უკან დაბრუნება
20 მარტი 2020

 სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება - საქართველოს სიტუაცია

დაზარალებულთა მონაწილეობის ნაკლებობა და გამოწვევები
12.2018.
ნინო ცაგარეიშვილი

2016 წლის იანვარში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს უფლება მიეცა, დაეწყო გამოძიება საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით. გამოძიების საგანს წარმოადგენს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოსა და რუსეთს შორის სავარაუდოდ ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.

რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილია სხვადასხვა დანაშაულები, მათ შორის: მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, ეთნიკური ნიშნით დევნა, საკუთრების განადგურება და მარადიორობა. კონფლიქტის შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა.

გამოძიების დაწყებას წინ უსწრებდა წინასწარი მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც პროკურორმა შეკრიბა ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით და დაასკვნა, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რათა ვირწმუნოთ, რომ საქართველოში ჩადენილია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას მიკუთვნებული დანაშაულები. შესაბამისად, პროკურორმა მოითხოვა ნებართვა წინასასამართლო პალატისაგან გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. ამ მოთხოვნის შემდეგ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ მოიწვია დაზარალებულები, რათა გამოეთქვათ შეხედულებები და წარედგინათ „წარმომადგენლობითი ფორმები“ სასამართლოსათვის, თუ რამდენად შედიოდა მათ ინტერესში გამოძიების დაწყების მოთხოვნა.

დაზარალებულთა მონაწილეობა რომის სტატუტის მე-15 მუხლის ფარგლებში (მე-3 ნაწილი): ზეგავლენა და გაკვეთილები

მას შემდეგ, რაც პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების დასაწყებად ნებართვის მოპოვების მიზნით, სასამართლოს ვებსაიტზე იმავე დღეს გამოქვეყნდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, სასამართლო იწვევდა დაზარალებულებს, გაეგზავნათ წარმომადგენლობითი ფორმები წინასასამართლო პალატაში, დაზარალებულთა მონაწილეობისა და რეპარაციის სექციის გავლით (VPRS). აღნიშნული სექცია  კანცელარიის შემადგენლობაშია. კანცელარიამ ორგანიზება გაუწია წარმომადგენლობითი ფორმების სასამართლოში შეტანის პროცესს.

იმისათვის, რომ ფასილიტაცია გაეწია დაზარალებულთა მონაწილეობის პროცესისათვის მე-15 მუხლის შესაბამისად, დაზარალებულთა მონაწილეობისა და რეპარაციის სექციამ 2015 წლის ოქტომბერში განახორციელა მისია საქართველოში. მისია შეხვდა დაზარალებულებს და მათ წარმომადგენლებს, ასევე - მთავრობის წარმომადგენლებს. VPRS-ის წარმომადგენლებმა ყველა ჩართულ მხარეს განუმარტეს პროცესი და მასთან დაკავშირებული პროცედურები. რომის სტატუტის მე-15 მუხლთან დაკავშირებულ წარმომადგენლობითი ფორმების შევსებისა და სასამართლოში წარდგენის პროცესს, უმეტესწილად, ხელმძღვანელობდნენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, იურისტები და თემის ლიდერები. მათ ეფექტიანად ჩართეს თავიანთი ბენეფიციარები პროცესში საკმაოდ მოკლე დროში, რაც მოხერხდა ორმხრივი ურთიერთობისა და ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ ჯამში მიიღო 69 „წარმომადგენლობითი ფორმა“ 6335 დაზარალებულის სახელზე საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით. 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ გაუწია კოორდინაცია აღნიშნული შუამდგომლობების შემუშავების პროცესს. ამ ორგანიზაციებიდან ზოგიერთი უკვე წარმოადგენდა დაზარალებულებს რეგიონალურ დონეზე. თემის ლიდერებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებიდან, ასევე, წარმოადგინეს დაზარალებულთა წარმომადგენლობითი ფორმები. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს სიტუაციაში დაზარალებულებმა დაიწყეს არსებითი მონაწილეობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესში და წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები, თუ რატომ იყო გამოძიება მათთვის მნიშვნელოვანი და რას ელოდნენ  გამოძიებისგან. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 6335 დაზარალებულიდან 99%-მა მხარი დაუჭირა პროკურორის ოფისისათვის ნებართვის მიცემას, გამოეძიებინა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ძალადობა. წარმომადგენლობითი ფორმები იყო ერთ-ერთი მხარდამჭერი მასალა, რომელსაც დაეყრდნო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატა, როდესაც დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა. 

ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი იყო წარმომადგენლობითი ფორმების წარსადგენად არსებული ძალიან მცირე დრო. დაზარალებულებს და მათ წარმომადგენლებს მიეცათ მხოლოდ 30 დღე, რათა გაეგზავნათ წარმომადგენლობითი ფორმები. აღნიშნული პრობლემა აღიარა სასამართლოს კანცელარიამ, როდესაც განაცხადა: „იმის გათვალისწინებით, რომ ფორმების წარსადენად 30-დღიანი დედლაინი გამოიყო, არ იყო საკმარისი დრო კანცელარიისათვის, რათა შეეფასებინა არსებული მდგომარეობა ან დაევალებინა აღწერილობითი ანგარიშების მომზადება“. შესაბამისად, კანცელარიამ მოუწოდა დაინტერესებულ მხარეებს, წარედგინათ კოლექტიური წარმომადგენლობითი ფორმები, რათა რაც შეიძლება მეტ დაზარალებულს მისცემოდა შესაძლებლობა, წარმოედგინა  ფორმები შეზღუდულ დროში. 

გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ვადებში შეუძლებელი იყო არსებული მდგომარეობის შეფასება, 30-დღიანი პერიოდი ასევე არასაკმარისი იყო დაზარალებულთა დიდ ჯგუფებთან და მათ თემებთან დასაკავშირებლად, მათთვის მიმდინარე პროცესის მნიშვნელობის და ამ პროცესში მათი როლის განსამარტად. მსგავსი სამუშაო ხელს შეუწყობდა აღნიშნული ჯგუფების მოტივაციის ამაღლებას, მათი მოლოდინების მართვას და პოტენციურად უფრო მეტი წარმომადგენლობითი ფორმის წარდგენას სასამართლოში. აღნიშნულ პროცესს, უმეტესწილად, ხელი შეუწყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა ძალისხმევამ და მათ მიერ უკვე განხორციელებულმა სამართალწარმოებითმა საქმიანობამ (განსაკუთრებით - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე), რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წარმომადგენლობითი ფორმების შედარებით მნიშვნელოვანი რაოდენობის წარდგენა სასამართლოში. თუმცა, დაზარალებულთა რაოდენობა საქართველოს სიტუაციაში გაცილებით დიდია და სულ მცირე 27.000 იძულებით გადაადგილებულ ადამიანს უდრის, რომლებიც 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადაადგილდნენ. შესაბამისად, დაზარალებულთა ჩართულობის უკეთ ორგანიზებისა და მათი შეხედულებების სრულყოფილად ასახვისათვის,  აუცილებელი იყო უფრო მეტი დროის გამოყოფა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ ოსური ეთნიკური წარმომავლობის დაზარალებულთა სახელზე მიღებული წარმომადგენლობითი ფორმების რაოდენობა ძალიან მცირე იყო - მხოლოდ 386 სამხრეთ ოსური და 166 შერეული (ქართული/ოსური).  ამ შემთხვევაშიც ადამიანის უფლებთა სფეროში არსებული კავშირები იქნა გამოყენებული, როგორც მთავარი წყარო პოტენციური დაზარალებულისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად. იმის გათვალისწინებით, რომ კანცელარიის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩასულიყვნენ სამხრეთ ოსეთის რეგიონში, მეტი დრო და რესურსები იყო აუცილებელი, რათა დაზარალებულთა ჩართულობა მე-15 მუხლთან დაკავშირებულ პროცესში უფრო ეფექტიანი ყოფილიყო.

