უკან დაბრუნება
20 თებერვალი 2020

თომას ლუბანგა დიილო

coalitionfortheicc.org

კონგოელი შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი, თომას ლუბანგა 2012 წლის მარტში ომის დანაშულებისა და 15 წლამდე არასრულწლოვნების ჯარში ძალდატანებით ჩართვისთვის გასამართლდა. არასრულწლოვნებს იგი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე საომარ მოქმედებებში იყენებდა, რაც დადასტურებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ. სასამართლომ ლუბანგას 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელს იგი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საპატიმროში მოიხდის. 

ICC-ს პირველი მნიშვნელოვანი პროცესი

როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის პირველი საქმე, ლუბანგას სასამართლო პროცესი საერთაშორისო მართლმსაჯულების რომის წესდების სისტემისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ჯარისკაცი ბავშვებისა და კონფლიქტში ბავშვების დაცვის აუცილებლობის პრობლემას. ბრალდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი და პატიმრობა მნიშვნელოვანი მესიჯი იყო მსგავს დანაშაულში მონაწილე პირებისთვის. 

  • წინარე ისტორია:

დანაშაულების ჩადენისას ლუბანგა იყო კონგოს პატრიოტთა კავშირის (UPC) დამფუძნებელი და მისი სამხედრო ფრთის - კონგოს გამათავისუფლებელ პატრიოტთა ძალების (FPLC) მეთაური. ლუბანგას კონტროლის ქვეშ არსებული შეიარაღებული ძალები, რომელიც შედგებოდა ჰემას ეთნიკური ჯგუფის წევრებისგან, ეჭვმიტანილი იყო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ  მძიმე დანაშაულების ჩადენაში იტურიში, ლენდუს ეთნიკური ჯგუფის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ  მიწისა და ბუნებრივი რესურსების გარშემო მიმდინარე კონფლიქტის დროს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ რეგიონში (2002-2003 წწ.). ლუბანგას დაპატიმრებისა და 2006 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის შემდეგ, კონგოს პატრიოტთა კავშირის მეთაურობა ჩაიბარა მისმა მოადგილემ, ბოსკო ნტაგანდამ, რომელიც სასამართლომ ასევე დაასახელა ეჭვმიტანილად.

  • ბრალდებები: 

თომას ლუბანგას ბრალად ედებოდა 15 წლამდე არასრულწლოვნების ძალადატანებით ჩართვა საომარ მოქმედებებში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი ლუბანგას წინააღმდეგ გაიცა 2006 წლის 10 თებერვალს. ის დააკავეს და ჰააგის სასამართლოს გადასცეს 2006 წლის 16 მარტს. მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები დაადასტურა წინასასამართლო პალატამ 2007 წლის 29 იანვარს. 

  • განაჩენი:

2012 წლის 14 მარტს ლუბანგა დამნაშვედ ცნეს ომის დანაშაულში - 15 წლამდე არასრულწლოვნების ძალდატანებით ომში გაწვევა და მათ აქტიურ საომარ მოქმედებებში ჩართვა. მოსმენების დროს სასამართლოს ათმა ყოფილმა არასრულწლოვანმა ჯარისკაცმა მისცა ჩვენება. FPLC ახორციელებდა ახალგაზრდების ომში ფართომასშტაბიან გაწვევას. მათ შორის იყვნენ 15 წლამდე ბავშვებიც. სამხედრო ბანაკებში წვრთნების გავლის შემდეგ, ახალგაზრდები ნაწილდებოდნენ ბუნიაში, ჩომიაში, კასენვისსა და ბოგოროში. ისინი მონაწილეობდნენ ბრძოლებში ისეთ ადგილებში, როგორიცაა: კობუ, სკონგოლო და მონგბვალუ. ბავშვებს ასევე იყენებდნენ სამხედრო დარაჯებად და კადოგოს სპეციალურ რაზმში, ძირითადად, ბავშვები შედიოდნენ. 
2014 წლის დეკემბრის თვეში, სააპელაციო პალატის მოსამართლეთა უმრავლესობამ დაადასტურა განაჩენი.

  • პატიმრობის ვადა:

2012 წლის 10 ივლისს ლუბანგას 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლეებმა დაადგინეს შემამსუბუქებელი ფაქტორები, მათ შორის - ლუბანგას თანამშრომლობა გამოძიებასთან. დამამძიმებელი ფაქტორების ნაკლებობის გამო, ICC-ს პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის ზომა - 30-წლიანი პატიმრობა არ ჩაითვალა რელევანტურად. მოსამართლეებმა, ასევე, გადაწყვიტეს, რომ ლუბანგას პატიმრობის ვადას გამოკლებოდა ჰააგის ციხეში უკვე გატარებული 6 წელი დაკავებიდან (2006 წლის მარტიდან). 2015 წლის დეკემბერში ICC-ს სააპელაციო პალატამ უარი განაცხადა, დამატებით კიდევ შემცირებულიყო ლუბანგას სასჯელი. 

