კირა ვიგარდი, გუისუ იაჰანგირი, ზია მობალე
შესავალი
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (შემდგომში: სასამართლო) პროკურორმა ავღანეთის სიტუაციასთან დაკავშირებით საჯარო წინასწარი მოკვლევა როცა დაიწყო, 2007 წელს, მოლოდინები იყო მაღალი და უპრეცედენტო [ავღანეთი არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის მონაწილე სახელმწიფო 2003 წლის თებერვლიდან. ავღანეთის შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით, რომელიც, სავარაუდოდ, ჩადენილია სხვა წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე, რომის სტატუტი ძალაში შევიდა 2002 წლის 1 ივლისს პოლონეთისა და რუმინეთისათვის და 2003 წლის 1 აგვისტოს ლიეტუვასთვის].
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ სამართალწარმოების პროცესის შესაძლო დაწყებას ავღანეთის სახელმწიფო და ავღანელი ხალხი იმედით შეხვდა. ამ გზით შესაძლებელი იქნებოდა, გადაშლილიყო ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცუდი თავის ფურცელი, როგორიცაა - თალიბანის ტერორი და წლების განმავლობაში გაგრძელებული სამოქალაქო ომი. მანამდე, ახლადდაარსებული სასამართლოს ფოკუსი, ძირითადად, მიმართული იყო აფრიკულ ქვეყნებზე. გამოძიებები ინდივიდებთან დაკავშირებით, რომლებმაც, სავარაუდოდ, ყველაზე მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს, ასევე ლიმიტირებული იყო მხოლოდ აფრიკელებზე. პროკურორის ოფისის წინასწარი მოკვლევის შესახებ 2016 წლის ანგარიშში აღინიშნა, რომ ავღანეთში წინასწარი მოკვლევის დაწყების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნებოდა მიღებული. ამ დროს სამოქალაქო საზოგადოების აქტორებმა გააძლიერეს მცდელობები, რათა მხარი დაეჭირათ სრულფასოვანი გამოძიებისათვის და საჭიროებისათვის - რაც შეიძლება მალე ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული [წინასწარი მოკვლევის შესახებ ანგარიშში ავღანეთთან დაკავშირებით, ნათქვამია: „პროკურორის ოფისი ასრულებს რომის სტატუტის 53(1)(a)-(c) პუნქტში წარმოდგენილი ფაქტორების შეფასებას და ძალიან მალე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მოითხოვოს თუ არა წინასასამართლო პალატისაგან ნებართვა გამოძიების დაწყების შესახებ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სიტუაციაზე 2003 წლის 1 მაისიდან. პროკურორის ოფისი, ანგარიში წინასწარი მოკვლევის აქტივობებთან დაკავშირებით (2016), პარაგრაფი 230].
სამოქალაქო საზოგადოების აქტორები ხშირ ვიზიტებს ახორციელებდნენ ჰააგაში, სადაც მდებარეობს სასამართლო, რათა მონაწილეობა მიეღოთ სასამართლოს წარმომადგენლებთან ღია და დახურულ შეხვედრებში. ისინი ასევე ხვდებოდნენ წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და სხვა ჩართულ მხარეებს. თუმცა, სიტყვა „ძალიან მალე“ გახდა დიდი დისკუსიის თემა, როდესაც 2017 წლის ზაფხულისთვის, პროკურორს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული. ბოლოს, 2017 წლის 7 ნოემბერს, პროკურორმა გამოაცხადა, რომ ის მოსთხოვდა წინასასამართლო პალატას გამოძიების გახსნის ნებართვას. 2017 წლის 20 ნოემბერს პროკურორმა წარადგინა მოთხოვნა გამოძიების გახსნის შესახებ ავღანეთში რამდენიმე აქტორის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის - საერთაშორისო ძალების (აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წევრების მიერ), ავღანეთის ხელისუფლების ორგანოების და თალიბანისა და დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების წევრების მიერ [იხ. საჯარო დაშტრიხული ვერსია „გამოძიების დაწყების ნებართვის მოთხოვნა რომის სტატუტის მე-15 მუხლის თანახმად“, 2017 წლის 20 ნოემბერი, ICC-02/17-7-Conf-Exp ].
მას შემდეგ, რაც პროკურორის ოფისმა საჯაროდ განაცხადა ავღანეთის სიტუაციაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის თაობაზე, წინასასამართლო პაალატის მოსამართლეებმა მსხვერპლებს მისცეს ვადა 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 31 იანვრამდე, რათა წარედგინათ წარმომადგენლობითი ფორმები - გამოეხატათ მათი პირადი შეხედულებები, ინდივიდუალურად თუ ჯგუფებად გამოძიების დაწყების შესაძლებლობისა და პროკურორის ოფისის მიერ განსაზღვრულგამოძიების ფარგლებთან დაკავშირებით. სასამართლო დაუკავშირდა ავღანეთში მოქმედ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ავღანეთის სიტუაციის დანაშაულებზე და მხარს უჭერენ დაზარალებულებს, რათა ხმა მიეწვდინა დაზარალებულებისთვის და შეეგროვებინა მათი შეხედულებები და ინფორმაცია მათ შესახებ ძალიან მცირე დროში. მათ შორისაა: ფონდი - OPEN ASIA/Armanshahr, გარდამავალი მართლმსაჯულების საკოორდინაციო ჯგუფი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი. აღნიშნული პროცესი სირთულეებით იყო სავსე. ჩართული მხარეები იდგნენ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დაზარალებულთა წარმომადგენლობის ეტაპზე. მიუხედავად გამოწვევებისა, წარმომადგენლობითი ფორმები წარადგინეს დაზარალებულთა დიდი ჯგუფის სახელზე 2018 წლის 31 იანვარს. მათი უმრავლესობა მხარს უჭერდა პროკურორის მოთხოვნას, დაწყებულიყო გამოძიება [იხ., მაგალითად: ქეისი გენონ, „ავღანელები წარადგენენ 1.17 მილიონ მოთხოვნას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში“, The Independent, 2018 წლის 17 თებერვალი].
