უკან დაბრუნება
8 მაისი 2020

დაზარალებულთა მონაწილეობის მნიშვნელობა: რატომ გვჭირდება დაზარალებულთა მონაწილეობის შემფასებელი უკეთესი სისტემები (ნაწილი 2)

2. მონიტორინგისა და ევალუაციის სისტემები

დაზარალებულთა მონაწილეობა არ არის სასამართლოს მუშაობის ერთადერთი ასპექტი, რომელიც საჭიროებს შეფასებას. უფრო ფართო საჭიროებაზე პასუხისას, 2014 წელს წევრ სახელმწიფოთა ასამბლეამ მოსთხოვა სასამართლოს, შეემუშავებინა საქმიანობის შესრულების მთავარი ინდიკატორები. შედეგად, სასამართლომ შეიმუშავა ინდიკატორები ოთხ ძირითად კრიტერიუმთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთია: „დაზარალებულების ადეკვატური წვდომა სასამართლოზე“ [იხილეთ: სასამართლოს ანგარიში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის შესრულების ინდიკატორებზე, 15 ნოემბერი, 2017].

სამწუხაროდ, სასამართლოს ინდიკატორები არ შეესაბამება მონიტორინგისა და შეფასების საჭირო ჩარჩოს. მხოლოდ სამი ინდიკატორი შეეხება მონაწილე დაზარალებულებს (მაშინ, როცა გათვალისწინებული არ არის - რეპარაციები, აუთრიჩი და მოწმეები). აღნიშნული ინდიკატორებია: 1) დაზარალებულების რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობენ სამართალწარმოების ეტაპზე თითოეულ მიმდინარე საქმეში; 2) დაზარალებულების რაოდენობა, რომლებიც წარმოდგენილია თითოეულ საქმეში გარე ადვოკატის მიერ, გარდა დაზარალებულთა საჯარო დაცვის ადვოკატის ოფისისა; 3) დაზარალებულთა იურიდიული წარმომადგენლების მიერ განხორციელებული „ვიზიტების“ რაოდენობა თითოეულ ქეისში.

ეს სამი ინდიკატორი შესაძლოა, არ იყოს საკმარისი დაზარალებულთა მონაწილეობის საკითხების სრულფასოვნად შესაფასებლად. ინდიკატორები იმდენად შეზღუდული და შემთხვევითია, რომ ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ისინი შეირჩა რაოდენობრივი მონაცემების სახეობების მიხედვით და არა იმის მიხედვით, თუ რა ინფორმაცია იყო ყველაზე რელევანტური დაზარალებულთა მონაწილეობის შესაფასებლად. აღნიშნული ინდიკატორები დაზარალებულთა მონაწილეობის მთელი რიგი სფეროების იგნორირებას ახდენს (მაგალითად, - მონაწილეობა აქტიური ქეისის კონტექსტის გარეთ). რაც შეეხება იმ სფეროებს, რომლებსაც აღნიშნული ინდიკატორები ეხება, ისინი არ წარმოადგენენ საჭირო შედარების წყაროებს მონაცემების შინაარსობრივად დასახვეწად. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ 728 დაზარალებულმა მიიღო მონაწილეობა გაბგბოსა და ბლეგუდეს საქმეებში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია პოტენციური განმცხადებლების დაახლოებით რაოდენობაზე ამ საქმეში, ისევე როგორც არსებული განმცხადებლების რაოდენობაზე. სხვა ინდიკატორებს არ აქვს რელევანტურობა. მართალია, კონტაქტი იურიდიულ გუნდსა და კლიენტებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, ინდიკატორი არაფერს არ გვეუბნება ამ კონტექსტის შესახებ. მონაცემში აღნიშნულია, თუ რამდენი ვიზიტი განახორციელეს იურიდიული წარმომადგენლების გუნდებმა თავიანთ კლიენტებთან შესახვედრად, მაგრამ, ჩვენ არაფერი ვიცით, გუნდის რომელმა წევრებმა მიიღეს მონაწილეობა ამ ვიზიტებში, ერთობლივად განახორციელეს თუ არა ეს ვიზიტები, რამდენი შეხვედრა გაიმართა, ასევე - რა ზომის იყო  შეხვედრები. ბევრი ვიზიტით, შესაძლოა, ისე ჩანდეს, რომ კლიენტებთან კომუნიკაცია კარგია, მაგრამ ეს ასევე შეიძლება, გულისხმობდეს, რომ ერთი მისია ჩატარდა გუნდის რამდენიმე წევრთან ერთად და მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში. შესაძლოა, შეხვედრა გულისხმობს შეხვედრას ერთ კლიენტთან ან შეხვედრას 1000 კლიენტთან. ამ მონაცემიდან თითქმის არაფერს ვიგებთ (ამას გარდა, ეს მონაცემი არასრულ სურათს წარმოადგენს, რადგანაც ის ასახავს მხოლოდ იურიდიული დახმარების დაფინანსებით გათვალისწინებულ „ვიზიტებს“).

