასამართლდნენ ის პირები, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომში ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაულები: თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობასა და ობიექტებზე, სამოქალაქო პირების ტყვედ აყვანა, მკვლელობა და გაუპატიურება, მოროდიორობა, და სხვა, რაც დოკუმენტირებულია კოალიციის წევრების, ასევე სხვა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. 
 
თორმეტი წლის წინ 120-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა რომის სტატუტს, ამ თარიღის აღსანიშნავად _ 17 ივლისს მსოფლიო საერთაშორიო მართლმსაჯულების დღეს აღნიშნავს. რომის სტატუტი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელმაც დააფუძნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. დღეს სასამართლოს იურისდიქცია აღიარებული აქვს 111 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს 2003 წელს. ამ სახელმწიფოთა რიცხვი მუდმივად იზრდება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის დამოუკიდებელი, მუდმივმოქმედი სასამართლო, რომელიც იძიებს და ასამართლებს იმ პირების მსჯავრდებას, ვისაც ბრალი ედება საერთაშორისო მნიშვნელობის ყველაზე უფრო მძიმე დანაშაულებში, კონკრეტულად კი გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა და ომის დანაშაულების. იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც აქვს იურისდიქცია აღნიშნულ დანაშაულებზე ვერ ან არ ახორციელებს უტყუარ გამოძიებასა და მსჯავრდებას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ამჟამად განიხილება სამი საქმე, გამოძიება დაწყებულია 5 ქვეყანაში მომხდარ დანაშაულებზე, სასამართლოს გაცემული აქვს დაკავების 12 ორდერი და სასამართლოს წინაშე გამოცხადების 3 უწყება.

სასამართლოს პროკურორის ოფისი წინასწარ ანალიზს აწარმოებს 6 საქმეზე, რომლებშიც შესაძლოა აღმოჩნდეს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების ფაქტები, მათ შორისაა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი.

1993 წლიდან მოყოლებული, ექვსმა საერთაშორისო თუ სპეციალურმა ტრიბუნალმა გამართა  181 სასამართლო პროცესი მსოფიოს 12 ქვეყანაში ჩადენილ საშინელ დანაშაულებებზე,  მსგავსი სასამართლო პროცესები უმძიმესი დანაშაულებზე მიმდინარეობს ასევე ქვეყნების შიდა სასამართლოებში.

საერთაშორისო მართლმსაჯულების დღეს საერთაშორისო საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობაა, აღნიშნოს საერთაშორისო სამართლის მიღწევები დაუსჯელობასთან ბრძოლაში. 

საერთაშორისო მართლმსაჯულების დღე შეხსენებაა სამართლიანობის ერთგული სახელმწიფოებისთვის, რომ აუცილებელია რომის სტატუტით შექმნილი მართლმსაჯულების საერთაშორისო სისტემის მხარდაჭერა.

საქართველოს კოალიცია  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის - მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მის წევრ სახელმწიფოებს, რომ რეალურად განახორციელოს სასამართლოს დაპირება, რომ გენოციდის, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები არასოდეს დარჩება დაუსჯელი.

დამატებითი ინფორმაცია

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი არის ერთ-ერთი იმ 6 საქმეთაგანი მსოფლიოში, რომლის წინასწარ ანალიზსაც ამჟამად სასამართლოს პროკურორის ოფისი აწარმოებს. 2008 წლის 27 აგვისტოს პროკურორმა ითხოვა ინფორმაცია როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხრიდან. საპასუხოდ ორივემ მხარემ მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია. 2008 წლის ნოემბერში პროკურორის ოფისის წარმომადგენლები ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოში, ხოლო 2010 წლის მარტში რუსეთში.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, საქართველოში გამოძიება მიმდინარეობს იმ შესაძლო დანაშაულების შესახებ, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომის დროსაა ჩადენილი და ხვდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ.

2010 წლის ივნისში პროკურორის ოფისის წარმომადგენლები კვლავ იმყოფებოდნენ საქართველოში. ვიზიტის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიღება ამ დანაშაულებთან დაკავშირებით. პროკურორის ოფისის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ კოალიციის წევრებს.

კოალიციის წევრი ეხმარებიან ომით დაზარალებულებს:

ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი – დაწყებული 2008წ. აგვისტოდან დღემდე ორგანიზაცია აწარმოებს ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებას, კერძოდ, კონსულტაციები და წარმომადგენლობა (დაახლოებით 600 დაზარალებულისთვის); ომში მოკლულების, დაჭრილების, ტყვედყოფილებისა და ომში გაუპატიურების მსხვერპლის საქმეთა გასაჩივრება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და ომით მიყენებული ქონებრივი ზიანის კომპენსაციის მოთხოვნის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოება ეროვნულ ინსტანციებში; რეგულარული მონიტორინგი ომით დაზარალებულთა ყოფითი და სამართლებრივი საჭიროებების დასადგენად ე.წ. სასაზღვრე სოფლებში (გორის რაიონი, სოფ.: კალარეთი, ტყვიავი, კარბი, გუგუტიანთკარი, კოშკი, მერეთი, ერგნეთი, შინდისი, ვარიანი) და შესაბამისი ანგარიშების მომზადება ადამიანთა უსაფრთხოების მდგომარეობაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი – იცავს 120 განმცხადებლის ინტერესებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ორგანიაცია ასაჩივრებს განმცხადებელთა მიმართ ევროპული კონვენციით გარანტირებული საკუთრების უფლების, სიცოცხლის უფლების,  პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, წამების აკრძალვის და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევას. 

2008 წლის სექტემბერში ადამიანის უფლებათა ცენტრმა,   ავსტრიის ჰელსინკის კომიტეტის,  ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის და კონფლიქტის შემსწავლელი კავკასიის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად   იმ მასალათა დოკუმენტირება მოახდინა, რომლებიც  ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს შეეხებოდა.  მსხვერპლთა რაოდენობის დასადგენად და მოწმეთა დასაკითხად მონიტორები იმყოფებოდნენ გორის, ცხინვალის, ქარელის, ხაშურის და ზუგდიდის რაიონებში. აღნიშნული მასალები, 2008 წლის 17 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის წარმომადგენელს.  

კავშირი “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”  - აწარმოებს 407 განცხადებლის საქმეს რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ორგანიზაცია ასაჩივრებს განმცხადებელთა მიმართ ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, თავისუფლების უკანონო შეზღუდვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხლებლობის, გადაადგილების უფლების, საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებს.

კავშირი “ოცდამეერთე საუკუნე” – ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარმოადგენს 112 განმცხადებლის საქმეს. ორგანიზაცია ასაჩივრებს განმცხადებელთა მიმართ ევროპული კონვენციით გარანტირებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, საკუთრების უფლების დარღვევის და სხვ. უფლებათა დარღვევის ფაქტებს. ორგანიზაციამ ასევე ჰუმანიტარული დახმარება დაუწია ომით დაზარალებულ მოსახლეობას.

gcicc
The Hague