მიუხედავად ამისა, წარმომადგენლობითი ფორმების წარდგენის პროცესმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისა და აღნიშნული გამოძიების ფარგლების გაზრდის კუთხით. წარმომადგენლობითი ფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდებოდა დანაშაულებს პროკურორის მიერ მოთხოვნილი ფარგლების მიღმა, რომლისთვისაც დაზარალებულები ითხოვდნენ დამნაშავეთა პასუხისმგებლობას. გამოძიების ფარგლები მოგვიანებით გაფართოვდა წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებით, რომელმაც გასცა გამოძიების დაწყების ნებართვა. ამ გადაწყვეტილებით, გამოძიება გაფართოვდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ ყველა დანაშაულზე, რომელიც მიეკუთვნება გამოძიების ტერიტორიულ და დროის პარამეტრებს. იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულთა წარმომადგენლობითი ფორმები იყო ერთ-ერთი მხარდამჭერი მასალა წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებისათვის, შესაძლოა, დავასკვნათ, რომ მათ ხელი შეუწყვეს გამოძიების ფარგლების გაფართოებას. 

სასამართლოს ხელმისაწვდომობა დაზარალებულთათვის გამოძიების ეტაპზე

გამოძიების ეტაპი საქართველოს სიტუაციაში დაზარალებულთა ჩართულობის მნიშვნელოვან ნაკლებობას განიცდიდა. დაზარალებულთა  ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირება კრიტიკულად ნაკლები იყო გამოძიების პირველი ორი წლის განმავლობაში. ეს პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გათვალისწინებით. დაზარალებულებს, რომლებიც შესაძლოა, ყოფილიყვნენ მნიშვნელოვანი წყარო, ინფორმაციისა და მტკიცებულებების მიწოდების კუთხით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რელევანტური ორგანოსათვის, აკლდათ ინფორმაცია და რეალიური შესაძლებლობები აღნიშნულის გასაკეთებლად. დაზარალებულებს, ასევე, აკლდათ ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობასთან დაკავშირებით, მათ შორის - გამოძიების ეტაპზე მოწმეებად, ასევე - მათი როლის შესახებ გამოძიების და სამართალწარმოების შემდეგ ეტაპებზე, რასაც შესაძლოა, ემოქმედა მათ მოტივაციაზე სასამართლოსთან თანამშრომლობის კუთხით. დაზარალებულთა მცირე ჯგუფის გარდა, რომელსაც სავარაუდოდ საიდუმლოდ დაუკავშირდებოდნენ გამომძიებლები, დაზარალებულები მოკლებულნი იყვნენ რეალურ შესაძლებლობას, რომ პრაოქტიულად დაკავშირებოდნენ პროკურორის ოფისს.  ასეთი კომუნიკაციისათვის მათთვის ერთადერთ გზას ინტერნეტი წარმოადგენდა, რაც ბევრი დაზარალებულისათვის საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი. ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შემთხვევაშიც, ინფორმაცია კონკრეტული გზებისა და  პროცედურების შესახებ არ მოიპოვებოდა. 

2016 წელს გამოძიების დაწყების შემდეგ, დაზარალებულთა შორის ინტერესი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და აღნიშნული გამოძიების მიმართ საკმაოდ დიდი იყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის კოორდინატორად როცა ვმუშაობდი თბილისში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც უზრუნველყოფდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს უფასო იურიდიული დახმარებით, პირადად შევესწარი დაზარალებულთა მაღალ ინტერესს.. ისინი ხშირად რეკავდნენ ორგანიზაციაში ან პირადად მოდიოდნენ გამოძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. დაზარალებულები ხშირად კითხულობდნენ, თუ როგორ შეეძლოთ დაკავშირებოდნენ სასამართლოს, გამომძიებლებს და სხვ. თუმცა, მოგვიანებით ინტერესი ძალიან შემცირდა. ამჟამად  დაზარალებულთა უმრავლესობა გამოხატავს გულგრილობას, როდესაც მათ უსვამენ შეკითხვას მოლოდინებთან დაკავშირებით სასამართლოსა და მიმდინარე გამოძიებაზე.