ინდიკატორების ნაკლებობა, გარკვეულწილად, გასაკვირია. უნდა არსებობდეს ინდიკატორები, რომელიც მარტივად გაზომვადი იქნება, მაგალითად, მიღებული აპლიკაციები, საჭირო დრო აპლიკაციების დამუშავების და განსაზღვრისთვის, დაზარალებულთა რაოდენობა, რომლებიც ახდენენ იურიდიული წარმომადგენლის ნომინირებას, დაზარალებულთა რაოდენობა, რომლებიც ესწრებიან შეხვედრებს თავიანთ იურიდიულ წარმომადგენელთან ერთად. თუ სასამართლო სერიოზულად არის განწყობილი მისი დროისა და ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით, უნდა გააუმჯობესოს დაზარალებულთა მონაწილეობასთან დაკავშირებული ინდიკატორები.

ნებისმიერ შემთხვევაში, მრავალი სფეროა, სადაც დაზარალებულთა მონაწილეობის შეფასება უფრო რთულია, ვიდრე მსგავსი რაოდენობრივი მონაცემის შეგროვება. მონაწილეობის შინაარსიანობა დამოკიდებული იქნება ბევრ ფაქტორზე, რომელიც ვერ შეფასდება, თუ არ მოხდა თავად მონაწილე დაზარალებულების გამოკითხვა: როგორია ცოდნა/გამოცდილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროცედურებსა და დაზარალებულთა როლთან დაკავშირებით? რა მეთოდებმა იმუშავა ყველაზე კარგად, იმისათვის რომ მიღწეულიყო კომუნიკაცია და გაზრდილი ცნობიერება? დამყარებულია თუ არა ნდობა დაზარალებულების იურიდიული წარმომადგენლების ჯგუფებთან? რა არის მთავარი ფაქტორები მსგავსი ნდობის დამყარებისათვის? გრძნობენ თუ არა დაზარალებულები თავს უსაფრთხოდ? პროცესის რა ეტაპები ანიჭებენ დაზარალებულებს აღიარებას და გაძლიერებას? პროცესის რა ეტაპები იწვევენ იმედგაცრუებასა და გაუცხოებას?

VPRS აღიარებს ხარისხობრივი შეფასების საჭიროებას. 2015 წელს, მან ბერკლის ადამიანის უფლებათა ცენტრს შეუკვეთა კვლევა, რომელიც მოიცავდა ინტერვიუებს დაზარალებულებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამართალწარმოების პროცესებში. შემუშავებული ანგარიში წარმოადგენს სასარგებლო ინფორმაციას დაზარალებულთა მონაწილეობის ღირებულების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით [ბერკლის სამართლის სკოლა, ადამიანის უფლებათა ცენტრი, „დაზარალებულთა სასამართლო?“ კვლევა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროცესში მონაწილე 622 დაზარალებულთან].

