წესდება

საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის
წესდება

პრეამბულა

ვითვალისწინებთ რა უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების სერიოზული დარღვევების განხორციელებას საქართველოს ტერიტორიაზე;
ვადასტურებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული უმძიმესი დანაშაულები, როგორიცაა გენოციდი, აგრესიის დანაშაული, ომის დანაშაული და ადამიანურობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი; 
ვაღიარებთ, რომ დაუსჯელობის სინდრომის, ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა სერიოზული დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოა;
ვადასტურებთ, რომ შეუძლებელია ხანგრძლივი მშვიდობა და შერიგება სამართლიანობის გარეშე; 
ვართ რა ერთგულნი ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პრინციპებისა;
ვაგრძელებთ რა „საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“ 2003 წლიდან დღემდე განხორციელებულ საქმიანობას, 
ვეყრდნობით რა ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაწეულ სამუშაოს და მათ მიერ მსხვერპლთა დახმარებასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;
„საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“ წევრი ორგანიზაციების – კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, „21 საუკუნე’’, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“, „საერთაშორისო სამართლიანობა“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ – წარმომადგენლები ვიღებთ გადაწყვეტილებას, ერთობლივი ძალისხმევით გავაძლიეროთ კოალიციის მუშაობა კოალიციის წესდებაში წარმოდგენილი ცვლილებებით, რათა გავზარდოთ კოალიციის საქმიანობის ეფექტიანობა და უზრუნველვყოთ კოალიციის მიზნებისა და ამოცანების შესრულება. 

თავი I
სახელწოდება, მიზანი და ამოცანები

მუხლი 1.1 სახელწოდება
ქართულად: საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის. ინგლისურად: Georgian Coalition for the International Criminal Court (GCICC).
მუხლი 1.2 მიზანი
საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (შემდგომში კოალიცია) მიზნად ისახავს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, მდგრადი მშვიდობისა და შერიგების მიღწევას საქართველოში, გენოციდის, აგრესიის დანაშაულის, ომის დანაშაულისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობის დამკვიდრებას, ამგვარ დანაშაულთა მსხვერპლთათვის რეპარაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობას როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. 
მუხლი 1.3 ამოცანები
საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამოცანებია: 
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების დოკუმენტირება/აღნუსხვა;
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულთა მსხვერპლთა ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების, მათ შორის დაზარალებული თემის, ცნობიერების ამაღლება; 
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიციასთან თანამშრომლობა;
შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის, მათი მშვიდობიანი მოგვარებისა და საზოგადოებაში ნდობის აღდგენის ხელშეწყობა.

თავი II
საერთო კრება

მუხლი 2.1 საერთო კრება 
1. კოალიციაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები და მმართველობითი ორგანო არის კოალიციის ყველა წევრი ორგანიზაციისაგან შემდგარი საერთო კრება. 
2. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ კრებაში ფიზიკურად ან ელექტრონული საშუალების გამოყენებით მონაწილეობს კოალიციის წევრთა ნახევარზე მეტი. ამასთან, საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კოალიციის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.

მუხლი 2.2 საერთო კრების სხდომების ჩატარების წესები 
1. კოალიციის წევრთა საერთო კრება იმართება კვარტალში მინიმუმ ერთხელ. კოალიციის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან კოალიციის წევრთა 1/3-ის ინიციატივით, შესაძლებელია, მოწვეულ იქნას რიგგარეშე კრება, კოალიციის წევრთა ელექტრონული ფოსტით ან/და სხვა საკომუნიკაციო საშუალების მეშვეობით წინასწარი შეტყობინებით. 
2. კოალიციის წევრთა საერთო კრებას უძღვება კოალიციის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე. კოალიციის წევრთა საერთო კრების მიმდინარეობაზე დგება ოქმი, რომლის სისწორეზეც პასუხისმგებელია თავმჯდომარე ან მისი არ ყოფნის შემთხვევაში - მოადგილე.
3. საერთო კრების სხდომაზე კოალიციის წევრს, ყოველგვარი მინდობილობის გარეშე, წარმოადგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ხოლო მისი არყოფნის შემთხევაში, ყოველგვარი მინდობილობის გარეშე, უფლებამოსილი წარმომადგენელი. 
4. საერთო კრების სხდომები, როგორც წესი, ღიაა კოალიციის ნებისმიერი წევრისათვის. სხდომაზე დამსწრე კოალიციის წევრს უფლება აქვს, აზრი გამოთქვას განსახილველ საკითხზე და მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 
5. საერთო კრების სხდომების ჩატარების დროისა და თარიღის შესახებ ინფორმაცია იგზავნება კოალიციის ყველა წევრთან არაუგვიანეს სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე. ინფორმაციის გაგზავნას უზრუნველყოფს კოალიციის თავმჯდომარე ან მისი დავალებით მოადგილე.

