გვერდები

30 იანვარი 2020

ეროვნული მექანიზმები

საომარი მოქმედებების დროს ჩადენილ დანაშაულებს 2008 წლიდან დღემდე იძიებენ საქართველოს გენერალური პროკურატურა და რუსეთის ფედერაციის პროკურატურის ოფისი. 

საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიება 

2008 წლის 9 აგვისტოს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო გამოძიება 2008 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს სამოქალაქო პირთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 407-ე მუხლით (გენოციდი) და 411-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა შეიარაღებული კონფლიქტის დროს). ხოლო 2008 წლის 11 აგვისტოს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 413-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების სხვა დარღვევა - მაროდიორობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. 

2009 წელს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეები გამოსაძიებლად გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა, რათა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ერთიანი საქმის ფარგლებში მომხდარიყო. გენოციდის მუხლით გამოძიება აღარ გაგრძელდა მისი დაუსაბუთებლობის გამო. 

გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო ორგანოებმა არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, კერძოდ, დაკითხეს 7 000-მდე მოწმე, დაათვალიერეს 30-მდე შემთხვევის ადგილი, მათ შორის გორის და ქარელის რაიონებში, ჩაატარეს სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერები, სატელიტის ფოტოები და სხვა. გამოძიების ფარგლებში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაშავებულ პირთა ნაწილს მიენიჭა დაზარალებულის ან/და დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი.

2015 წლის 17 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს აცნობა, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოებულ გამოძიებაში ვერ მოხდებოდა შემდგომი პროგრესი ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარედ არსებული უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სამინისტროს განმარტებით, ადგილობრივ დონეზე გამოძიება შეჩერდა გაურკვეველი დროით, უსაფრთხოების პრობლემების აღმოფხვრამდე. 

ამ ეტაპზე გამოძიება ფორმალურად კვლავ გრძელდება. თუმცა, დღემდე საგამოძიებო ორგანოების მიერ არ მომხდარა კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა. 

რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიება 

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პროკურატურის ოფისის საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო გამოძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ რუს მშვიდობისმყოფელთა სავარაუდო მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით. 2008 წლის 9 აგვისტოს იგივე კომიტეტმა დაიწყო გამოძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირების სავარაუდო მკვლელობის ფაქტზე. 2008 წლის 12 აგვისტოს საგამოძიებო ორგანომ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო საქართველოს სამხედრო ძალების მხრიდან გენოციდის ჩადენის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 357-ე მუხლით. 

მოგვიანებით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეები გაერთიანდა ერთ სისხლის სამართლის საქმედ. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაიკითხა 1000-ზე მეტი მოწმე, მოპოვებულ იქნა ცხინვალში მშვიდობისმყოფელთა ბატალიონის განლაგების ადგილი, ინფორმაცია სამხედრო შეიარაღებაზე, სამედიცინო დოკუმენტაცია და სატელიტური ფოტოები, ასევე, ჩატარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები. 

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის განმარტებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე შეისწავლეს საქართველოს 600-მდე მოქალაქის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა მათ მიმართ რუსი სამხედრო პირების მხრიდან სხვადასხვა დანაშაულების ჩადენას. საჩივრებში მითითებული ფაქტების შესასწავლად საგამოძიებო ორგანოებმა ჩაატარეს გარკვეული სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დაკითხეს 2 000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე 50 სამხედრო დანაყოფიდან და სამხრეთ ოსეთის ძალების წევრები. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ვერ მოიპოვა 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსი სამხედროების მხრიდან სავარაუდო დანაშაულების ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულება. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ რუს მშვიდობისმყოფელთა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.