აღნიშნული შედეგები ეწინააღმდეგება OPCV-ის მიერ წარმოდგენილ შეხედულებას დაზარალებულთა აპლიკაციებთან დაკავშირებით: „პროცესში მონაწილე დაზარალებულთა განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აპლიკაციის შევსებამ მათ მიანიჭა თავდაჯერებულობა, რომ მათი გამოცდილებები ცნობილი იქნებოდა სასამართლოსათვის და დაეხმარებოდა მათ საქმის განვითარებაში ბრალდებულის წინააღმდეგ. დაზარალებულთა მცირე რაოდენობამ თქვა, რომ მოსამართლეებს უნდა მოეხდინათ აპლიკაციების განხილვა. თუმცა, უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი კმაყოფილები იქნებოდნენ, თუ სასამართლოს რომელიმე წევრი გაეცნობოდა მათ აპლიკაციას“. ეს ანგარიში, ასევე, მხარს უჭერს შეხედულებას, რომ ძირითადი ფაქტორი დაზარალებულებისათვის, თუ რატომ ფიქრობენ, რომ მონაწილეობა შინაარსიანია, არის ინფორმაციის მიღება და ხარისხიანი კომუნიკაცია მათ იურისტებთან.

თუმცა, ბერკლის კვლევას ჰქონდა თავისი ხარვეზები. ჩემი აზრით, სასამართლომ უნდა დაუკვეთოს უფრო მეტი დამოუკიდებელი კვლევა და ფრთხილად მოიფიქროს, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ბერკლის კვლევა. გაუმჯობესება უნდა მოიცავდეს შემდეგ სფეროებს:

  • ნებისმიერ შეფასებას უნდა ჰქონდეს ნათელი მიმართულება და ფოკუსი. წინასწარ უნდა შემუშავდეს სპეციფიკური შეკითხვები, რომელსაც შეფასებამ უნდა უპასუხოს. ასევე - ის კრიტერიუმები, რომელთა შეფასებაც არის მიზნად დასახული. წინასწარ უნდა შემუშავდეს და გასაჯაროვდეს.
  • შესაფასებლად საინტერესო შეკითხვები/კრიტერიუმები უნდა მოიცავდეს საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის - იურიდიული წარმომადგენლების სამუშაოს ასპექტებს. ადვოკატის პრივილეგიისა და დამოუკიდებლობის საკითხებთან დაკავშირებით, იქნება წინააღმდეგობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ასეთ შემოწმებას. თუმცა, შეუძლებელია დაზარალებულთა მონაწილეობის ეფექტური შეფასება, თუ არ მოხდა იურიდიული წარმომადგენლების მუშაობის შეფასება.
  • შეფასებული საკითხები/კრიტერიუმები უნდა იყოს საკმარისად დეტალური, რათა პასუხად შეგროვილი ინფორმაცია წარმოადგენდეს შინაარსიან დამატებას, თუ რა ვიცით უკვე და ეს უნდა დაგვეხმაროს მომავალი საქმის პრაქტიკულად გაგრძელებაში. მაგალითად, იმისათვის, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება, თუ რამდენად ღირებულია წარმომადგენლებისა და იურისტების ინტერაქცია, გვჭირდება დამატებით ანალიზი: განსხვავებულია თუ არა ღირებულება იმის მიხედვით, თუ რა როლი აქვს პირს, რომელიც ხვდება დაზარალებულებს (მაგალითად, რეგისტრატურის წარმომადგენელი ან იურიდიული გუნდი)? ადვოკატი იქნება ეს თუ შეხვედრების დამხმარე ასისტენტი? დამოკიდებულია თუ არა ეს პირად თვისებებზე (ისეთი, როგორიც არის გენდერი, ხასიათი, ეთნიკური წარმომავლეობა, ენა), დაკავებულ თანამდებობაზე ან ინტერაქციის მეთოდებზე? ასევე, თუ დაზარალებულები ფიქრობენ, რომ არაპირდაპირი კონტაქტი შუამავლების მეშვეობით ნაკლებად ფასეულია, ინტერაქციის რა მახასიათებლები ახდენენ ამაზე ზეგავლენას?
  • მართალია, პროცესში მონაწილე დაზარალებულებისაგან აზრის მოსმენა არის ასეთი შეფასების ცენტრალური ასპექტი, ყურადღება უნდა მიექცეს  ინფორმაციის სხვა მნიშვნელოვან წყაროებსაც. მაგალითად - მნიშვნელოვანი იქნება იმ დაზარალებულების გამოკითხვა, რომლებიც არ მონაწილეობენ სამართალწარმოების პროცესში. მათაც, შესაძლოა, ასევე წარმოადგინონ ღირებული მონაცემები.