მუხლი 2.3. საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1. საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საერთო კრებაზე დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, თუ ამ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. გადაწყვეტილების მიღების დროს, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის თავმჯდომარეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილეს.
2. გარდა ქვემოთ მითითებული საკითხებისა, გადაწყვეტილება შესაძლოა, მიღებულ იქნას ფარული კენჭისყრით კოალიციის წევრთა 2/3-ის გადაწყვეტილებით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა.  გადაწყვეტილების მიღების დროს, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის თავმჯდომარეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილეს.
3. დაუშვებელია ქვემოთ მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ფარული კენჭისყრით: 
კოალიციის წესდებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა;
კოალიციის ახალი წევრების მიღება;
კოალიციის წევრობის შეწყვეტა;
კოალიციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა;
4. საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას კოალიციის თავმჯდომარე ან მისი დავალებით თავმჯდომარის მოადგილე დაუყოვნებლივ აგზავნის კოალიციის ყველა წევრთან. 

თავი III
ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებები 

მუხლი 3.1 ხელმძღვანელი პირები
კოალიციის ხელმძღვანელი პირები არიან: თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე. 
მუხლი 3.2 ხელმძღვანელი პირების არჩევა 
კოალიციის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს, თავისი შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, ირჩევს საერთო კრება, ორი წლის ვადით. თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს საერთო კრების ნებისმიერ წევრს. თავმჯდომარედ და თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატზე მეტ ხმას. კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა.  
მუხლი 3.3  გადადგომა
კოალიციის ხელმძღვანელ პირებს უფლება აქვთ, გადადგნენ პირადი განცხადების საფუძველზე, რის თაობაზეც ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებენ საერთო კრებას. 
მუხლი 3.4.  გაწვევა
კოალიციის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, კოალიციის ხელმძღვანელი პირები შეიძლება, გაწვეულ იქნან თავმჯდომარეობიდან/ მოადგილეობიდან პოზიციიდან საერთო კრების წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის გადაწყვეტილებით, მათ მიმართ არსებული დასაბუთებული არგუმენტაციის არსებობისას. 

მუხლი 3.5. კოალიციის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები 
1. კოალიციის თავმჯდომარე კოალიციის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, ახორციელებს კოალიციის ზოგად ხელმძღვანელობას და კოორდინაციას.
2. თავმჯდომარე არის კოალიციის წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობებში და ის აკეთებს საჯარო განცხადებებს კოალიციის საქმიანობასა და მომავალ გეგმებზე. თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი წინასწარ უნდა შეთანხმდეს საერთო კრებასთან. 
3. კოალიციის თავმჯდომარე არის, რომელიც უზრუნველყოფს კოალიციის შეუფერხებელ მუშაობას, მათ შორის, შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
კოალიციის წევრი ორგანიზაციების საკონტაქტო რეესტრის შედგენა/განახლება და წევრებთან გაზიარება; 
კოალიციის წევრთა დროული ინფორმირება კოალიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე;
კოალიციის წევრებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია, წინასწარ, გონივრული ვადის დაცვით; 
კოალიციის წევრების ინფორმირება კოალიციაში მომხდარი სტრუქტურული ცვლილებების, კოალიციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და სხვა აქტივობების შესახებ. 
კოალიციის საერთო კრების/სამუშაო შეხვედრების მომზადება, ორგანიზება, შეხვედრის დღის წესრიგისა  და ოქმების შედგენა;
კოალიციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების/განახლების პროცესის ორგანიზება კოალიციის სხვა წევრებთან ერთად;
კოალიციის მიზნების მიღწევისათვის შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის, ინფორმაციის მოპოვებით, წინასწარი ანალიზისა და წერილობითი დოკუმენტების მომზადებითა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით;
საერთო კრებისთვის კოალიციის საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში საერთო კრებისთვის წარდგენა; 
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიციასთან თანამშრომლობა;
ადვოკატირება საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე კოალიციის დასახული მიზნების მიღწევისათვის;
ამ წესდებით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება;

მუხლი 3.6 კოალიციის თავმჯდომარის მოადგილის უფლება-მოვალეობები
თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე ორგანიზაცია ახორციელებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას. თავმჯდომარის მოადგილე, მათ შორის, ასრულებს შემდეგ საქმიანობას: 
დახმარებას უწევს თავმჯდომარეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაში, ინფორმაციის ანალიზსა და წერილობითი დოკუმენტების მომზადებაში. 
თავმჯდომარესთან შეთანხმებით იწვევს საერთო კრებას/სამუშაო შეხვედრებს და განსაზღვრავს დღის წესრიგს;
მონაწილეობს კოალიციის შეხვედრებში მესამე პირებთან. 
ასრულებს თავმჯდომარის სხვა დავალებებს;
ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