ნაკლებია პერსპექტივა იმისა, რომ სამართლიანობა იზეიმებს საქმეზე, როცა ათი წელი გავიდა ხელშესახები პროგრესის გარეშე დამნაშავეთა დასასჯელად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი ზოგიერთი ყველაზე მძიმე დანაშაულის მსხვერპლები, განსაკუთრებით - ხანდაზმული პირები, ხშირად ამბობენ, რომ ისინი შესაძლოა, აღარ იყვნენ ცოცხლები, რათა ნახონ აღსრულდება თუ არა სამართლიანობა მათ საქმეში.

საერთო ჯამში, გამოძიების პერიოდი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საქართველოს სიტუაციის გამოძიებას შეხვდა მოუმზადებელი, არასაკმარისი რესურსებით საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად განსახორციელებლად. მართალია, გამოძიების პროცესი კონფიდენციალურია და პროკურორის ოფისს არ შეუძლია, წარმოადგინოს ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებებისა და გამოძიების შესახებ, უნდა ვაღიაროთ, რომ ისევ არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო აქტივობების კუთხით დაზარალებულთა და ფართო საზოგადოების წინაშე. გამოძიების დაწყებიდან სამი წლის შემდეგ არსებობს უიმედობის განცდა აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით.

უკეთ აღჭურვილი ადგილობრივი ოფისის საჭიროება თბილისში

მართალია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ოფისი გახსნა საქართველოში 2017 წლის დეკემბერში, რომელსაც აკისრია სხვადასხვა ფუნქცია და მისია, მათ შორის: ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაცია დაზარალებულთან და მათ თემებში. ოფისის არასაკმარისი რესურსები აჩენს შეკითხვას, თუ რამდენის გაკეთება შეუძლია მას სინამდვილეში. ამ დრომდე ოფისში მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობდა სრულ განაკვეთზე - ოფისის ხელმძღვანელი  და მეორე - დროებითი კონტრაქტის საფუძველზე. არც ერთმა არ იცის ქართული ენა და, შესაბამისად, არ შეუძლიათ დაზარალებულებთან კომუნიკაცია პირდაპირ.

ოფისი განიცდის რესურსების ნაკლებობას, რათა დაუკავშირდეს დაზარალებულთა დიდ ჯგუფს საქართველოში და განახორციელოს სრულფასოვანი საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების აქტივობები, ასევე - მოამზადოს საფუძველი დაზარალებულთა მონაწილეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ გამოიცა დაპატიმრების ორდერი, მათ შორის შესაბამისი აღწერილობითი და ანალიტიკური სამუშაო, რათა ხელი შეეწყოს დაზარალებულთა მონაწილეობას შემდგომ ეტაპებზე. ამჟამად ოფისს არ აქვს შესაბამისი შენობა, სადაც ის მიიღებდა დაზარალებულებს და უპასუხებდა მათ შეკითხვებს, ასევე განათავსებდა არსებულ ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებს.

აღნიშნული სიტუაცია წარმოქმნის ეჭვს, რომ ის გამოცდილება და პრობლემები, რასაც ადგილი ჰქონდა რომის სტატუტის მე-15 მუხლთან დაკაშირებული პროცესის დროს, დაზარალებულთა მონაწილეობის კუთხით, შემდგომაც განმეორდება  , შესაბამისი მომზადების ნაკლებობის, ასევე ამ პროცესებში დაზარალებულთა მონაწილეობის შესახებ ცოდნის ნაკლებობის გამო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაზარალებულთა მონაწილეობის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ არსებობს, დაზარალებულებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს მონაწილეობა და როდის არის ამის შესაძლებლობა.