იდეალურ შემთხვევაში, უნდა შემუშავდეს რამდენიმე წლის შეფასების პროგრამის გეგმა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება იგივე შეკითხვები/კრიტერიუმები ცვლილების შესაფასებლად.

მართალია, ბერკლის კვლევამ ვერ მიაღწია ამ მიზნებს, თუმცა, ის მაინც იყო მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ საწყისი აღმოჩენებისათვის. ის ასევე ახდენს დემონსტრირებას, რომ სასამართლოსთვის შესაძლებელია დამოუკიდებელ სააგენტოსთან კონტრაქტის დადება მსგავსი შეფასების განსახორციელებად, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, მიღებული იყოს დაცვის ზომები, რომელიც დაზარალებულთა იდენტობის საზოგადოებისათვის გამჟღავნების პრევენციას ახდენს. სანდო გარე ორგანიზაციის გამოყენებას, რომელსაც აქვს სოციალური მეცნიერების ექსპერტიზა და დაზარალებულთა უფლებების შესახებ კარგი ცოდნა, შესაძლოა, ჰქონდეს უპირატესობა, ვიდრე სასამართლოს საკუთარი დამოუკიდებელი ზედამხედველობის მექანიზმის გამოყენებას. ერთ-ერთი ასეთი უპირატესობა არის ის, რომ აკადემიური ინსტიტუტებისათვის, ხშირად, მნიშვნელოვანია, დაკავშირებულები იყონ სასამართლოს საქმიანობასთან. შესაბამისად, ისინი მზად არიან, გამოიყენონ სხვა წყაროებიდან მიღებული დაფინანსება ამ მიზნისთვის (ამ გზით შეძლო ჩვენი დაზარალებულების გუნდმა ონგვენის საქმეში ექსპერტების მიერ კლიენტთა გამოკითხვის ჩატარება ტაფტის უნივერსიტეტში). თუ შესაძლებელი იქნება მსგავსი პარტნიორობის დამყარება, ამან ხელი უნდა შეუწყოს სასამართლოს, მინიმალური დანახარჯები ჰქონდეს ევალუაციის განხორციელებისათვის. აღნიშნულმა შეფასებებმა ხელი უნდა შეუწყოს საჭირო რეფორმების გამოვლენას, რომელიც შეამცირებდა ხარჯებს ან გაზრდიდა ღირებულებას იმ ფულისთვის, რომელიც მათ უნდა გადაიხადონ საკუთარი თავისთვის.

ავტორის შესახებ: მეგან ჰირსტი არის ავსტრალიელი იურისტი, რომელიც მუშაობს ლონდონში მდებარე Doughty Street Chambers-ში. წარსულში მუშაობდა დაზარალებულთა მონაწილეობის საკითხებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ლიბანის სპეციალურ ტრიბუნალში. ის არის იურიდიული წარმომადგენლების გუნდის წევრი, რომლებიც წარმოადგენენ დაზარალებულებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, საქმეზე - პროკურორი დომინიკ ონგვენის წინააღმდეგ (უგანდა). ის ასევე არის ადვოკატი როჰინგია ხალხის დაზარალებულთა ჯგუფისათვის. ეს ხალხი მონაწილეობდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამართალწამოების პროცესებში ბანგლადეშში/მიანმარში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. ჰირსტი ასევე არის გამოცემის - „დაზარალებულთა მონაწილეობა საერთაშორისო სისხლის სამართალში“ თანარედაქტორი.

ნაწილი 1

ორიგინალი, 81-ე გვერდიდან
 

gcicc
The Hague