თავი IV
კოალიციის წევრობა

მუხლი 4.1 წევრობის წინაპირობები
1. კოალიციის წევრი შეიძლება, გახდეს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს და იზიარებს კოალიციის მიზნებსა და ამოცანებს, გამოხატავს მზაობას კოალიციის სხვა წევრებთან თანამშრომლობაზე კოალიციის საერთო მიზნების მისაღწევად, აქვს მკვეთრად გამოხატული ინტერესი და მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
2. კოალიცია ღიაა ახალი წევრებისთვის. კოალიციის წევრად მიღების მსურველმა ორგანიზაციამ კოალიციის თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის მოადგილეს წერილობით უნდა წარუდგინოს შევსებული განაცხადი და ორი რეკომენდაცია საერთაშორისო სამართლის ან/და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან. თავმჯდომარე ან/და თავმჯდომარის მოადგილე უახლოეს კრებამდე უგზავნის საერთო კრებას შესაბამისი ორგანიზაციის შესახებ წევრობასთან დაკავშირებით მიღებულ დოკუმენტაციას. საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საერთო კრებას უფლება აქვს, წევრად მიღების მსურველი ორგანიზაციისაგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და დანიშნოს გასაუბრება. საერთო კრება განიხილავს გაწევრიანებაზე მიღებულ განაცხადს და გადაწყვეტილებას იღებს დაინტერესებული ორგანიზაციის კოალიციის წევრად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, განაცხადის მიღებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. 

მუხლი 4.2. კოალიციის წევრის ვალდებულებები
კოალიციის წევრი ვალდებულია:
პატივი სცეს კოალიციის მიზნებსა და ამოცანებს;
დაიცვას და შეასრულოს კოალიციის წესდება; 
რეგულარულად მიიღოს მონაწილეობა კოალიციის საქმიანობაში, მათ შორის, კოალიციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

მუხლი 4.3 კოალიციის წევრობის შეწყვეტა
1. კოალიციის წევრს, საერთო კრების წევრთა არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით, შეიძლება, შეუწყდეს კოალიციის წევრობა საერთო კრების სრული შემადგენლობის 2/3-ის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ იგი: 
ა) სისტემატურად არ ერთვება კოალიციის საქმიანობაში ან/და, ახორციელებს კოალიციის მიზნებსა და ამოცანებთან შეუფერებელ საქმიანობას; ან
ბ) დაარღვევს კოალიციის გადაწყვეტილებებს; ან
გ) უპატივცემულოდ მოეპყრობა კოალიციის რეპუტაციასა და მის წევრებს.
მუხლი 4.4 კოალიციიდან გასვლა
კოალიციის წევრს უფლება აქვს, დატოვოს კოალიცია, თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რის თაობაზეც წერილობით აცნობებს თავმჯდომარეს ან/და მის მოადგილეს.

თავი V
კოალიციის სამუშაო შეხვედრები

მუხლი 5.1. კოალიციის სამუშაო შეხვედრები 
1. კოალიციის ნებისმიერი წევრის ინიციატივით შეიძლება, ჩატარდეს სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრის ჩატარების თაობაზე კოალიციის წევრების ინფორმირება ხდება კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით. სამუშაო შეხვედრები იმართება კოალიციის საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხების განსახილველად.
2. სამუშაო შეხვედრებზე კოალიციის წევრს, ყოველგვარი მინდობილობის გარეშე, წარმოადგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, ყოველგვარი მინდობილობის გარეშე, უფლებამოსილი წარმომადგენელი.

თავი VI
კოალიციის წევრების ინფორმირება და კოალიციის გარე კომუნიკაცია

მუხლი 6.1. კოალიციის მიერ განხორციელებული გარე და შიდა კომუნიკაციის წესები
1. კოალიციის წევრებისა და საზოგადოების ინფორმირება ხდება სოციალური ქსელების, ელექტრონული ფოსტის, ვებ გვერდისა და სხვა საშუალებების გამოყენებით.

თავი VII
ინტერესთა კონფლიქტი

მუხლი 7.1. ინტერესთა კონფლიქტის განმარტება
1. კოალიციის საერთო კრების სხდომებზე საკითხების განხილვის დაწყებამდე კოალიციის წევრი ორგანიზაცია ვალდებულია, წინასწარ განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ და არ მიიღოს მონაწილეობა საკითხის განხილვაში. 
2. ინტერესთა კონფლიქტი არის ნებისმიერი სახის კერძო თუ საჯარო ურთიერთობა ან/და მდგომარეობა, რომელიც, შესაძლოა, ჰქონდეს ორგანიზაციას ან/და მის რომელიმე წარმომადგენელს, რისი გათვალისწინებითაც, ობიექტური დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პირი ვერ იქნება დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი. ინტერესთა კონფლიქტის წარმომქმნელი გარემოება შესაძლოა, დაკავშირებული იყოს კერძო, პროფესიულ, საზოგადოებრივ, ოჯახურ, ნათესაურ ან ნებისმიერ სხვა ნიშანსა თუ გარემოებასთან.

თავი VIII
დასკვნითი დებულებები

მუხლი 8.1 გარდამავალი დებულებები
1. წინამდებარე წესდება შედგენილია ქართულ ენაზე. 
2. წესდება მიღებული იქნა ერთხმად კოალიციის წევრების მიერ 2019 წლის 23 სექტემბერს.