დაზარალებულთა მონაწილეობა გამოძიების ეტაპზე

როდესაც დაზარალებულთა უფლებებზეა საუბარი, სამართალწარმოებაში მათი მონაწილეობა ხშირად დისკუსიის მთავარი საკითხია. აღნიშნული უფლება რომის სტატუტის ერთ-ერთ ინოვაციურ დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს და ის აღიარებს დაზარალებულთა ცენტრალურ მნიშვნელობას სისხლის სამართლის პროცესში. მონაწილეობის უფლება გარანტირებულია რომის სტატუტის 68 (3) მუხლის თანახმად:

„თუ დაზარალებულთა პირად ინტერესებს ადგება ზიანი, სასამართლო ნებას რთავს, მათი მოსაზრებები და ინტერესები წარმოდგენილი და განხილული იქნას სასამართლო განხილვის იმ ეტაპზე, რომელზეც სასამართლო საჭიროდ ჩათვლის და ისეთი ფორმით, რაც ზიანს არ აყენებს ან არ ეწინააღმდეგება ბრალდებულის უფლებებსა და სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლო წარმოებას“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სააპელაციო პალატის თანახმად, დაზარალებულთა მონაწილეობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული სამართალწარმოების კონტექსტში, რაც გულისხმობს „პალატის წინაშე დამდგარ სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხს“. ასე რომ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა მონაწილეობისა და რეპარაციების სექციის მანდატი დაზარალებულთა მონაწილეობის მხარდაჭერის მიზნით, შესაძლოა, ამოქმედდეს კონკრეტულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიც არის: სასამართლო მოსმენა ბრალდების დადასტურების შესახებ, რომის სტატუტის 15 (3)-ე მუხლთან დაკავშირებული კომუნიკაცია სასამართლო პალატის წინაშე, არსებითი განხილვა და სხვ. სააპელაციო პალატის აზრით, გამოძიება არ არის სასამართლო ეტაპი, არამედ - მოკვლევა, რომელსაც ატარებს პროკურორი ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაზარალებულებს არ აქვთ მინიჭებული ამ ეტაპზე მონაწილეობის ფორმალური უფლება. 

თუმცა, სააპელაციო პალატა იხსენიებს გარკვეულ შემთხვევებს, როდესაც დაზარალებულებს შეუძლიათ, თავიანთი ინიციატივით მოითხოვონ სასამართლოსაგან კონკრეტული სამართალწარმოება გამოძიების ეტაპზე, მაგალითად, როდესაც ხდება სასამართლოსათვის მიმართვა, მიიღოს დამცავი ღონისძიებები დაზარალებულთა უსაფრთხოების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების დასაცავად. თუმცა, სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული სამართალწარმოება განსხვავდება დაზარალებულთა მონაწილეობის უფლებისაგან, რომელიც რომის სტატუტის 68 (3) მუხლით არის გათვალისწინებული. 

არსებობს წინასასამართლო პალატის რამდენიმე გადაწყვეტილება სხვადასხვა საქმეში, სადაც სასამართლომ დაასკვნა, რომ დაზარალებულებს უნდა მიენიჭოთ მონაწილეობის უფლება გამოძიების ეტაპზე, მათ შორის - საკუთარი შეხედულებებისა და მოსაზრებების და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებული მასალის წარმოდგენის უფლება. სააპელაციო პალატამ რამდენჯერმე გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილებები, განაცხადა რა, რომ დაზარალებულთათვის და ყველა სხვა პირისათვის არსებობდა საკმარისი შესაძლებლობა, წარმოედგინა შესაბამისი ინფორმაცია პროკურორისათვის გამოძიების ეტაპზე „მონაწილეობის ზოგადი უფლების“ ფორმალური მინიჭების გარეშე. 

მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებებისა, თუ ეს საკითხი ისევ დადგა სააპელაციო პალატის წინაშე, არ არის გამორიცხული, რომ არსებული მიდგომა დაზარალებულთა მონაწილეობასთან დაკავშირებით შეიცვალოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სააპელაციო პალატის რელევანტური გადაწყვეტილებები ეხება მხოლოდ იმ მხარეებს, რომელთა მიმართებითაც იქნა მიღებული. ასე რომ, სააპელაციო პალატა არ არის შეზღუდული აღნიშნული გადაწყვეტილებებით, თუ სხვა საქმეში განსხვავებული ფაქტები და განმარტებები იქნება წარმოდგენილი. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულებს მიეცეთ გამოძიების ეტაპზე შინაარსიანი მონაწილეობის შანსი, სამართალწარმოების კონკრეტულ პროცესში მონაწილეობის გარდა. გამოძიების ეტაპზე დაზარალებულთა არსებითი ჩართულობა, სასამართლოს სხვადასხვა ორგანოების, მათ შორის - კანცელარიის, VPRS-ის, აუთრიჩის სექციისა და პროკურორის ოფისის ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებელია ობიექტური და სამართლიანი პროცესის უზრუნველსაყოფად.  დაზარალებულებს უნდა ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობა, ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში, წარმოადგინონ მასალა ხელშესახები გზით, ასევე მიიღონ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. თუ მათი შეკითხვები და წუხილები არ იქნება შესაბამისად პასუხგაცემული, გამოძიების შედეგები საქართველოს სიტუაციაში შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, რადგანაც არსებობს საზოგადოების ნდობის დაკარგვის რისკი იმ პროცესის შედეგთან დაკავშირებით, სადაც დაზარალებულებს არ ჰქონდათ ჩართულობა და სადაც მათ არ მოუსმინეს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურორის ოფისში არ არის საკმარისი გააზრება იმის შესახებ, რომ დაზარალებულთა მონაწილეობამ გამოძიების გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა, ხელი შეუწყოს სრულფასოვან და ობიექტურ გამოძიებას. საქართველოს შემთხვევაში, წინასწარი მოკვლევის ეტაპზე, ბევრმა დაზარალებულმა, პოტენციურად მნიშვნელოვანმა მოწმეებმა,  შესაძლოა, არ წარადგინეს წარმომადგენლობითი ფორმები, რადგანაც ამ დროისათვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ საქართველოში ცოტა რამ იყო ცნობილი. ასევე, ნაკლები ინფორმაცია იყო საქართველოში ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების შესაძლებლობების შესახებ. რეალური გამოძიება, როცა პროკურორის ოფისმა განახორციელა საკუთარი საგამოძიებო აქტივობები, რისი შესაძლებლობაც არ ჰქონდა წინასწარი მოკვლევის ეტაპზე, დაიწყო წინასწარი მოკვლევის დასრულების შემდეგ. სხვა დაზარალებულებისა და მოწმეების გარიყვა გამოძიების მთავარი ეტაპიდან წინააღმდეგობაში მოდის გამოძიების სრულფასოვანი, ყოველმხრივი და ობიექტური პრინციპების საფუძველზე წარმოების მოთხოვნებთან.

დასკვნები და რეკომენდაციები

 როგორც ანალიზი წარმოაჩენს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიება საკმაოდ მოუმზადებელმა დაიწყო, რამაც ხელი შეუშალა დაზარალებულთა ეფექტიან ჩართულობას საგამოძიებო პროცესებში. მოუმზადებლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან წარმოჩინდა დაზარალებულთა მონაწილეობის ადრეული ეტაპებიდან, კერძოდ, რომის სტატუტის მე-15 მუხლთან დაკავშირებულ დაზარალებულთა წარმომადგენლობის ეტაპიდან, სადაც სასამართლო დიდწილად დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მანამდე გაწეულ სამუშაოს, რათა უზრუნველეყო წარმომადგენლობითი ფორმების წარდგენა სასამართლოში. სიტუაცია დიდად არ გაუმჯობესებულა არც გამოძიების ეტაპზე.  ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო აქტივობები მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, მათ შორის - დაზარალებულთა როლთან დაკავშირებით, გამოძიების პროცესში, კრიტიკულად ნაკლები იყო. ეს ნეგატიურად მოქმედებს დაზარალებულთა მოტივაციაზე და შესაძლოა, ხელი შეეშალა მათთან თანამშრომლობისთვის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადგილობრივი ოფისი საკმაოდ გვიან გაიხსნა, თითქმის ორი წლის შემდეგ გამოძიების დაწყებიდან. ოფისს შეზღუდული ჰქონდა რესურსები და არ შეეძლო არსებულ გამოწვევებთან  გამკვლავება. დაზარალებულზე ორიენტირებული მიდგომის ნაკლებობა ზრდის საზოგადოების ნდობის დაკარგვის რისკებს. საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებული სამომავლო პროცესების ეფექტიანობისთვის, მათ შორის, დაზარალებულთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სამართალწარმოების შემდგომ ეტაპებზე.