  • გამოწვევები:

სასამართლო განხილვებისას რამდენიმე გამოწვევამ იჩინა თავი; ზოგიერთის მიზეზი იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოუცდელობა. მსგავსი გამოწვევების თავიდან აცილების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოება, სასამართლოსთან თანამშრომლობით ცდილობს, წარსული გამოცდილება გარდაიქმნას საუკეთესო პრაქტიკისა და სტრატეგიების ახალ სტანდარტში. 

მოსამართლეები აკრიტიკებენ პროკურატურას „შუამავლების“ გამოყენების გამო

თავის განაჩენში, სააპელაციო პალატამ, ასევე, აღნიშნა, რომ სასამართლოს პროკურატურამ  (OTP) საკუთარი საგამოძიებო პასუხისმგებლობა არ უნდა გადასცეს შუამავლებს - ხალხს, რომლებიც ხელს უწყობდნენ კონტაქტს  ან ერთმანეთთან აკავშირებენ პროკურატურასა და საქმის მოწმეებს. აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია ზოგიერთი მტკიცებულების არასანდოობა. ამასთან დაკავშირებულმა სამართლებრივმა გამოწვევებმა, საბოლოო ჯამში, პროცესი შეანელა. 

სასამართლო განხილვის ხანგრძლივობა და ბრალდებულის უფლებები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ხანგრძლივობა ბევრჯერ გააკრიტიკეს, ვინაიდან ამით ირღვევა ბრალდებულის უფლებები და იზრდება ხარჯები. ლუბანგას სასამართლო პროცესი 6 წელი გაგრძელდა - მისი დაკავებიდან განაჩენის გამოტანამდე, უმეტესად - იმის გამო, რომ პროცესი ორჯერ შეწყდა. პირველად (2008 წლის ივლისში) პროკურატურამ პოტენციურად გამამართლებელი მტკიცებულება ხელმისაწვდომი არ გახადა დაცვის მხარისთვის. მეორედ (2010 წლის ივლისში) მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შეუძლებელი იყო სამართლიანი სასამართლოს წარმართვა, ვინაიდან პროკურატურამ ვერ შეძლო დაცვის მხარისთვის წარედგინა მათი შუამავლები. 2010 წლის ოქტომბერში სააპელაციო პალატამ ორივე დროებითი შეჩერება გააუქმა და განაცხადა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომები შეიძლებოდა მიეღო სასამართლოს, მაგალითად - სანქციები. 

ვიწრო ბრალდებები იწვევს კრიტიკას, სექსუალური ძალადობა გამოტოვეს

ლუბანგას მიმართ წარდგენილი ვიწრო ბრალდებები ასევე საპირისიპიროს ამტკიცებდა. ზოგიერთი დამკვირვებლის განცხადებით, წაყენებული ბრალდებები არ წარმოადგენდა ლუბანგას და მისი ჯარისკაცების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების სრულ სურათს. ბევრი სვამდა კითხვას: რატომ იყო ბრალდებიდან გამორჩენილი სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის დანაშაულები. „ქალების ინიციატივა გენდერული მართლმსაჯულებისთვის“ (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის კოალიციის მმართველი კომიტეტის წევრი ორგანიზაცია) წარმომადგენლები შეეცადნენ, რომ წარდგენილი ბრალდებები შეცვლილიყო და მასში დამატებულიყო აღნიშნული დანაშაულებიც, რაც მოსამართლეებმა არ დააკმაყოფილეს. სააპელაციო პალატამ, ასევე, შეცვალა სასამართლო პალატის გადაწყვეტილება, მომხდარიყო ფაქტების იურიდიული დახასიათების მოდიფიცირება და მასში შესულიყო არაადამიანური მოპყრობა და სექსუალური მონობა. 

  • მსხვერპლები: 

ლუბანგას საქმე იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მსხვერპლთა ჩართულობისა და წარმომადგენლობის სისტემის პირველი გამოცდა. სასამართლო განხილვებში მონაწილეობა მიიღო 129 მსხვერპლმა იურიდიული წარმომადგენლების საშუალებით. განაჩენმა პირველად აამუშავა სასამართლოს რეპარაციის მანდატი. სასამართლოს მიერ დადგენილი რეპარაციის პროცესის განხორციელება დაიწყება სასამართლოს მსხვერპლთა ნდობის ფონდის მიერ მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ ლუბანგას არ აქვს სახსრები. 

ორიგინალი
 

gcicc
The Hague