ნინო ხარაძე, რადიო თავისუფლება 13.11.2018.
2016 წლის 27 იანვარს, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ ჩათვალა, რომ 2008 წლის აგვისტოს წინ, მიმდინარეობისას და შემდეგ შესაძლოა მომხდარიყო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები.
ეს წინაპირობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ წინასასამართლო პალატის სამ მოსამართლეს პროკურორ ფატუ ბენსუდასთვის დაერთო ნება დაეწყო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.
ჰააგის სასამართლომ შესასწავლად 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი განსაზღვრა. ეს მონაკვეთი სავარაუდოდ მსხვერპლების ისტორიებს ემთხვევა.
რა უნდა დაადგინოს ჰააგის ტრიბუნალმა?
ICC იძიებს სამხრეთ ოსეთში და მის მიღმა საქართველო-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე სავარაუდოდ ჩადენილ კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებს, გენოციდს.
კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები შეიძლება იყოს:
ომის დანაშაულები შეიძლება იყოს:
160-გვერდიან დოკუმენტში, რომელისთვისაც მასალები თავად პროკურორის ოფისმა შეაგროვა, აღწერილია ქართულ, რუსულ და სამხრეთოსურ მხარეებთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულები. შუამდგომლობას თან ახლავს კონფიდენციალური დანართი, იმ პირების ან ჯგუფების ჩამონათვალით, რომელთაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ ჩადენილ დანაშაულებში.
ვინ წარმოადგენს საქართველოს ჰააგის ტრიბუნალზე?
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. სამინისტრო ზრუნავს სასამართლოსთან კომუნიკაციაზე და ეხმარება მას საქართველოში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაში.
ნიკა ჯეირანაშვილი, Justice International-ის ხელმძღვანელი კრიტიკულად აფასებს საქართველოს ხელისუფლების კომუნიკაციას ტრიბუნალთან:
“საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი არის ბექა ძამაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მუდმივად სხედან ჰააგაში. ისინი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩამოდიან. მაგრამ ადამიანი, რომელიც იქ შეიძლება იჯდეს და ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილოებდეს ასეთი ადამიანი არ არსებობს. ასეთი ადამიანი ვარ მე, მაგრამ მე არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოვადგენ”.
მასალა, რომელიც საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს მიაწოდა დახურულია. შესაბამისად, უცნობია ფიგურირებენ თუ არა ამ დოკუმენტებში საქართველოს მოქალაქეები, არის თუ არა მათ წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულებები.
ახდენს თუ არა პოლიტიკოსების განცხადებები გავლენას გამოძიებაზე?
ფორმალურად არა. პოლიტიკოსების განცხადებებს არ შეიძლება ზეგავლენა ჰქონდეს გამოძიებაზე, რადგან სასამართლო ეფუძნება მხოლოდ მტკიცებულებებს და არ ემყარება პოლიტიკურ შეხედულებებს.
თუმცა, ეს საკითხი პოლიტიკური დისკუსიის თემაა. ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს ქვეყნის პოზიციისთვის საზიანო განცხადებების და პროცესში არასაკმარისი ჩართულობის გამო.
საქართველო, როგორც რომის სტატუტის წევრი ქვეყანა, ვალდებულია პირები, რომელზეც ჰააგის სასამართლო დაკავების ორდერს გასცემს სასამართლოს გადასცეს. იგივე ვალდებულება არ აქვს რუსეთს, რომელიც არასდროს ყოფილა რომის სტატუტის წევრი ქვეყანა და 2016 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებაზე თავისი ხელმოწერაც კი უკან გაიწვია.
რადგან რუსეთი არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, თეორიულად დასაშვებია, რომ დაკავების ორდერების გაცემის შემთხვევაში პასუხი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა აგონ, სწორედ ეს სძენს ამ საქმეს პოლიტიკური განზომილებას.
რა ეტაპზეა გამოძიება და როდის შეიძლება დასრულდეს ის?
გამოძიების დასრულების თარიღი დადგენილი არ არის. პროცესის დასრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება სასამართლოს ეჭვმიტანილის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებების შესაგროვებისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაცია - Justice International, რომელიც გამოძიების ხელშეწყობისთვის და საქართველოს ინტერესების დასაცავად შეიქმნა, ამბობს, რომ პროცესი იმ ეტაპზეა, როდესაც შესაძლოა, გაიცეს კონკრეტული პირების დაკავების ორდერები.
ვინ შეიძლება აღმოჩნდეს დამნაშავის სკამზე?
ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესი კონფიდენციალურია. სისხლისსამართლებრივ დანაშაულში ეჭვმიტანილთა და დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობაც მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც გამოძიება დასრულდება.
დამნაშავეთა შორის შეიძლება აღმოჩდნენ სამხედროები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო პირები.