სამხრეთ ოსეთი, როგორც ავტონომიური ოლქი, საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე, ფორმალურად შეიქმნა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოებისა და სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის დეკრეტით.
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების პარალელურად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში თავი იჩინა სეპარატისტულმა მოძრაობამ, რომლის მიზანს საქართველოსგან გამოყოფა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შექმნა წარმოადგენდა. ოლქში სეპარატისტული იდეოლოგია და ქმედებები აქტიურად იყო წახალისებული და მხარდაჭერილი რუსეთის მიერ. შედეგად, 1980-იანი წლების ბოლოს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დამოუკიდებლობის მოთხოვნის საპასუხოდ დაპირისპირება დაიწყო საქართველოში, თბილისსა და ცხინვალს შორის, რაც 1991-92 წლებში, შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა.
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, 1992 წლის 24 ივნისს საქართველოსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების შესაბამისად, შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია (JCC), მასთან არსებული შერეული სამშვიდობო ძალები მშვიდობისა და წესრიგის დასაცავად (JFPKLO) და დამკვირვებელთა შერეული ჯგუფები (JGO) რუსული, ქართული და ოსური კონტინგენტის შემადგენლობით.
შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ნაწილზე წვდომა დაკარგა. იმავდროულად, დაიღუპა არაერთი ადამიანი, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კი იძულებით მიატოვა საცხოვრებელი სახლები და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ განსახლდა საცხოვრებლად.
საომარი მოქმედებების შეჩერებისა და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით, საქართველოს მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, პოზიტიურ ნაბიჯებს თან ახლდა პერიოდული დაძაბულობები შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე და დაინტერესებულ მხარეთა მხრიდან.
2008 წლის მარტი-აპრილის პერიოდში ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა. ამ პერიოდში რუსეთმა ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე დაიწყო საუბარი, ხოლო საქართველომ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ ოფიციალურად განაცხადა ნატო-ში საქართველოს წევრობის სურვილზე 2008 წლის აპრილში გამართულ ბუქარესტის სამიტზე.
2008 წლის ივლისში ესკალაცია გაიზარდა, რადგან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში სხვადასხვა სახის ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, კონფლიქტის ზონაში განხორციელდა არაერთი შეიარაღებული თავდასხმა, რის შედეგად დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
დაძაბულობის ესკალაციის კულმინაცია 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტი გახდა. 2008 წლის 7-8 ივლისს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს 4 ქართველი სამხედრო პირი, რომლებიც 8 ივლისს გაათავისუფლეს. იმავე დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე ოთხმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია. 2008 წლის 24-28 ივლისს ცხინვალის სამხრეთ შემოგარენში და საქართველოს მიერ კონტროლირებად სოფელ ავნევში ადგილი ჰქონდა აფეთქებებს. ამავდროულად, 2008 წლის ივლისშივე რუსულმა მხარემ ჩაატარა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები უშუალოდ რუსეთ-საქართველოს საზღვართან. ამავე პერიოდში საქართველოშიც დაიწყო სამხედრო წვრთნები პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით.
1 აგვისტოდან კვლავ ადგილი ჰქონდა მცირემასშტაბიან დაპირისპირებებს ქართულ და ოსურ მხარეებს შორის, რაც პერიოდულად მსხვერპლით მთავრდებოდა. აგვისტოს დასაწყისში სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ დაიწყო საკუთარი მოსახლეობის ევაკუაცია რუსეთის ფედერაციაში. 4 აგვისტოს რუსეთის ბატალიონი როკის გვირაბის სიახლოვეს იქნა დისლოცირებული, ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს.
საბრძოლო მოქმედებები ინტენსიური 6 და 7 აგვისტოს გახდა. 2008 წლის 7 აგვისტოს ავნევის საგუშაგოსთან განლაგებულ ქართულ სამშვიდობო ძალებზე სამხრეთ ოსეთის მხრიდან განხორციელდა ინტენსიური დაბომბვა.
8 აგვისტოს ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, მაგრამ რუსული იერიშების შემდეგ მალევე უკან დაიხიეს. 2008 წლის 10 აგვისტოს საქართველომ ცალმხრივად განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ.
2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის ქრონოლოგიური აღწერა ხელმისაწვდომია საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის (IIFFMCG) 2009 წლის ოფიციალურ ანგარიშში (ე.წ. ტალიავინის დასკვნა).
კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა 2008 წლის 12 აგვისტოს, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით, რომელიც ევროკავშირის სახელით მოქმედებდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, მხარეები უარს აცხადებდნენ ძალის გამოყენებაზე და უნდა დაბრუნებოდნენ თავიანთი დისლოკაციის ადგილებს.
2008 წლის 15 აგვისტოს რუსულმა სამხედრო ძალებმა საქართველოს ტერიტორიის დატოვება დაიწყეს, თუმცა, მათ შექმნეს 20 კილომეტრიანი ე.წ. „ბუფერული ზონა“ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, რომელზეც კონტროლს 2008 წლის 10 ოქტომბრამდე ინარჩუნებდნენ.
რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა 26 აგვისტოს გამოსცა ბრძანება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღა წარმოშვა. ომის შედეგად ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და მისი მიმდებარე სოფლებიდან 28 000-მდე პირი იძულებული გახდა, მიეტოვებინა თავისი საცხოვრებელი სახლი. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა ასობით სამოქალაქო თუ სამხედრო პირი, ნაწილი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. იმავდროულად, არაერთი ადამიანი დაშავდა განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგად. ომის დროს, ასევე, ხშირი იყო მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება და მათ მიმართ წამების და არასათანადო მოპყრობის განხორციელება.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი ეფექტიან კონტროლს ახორციელებს საქართველოს სხვა რაიონებსა და სოფლებზე, მათ შორის - ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერეს
რაიონის სოფელი პერევი. ამ ტერიტორიებზე რუსეთის ეფექტიანი კონტროლი დღემდე გრძელდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.
2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. კანონი განსაზღვრავს რუსეთის აგრესიის შედეგად ოკუპირებული რეგიონების სტატუსს და ადგენს მათ განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს. კანონის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმობს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისა და ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.