საკუთარი უფლებების შესახებ, მათ შორის, მონაწილეობის უფლების შესახებ არასათანადო ინფორმირებით, დაზარალებულები სასამართლოსაგან და მიმდინარე გამოძიებისაგან თავს გარიყულად გრძნობენ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არსებული გამოცდილება და დახვეწოს საკუთარი სტრატეგია და სახელმძღვანელო დოკუმენტები იმისათვის, რომ უზრუნველყოს რეალური შესაძლებლობები დაზარალებულთა ჩართულობისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესში:

  • შეაფასოს არსებული მდგომარეობა და აღწეროს რელევანტური ინფორმაცია, სანამ შეკრებს წარმომადგენლობით ფორმებს რომის სტატუტის მე-15 მუხლზე დაყრდნობით; უზრუნველყოს საკმარისი დრო და რესურსები ინფორმაციის ეფექტიანი გავრცელებისათვის აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით, მათ შორის, კომუნიკაციის სხვადახვა არხების მეშვეობით, როგორიცაა:, ტელევიზია, ინტერნეტი, რადიო, გაზეთი; სრულფასოვნად ახსნას დაზარალებულთა როლი ამ პროცესში ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო აქტივობების მეშვეობით; უზრუნველყოს საკმარისი დრო და რესურსები წარმომადგენლობითი ფორმების შესავსებად დაზარალებულთა მაქსიმუმისათვის;
  • უზრუნველყოს დაზარალებულთა მონაწილეობა გამოძიების ეტაპზე, მათ შორის - მათი როლისა და უფლებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, ასევე - სამართალწარმოების შემდგომ ეტაპებზე დაზარალებულთა უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტერესსა და მოტივაციას თანამშრომლობის კუთხით;
  • გაზარდოს გამოძიების ხილვადობა; მოიძოს ხელშესახები და რეალური არხებიი ინფორმაციის გაცვლისათვის დაზარალებულებთან გამოძიების ეტაპზე; გამონახოს  გზები დაზარალებულებისათვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი მასალის/ინფორმაციის წარმოდგენა, ასევე ისეთი ინფორმაციის მიღება, რაც მათ ინტერესებს უკავშირდება;
  • უზრუნველყოს რელევანტური ადგილობრივი წარმომადგენლობის დაარსება გამოძიების დაწყებისთანავე, რომელიც აღჭურვილი იქნება საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსებით დაზარალებულთა ეფექტიანი მონაწილეობის ხელშესაწყობად;ასევე ცნობიერების სრულფასოვნად ამაღლებისა და საინფორმაციო აქტივობების განსახორციელებლად და საფუძვლის მოსამზადებლად დაზარალებულთა უფლებების ეფექტიანი რეალიზაციისათვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შემდგომ ეტაპებზე. ადგილობრივმა წარმომადგენლობამ უნდა აიყვანოს სპეციფიკური გამოცდილების მქონე თანამშრომლები, რომლებიც წარმოადგენენ სასამართლოს სხვადასხვა ორგანოებს, რათა უზრუნველყონ დაზარალებულთა სხვადასხვა უფლების განხორციელება; აღიწეროს რელევანტური მონაცემები და განხორციელდეს შეფასება დაზარალებულთა ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა დაზარალებულთა ეფექტიანი მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შემდგომ ეტაპებზე.

სტატია მოამზადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის თავმჯდომარემ და ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის კოორდინატორმა ნინო ცაგარეიშვილმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) პუბლიკაციისათვის - დაზარალებულები მართლმსაჯულების ცენტრში, 1998 წლიდან 2018 წლამდე: დაპირებები და რეალობა დაზარალებულთა მონაწილეობის თაობაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებში.


ორიგინალი იხ. FIDH-ის პუბლიკაციაში, 64-ე გვერდზე
 

gcicc
The Hague