რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მოვლენების გამოძიებაზე ნეტგაზეთი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ თანამშრომელს, იურისტ გიორგი ჩიტიძეს ესაუბრა.
– გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საკითხი შემხებლობაშია ჰააგის ორ სასამართლოსთან, თავდაპირველად განვმარტოთ, რა განსხვავებაა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა (ICJ) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) განვითარებულ პროცესებს შორის. დავიწყოთ ICJ-ით, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ვისი პასუხისმგებლობაა ეს იმიტომ, რომ მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ურთიერთბრალდებები გვესმის?
– გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო (ICJ) 1945 წელს გაერო-ს წესდებით დაარსდა. სასამართლო, ძირითადად, სახელმწიფოთაშორის დავებს განიხილავს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას ეხება. სასამართლოს იურისდიქცია აქვს სამი ტიპის საქმეზე:
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულოა და მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი გაეროს უშიშროების საბჭოა.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მართლმსაჯულების სასამართლოში სარჩელი 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. სარჩელში საქართველო მიუთითებდა, რომ რუსეთმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებები 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე პერიოდში სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინტერვენციები განახორციელა. სარჩელში საქართველო დეტალურად აღწერდა რუსეთის როლს ქართულ კონფლიქტებში 1990 წლიდან და ადასტურებდა, რომ რუსეთი ამ რეგიონებში ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის მიზანმიმართულ პოლიტიკას, მისივე აგენტების, მის კონტროლქვეშ მყოფი სეპარატისტების მეშვეობით ახორციელებდა და ამ ქმედებების შეწყვეტის დავალდებულებას ითხოვდა.
სასამართლომ 2011 წლის პირველ აპრილს დაადგინა, რომ მას არ შეეძლო ემსჯელა სარჩელის შინაარსობრივ ნაწილზე, ვინაიდან საქართველომ არ ამოწურა CERD-ის კონვენციით გათვალისწინებული მექანიზმი. კერძოდ, კონვენციის 22-ე მუხლის თანახმად, საერთაშორისო სასამართლო მხოლოდ იმ დავას განიხილავს „რომლის მოგვარება მოლაპარაკების გზითა და სხვა პროცედურებით შეუძლებელია.“ სასამართლომ გაიზიარა რუსეთის ფედერაციის არგუმენტი, რომ საქართველოს აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკების გზით დავის მოგვარება არ უცდია. ამის შემდეგ, საქართველოს უნდა ამოეწურა შესაბამისი პროცედურა და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო, საქმე სასამართლოში დაებრუნებინა.
შესაბამისად, საქართველო დავას ვერ წააგებდა, რადგან სასამართლოს საქმის შინაარსობრივი განხილვა არ დაუწყია.
– საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც სახელმწიფოებს შორის დავებს განიხილავს, „საქმის შებრუნებას“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეეცდება, წარადგენს რა მას, როგორც ახალ გარემოებას. რამდენად სწორია ეს სტრატეგია?
– როგორც აღვნიშნეთ, გაეროს მართლმსაჯულების სასამართლომ ნათლად მიუთითა, რომ საქართველოს აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკების გზით დავის მოგვარება არ უცდია. შესაბამისად, საქართველომ უნდა დაუმტკიცოს სასამართლოს, რომ დავის მოგვარების მოლაპარაკების მცდელობის მიუხედავად, ამას შედეგი არ გამოიღო. სწორედ ამის მერე, შესაძლოა, დავა „შებრუნდეს“ ICJ-ში და, ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირში არაა. არ გამოვრიცხავ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებამ ამ პროცესს ხელი შეუწყოს, მაგრამ ამგვარი პირდაპირი კორელაცია არ არსებობს.
ამასთანავე, რაც უფრო მეტი დროს გადის და საქართველო არ ცდილობს ამ მექანიზმის (მოლაპარაკების მეშვეობით დავის მოგვარება) გამოყენებას, უფრო რთული იქნება საქმის განახლება. საქმის განახლებისთვის აუცილებელია ახალაღმოჩენილი ფაქტი და შესაძლოა, ასეთ ფაქტად მიჩნეულ იქნას იმის დამტკიცება საქართველოს მხრიდან, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. თუმცა, ამის დამტკიცებაც რომ მოხდეს, სასამართლო საქმეს არ განაახლებს, თუ გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია 10 წელი. ჩვენ შემთხვევაში, ეს თარიღი არის 2021 წლის 1 აპრილი.
– რაც შეეხება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს… როგორც ცნობილია, ჰააგის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გამოძიება სამი წლის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ბენსუდასვე განმარტებით, საქართველოდან მიიღო წერილი ადგილობრივ დონეზე გამოძიების შეჩერების შესახებ. იყო თუ არა საქართველოს ინტერესებში პროცესის ICC-ში გადატანა?
– აღსანიშნავია, რომ რომის სტატუტის მიხედვით, მოქმედებს ე.წ. კომპლემენტარობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმეს ჯერ იძიებს სახელმწიფო და ამ გამოძიებაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ ერთვება. იმავდროულად, სასამართლო რეგულარულად იღებს ინფორმაციას წევრი ქვეყნის მიერ გამოძიების ჩატარების თაობაზე. საქართველოს სახელმწიფო იძიებდა 2008 წლის ომის საქმეს მანამდე, სანამ იუსტიციის სამინისტრომ წერილით არ მიმართა სასამართლოს პროკურატურის ოფისს, რომ გამოძიება ჩიხში შევიდა. კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ქალბატონი ბენსუდას სასამართლოსადმი მიმართვაში (სწორედ ამ მიმართვით საფუძველზე დაიწყო გამოძიება 2016 წელს) ვკითხულობთ:
“აქამდე, შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ გამოძიების პროცესში იყო პროგრესი. თუმცა, 2015 წელს ეროვნული გამოძიება ჩიხში შევიდა, ვინაიდან საქართველოს მთავრობამ დაუდასტურა პროკურატურის ოფისს, რომ სისხლის სამართლის პროცესი, რომელიც შეეხებოდა სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების იძულებითი გადაადგილების საკითხს, განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა. ანალოგიური სიტუაციაა ქართველი სამშვიდობოების წინააღმდეგ თავდასხმის საკითხების გამოძიებასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, რუსი სამშვიდობოების მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოებული გამოძიება გრძელდება, საკითხი, რომლის მსვლელობასაც პროკურორი დააკვირდება, თუ სასამართლო თანხმობას გასცემს გამოძიების დაწყებაზე”.
გარდა ამისა, პროკურორი ამავე მიმართვაში მიუთითებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ 2015 წლის 17 მარტის წერილში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სამშვიდობო მოსახლეობის მიმართ დღემდე ხორციელდება ძალადობის ფაქტები, შესაბამისად, 2008 წლის ომის ფაქტების გამოძიების განახლებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ოკუპირებული ძალების მხრიდან აგრესია და უკანონო მოქმედებების განხორციელება, ისევე, როგორც შეტაკებები კონკრეტული ჯგუფების მხრიდან, რომლებიც შემჩნეულნი არიან კონფლიქტურ ზონებში ძალადობის განხორციელებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, საქართველოს სახელმწიფომ უარი თქვა კომპლემენტარობის პრინციპის გამოყენებაზე სწორედ დასახელებული მიზეზების გამო. თუმცა, მინისტრის წერილის სრული ვერსია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
– რამდენიმე დღეა, სკანდალი არ წყდება იუსტიციის მინისტრის განცხადების ირგვლივ, რომ ჰააგაში “საქართველოს სახელმწიფო ვერ იქნება მხარე ან რამეში დადანაშაულებული, არამედ აქ შეიძლება, მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დადგეს.” თქვენი შეფასებით, ამ განცხადებას აქვს რაიმე პოლიტიკური სარჩული თუ მხოლოდ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მუშაობის პრინციპს ხსნის?
– ფორმალური თვალსაზრისით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მართლაც არ მიმდინარეობს სახელმწიფოებს შორის დავა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ბრალს წაუყენებს ქართველ სამხედროებს, პოლიტიკოსებს ან სხვა პირებს, რომლებიც ომის პერიოდში საკვანძო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ამ შედეგის პოლიტიკური ფასი, შესაძლოა, ძალიან მძიმე იყოს. კერძოდ, მოვლენების ასეთმა განვითარებამ შესაძლოა, ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინოს არაღიარების პოლიტიკაზე, დეოკუპაციის პროცესზე და სხვა. გარდა ამისა, ძალიან მძიმე სანახავი იქნება, რომ ქართველი ბრალდებულების წინააღმდეგ შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქართველი პოლიტიკოსებისვე განცხადებები ომის დაწყების, კონკრეტული ომის დანაშაულების ჩადენის და სხვა საკითხების გარშემო. ამგვარი განცხადებები, განსაკუთრებით, გაკეთებული უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, საერთაშორისო სამართალში შესაძლოა, მტკიცებულად იქნას გამოყენებული.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ და საზოგადოებას ავუხსნათ, რა პროცესი მიმდინარეობს ჰააგაში, რა რისკები ახლავს ამ პროცესს და რა საზიანო შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას. შესაბამისად, საარჩევნო მიზნებისთვის ამ თემის გამოყენება არჩევნებში მონაწილე ნებისმიერი ძალის მხრიდან, მით უფრო სპეკულაციები და ცრუ თუ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, არის დაუშვებელი.
– რა შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს საქართველოსთვის ჰააგის სასამართლოს გამოძიება? რამდენად მაღალია ალბათობა იმისა, რომ ჰააგის პროკურატურამ დაკავების ორდერები გასცეს საქართველოს შეიარაღებული ძალების და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებების რიგ წარმომადგენლებზე და არა რუსეთის მოქალაქეებზე? ან გასცეს დაკავების ორდერები, მაგრამ ვერ აღასრულოს რუსეთის შემთხვევაში, რადგან ქვეყანა არ არის რომის სტატუტის წევრი?
– პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ რას ნიშნავს დაკავების ორდერი. დაკავების ორდერის მიზანია, პირი ფიზიკურად წარადგინოს სასამართლოს წინაშე, რადგან პროკურორი ფიქრობს, რომ ამ პირის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა რომის სტატუტით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (იგულისხმება შემდეგი დანაშუალები: გენოციდი, კაცობრიობის მიმართ ჩადენილი დანაშაულები, ომის დანაშალები ან/და აგრესია). პირის ფიზიკურად სასამართლოსადმი წარდგენის გარეშე, საქმის არსებითი განხილვა ვერ გაიმართება.
შესაბამისად, თუ დაკავების ორდერი გამოიცა ყველა მხარის (რუსეთის ფედერაციის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ძალების, საქართველოს) წარმომადგენლის მიმართ, დიდი ალბათობაა, რომ რუსეთმა ბრალდებული პირი სასამართლოს არ გადასცეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პირის მიმართ პროცესები ვერ გაიმართება. თავისთავად, ასევე ნაკლებია იმის ალბათობა, რომ სეპარატისტული ძალების ლიდერებს რუსეთი ჰააგას გადასცემს მაშინ, როდესაც, საქართველოს ამგვარი ვალდებულება ნაკისრი აქვს სწორედ რომის სტატუტით.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაკავების ორდერი შეიძლება იყოს ღია ანუ საჯარო და დახურული. დახურული ორდერი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც როგორც თავად ბრალდებულმა, ასევე, მესამე პირებმა არ იციან, რომ პირი დასაკავებელია. ვინაიდან რომის სტატუტის ყველა წევრი ქვეყანა (სულ 123 სახელმწიფო) ვალდებულია აღასრულოს გადაწყვეტილება და დააკავოს თავის ტერიტორიაზე მყოფი ბრალდებული, შესაძლოა, ეს იყოს გზა რუსეთის და სეპარატისტული ძალების წარმომადგენელთა სასამართლოში წარსადგენად.
მეორე მხრივ, თუ ეს ადამიანები არ გადაკვეთენ საკუთარი ქვეყნის ან/და ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრებს, ეს მექანიზმი არაეფექტური იქნება. ასევე, სასამართლოს პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როდესაც წევრმა ქვეყანამ (მათ შორის, მესამე ქვეყანამ) არ გადასცა ბრალდებული სასამართლოს და დაარღვია დასახელებული საერთაშორისო ვალდებულება.
შესაბამისად, აღსრულებასთან მიმართებით, საქართველო აშკარად უთანასწორო მდგომარეობაშია.
დაბოლოს, სასამართლო ვალდებული არაა ერთდროულად, ყველა მხარის მიმართ გამოსცეს დაკავების ორდერები. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც საკმარისია პირის დასაკავებლად, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პირების მიმართ გამოძიება შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომ, ჰიპოთეტურად, შეიძლება მხოლოდ ქართველები დააკავონ. აღნიშნული რისკი უფრო რეალურია იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია და სეპარატისტული ძალები არ თანამშრომლობენ სასამართლოსთან, ხოლო მათ მიერ მიწოდებული მტკიცებულებების გადამოწმებას სასამართლო ამ დრომდე ვერ ახერხებს. ისევე როგორც, სასამართლო ვერ ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან/და რუსეთის ფედერაციაში.
– ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენი შეფასებით, კომპლემენტარობის პრინციპზე უარის თქმა სწორი გადაწყვეტილება იყო?
– თავად სასამართლო ახალისებს ქვეყნებს, უარი არ თქვან ამ პრინციპზე და მაქსიმალურად გამოიყენონ. ასე რომ, სახელმწიფოები ცდილობენ და უნდა ეცადონ, რაც შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ, რომ ეს პრინციპი დაცული იყოს. რაც შეეხება საქართველოს სიტუაციის გამოძიებას, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის პირველი საქმე, რომელიც შეეხება საერთაშორისო კონფლიქტს, რომელშიც ჩართულია რომის სტატუტის არაწევრი და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი სახელმწიფო. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ინტერესი უნდა იყოს, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც რუსეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ძალების ინტერესებს ატარებდნენ და ჩაიდინეს ისეთი უმძიმესი დანაშაულები, როგორიცაა: ქართველთა ეთნიკური წმენდა, მკვლელობები, წამება და გაუპატიურება, ქონების განადგურება. ამისთვის კი, საქართველოს უნდა ჰყავდეს მუდმივი წარმომადგენელი სასამართლოში და ჩართული იყოს სასამართლოს ყოველდღიურ საქმიანობაში სხვადასხვა კომიტეტსა თუ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მეშვეობით და საკუთარი ინტერესების გატარებით.