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე დრო იყო დაზარალებულებისათვის, სასამართლოში წარმომადგენლობითი ფორმების წარსადგენად, შესაძლებელია რამდენიმე ძირითადი დასკვნის გამოტანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და დაზარალებულებისა თუ მათი იურიდიული წარმომადგენლების ინტერაქციასთან დაკავშირებით. დაზარალებულთა რეკორდული რაოდენობა, რომლებსაც შეხება ჰქონდათ სასამართლოსთან ამ ძალიან ადრეულ ეტაპზე, ფასდაუდებელ გაკვეთილს აძლევს ყველა ჩართულ მხარეს.
წინასწარი მოკვლევა ათწლეულის განმავლობაში
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ წინასწარი მოკვლევის დაწყება 2007 წელს იყო პირველი ნაბიჯი, რათა შეცვლილიყო ავღანეთის შეიარაღებულ კონფლიქტის თაობაზე გავრცელებული ნარატივი. 9/11-ისა და ავღანეთში საერთაშორისო ძალების ჩართვის შემდეგ, დიდი ფოკუსი იყო ძალადობისა და ტერორის ესკალაციაზე, მაგრამ - ძალიან მცირე ყურადღება პასუხისმგებლობის შესაძლო გზებზე იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც სჩადიოდნენ ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს. 2007 წელს სიტუაცია იყო დამაბნეველი, როცა გამოცხადდა მშვიდობა, მაგრამ ომი გრძელდებოდა და უცხოეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებდნენ ქვეყნის ოკუპაციას.
2007 წელსაც ბევრმა ადამიანმა არ იცოდა რომის სტატუტისა და მათი მთავრობის ვალდებულებების შესახებ. მოსახლეობა ფიქრობდა, რომ გარდამავალი მართლმსაჯულების პროცესი უნდა ყოფილიყო დღის წესრიგში. ამ წელს ავღანეთის პარლამენტმა მიიღო ეროვნული სტაბილურობისა და შერიგების შესახებ კანონი, რათა „იმ ინდივიდების სისხლისსამართლებრივი დევნის პრევენცია მოეხდინა, ვინც პასუხისმგებელი იყო ადამიანის უფლებათა ფართომასშტაბიანი დარღვევებისთვის წინა ათწლეულის განმავლობაში. ამნისტიის შესახებ კანონი აცხადებს, რომ ყველამ, ვინც ჩართული იყო შეიარაღებულ კონფლიქტში, დროებითი ადმინისტრაციის შექმნამდე 2001 წლის დეკემბერში, „უნდა ისარგებლოს სამართლებრივი უფლებებით და არ უნდა იქნას მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებლობაში“ [Human Rights Watch, „ავღანეთი: გააუქმეთ ამნისტიის შესახებ კანონი“, 10 მარტი, 2010].
ამ კონტექსტში მოლოდინები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ გახდა უფრო მნიშვნელოვანი წინასწარი გამოძიების დაწყებიდანვე. სასამართლო აღქმული იყო, როგორც ბოლო გზა წარსულში ჩადენილი და მიმდინარე დანაშაულების წინააღმდეგ, რადგანაც ავღანეთში არ არსებობდა შესაბამისი პოლიტიკური ნება.
ახალ პროკურორს, ფატუ ბენსუდას, რომელმაც ეს პოზიცია 2011 წელს დაიკავა, დასჭირდა ათწლიანი ანალიზი, რათა გადაეწყვიტა, იძლეოდა თუ არა ავღანეთის სიტუაცია სრული გამოძიების შესაძლებლობას. 2017 წელს პროკურორის ოფისმა მიიღო 125 კომუნიკაცია რომის სტატუტის მე-15 მუხლის თანახმად, აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით. პროკურორის შუამდგომლობიდან ცოტა ხანში, 2017 წლის ნოემბერში, წინასასამართლო პალატამ ინფორმაცია მიაწოდა კანცელარიას, რომ დაზარალებულებს ჰქონდათ ვადა 2018 წლის 31 იანვრამდე, რათა „წარმოედგინათ თავიანთი შეხედულებები, წუხილები და მოლოდინები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებისათვის, რომლებიც განიხილავდნენ პროკურორის შუამდგომლობას“ [ეს პროცესი სასამართლოს 50-ე რეგულაციის თანახმად, დაიწყო 2017 წლის 20 ნოემბერს და დამთავრდა 2018 წლის 31 იანვარს, რაც იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების მიერ დადგენილი ბოლო ვადა დაზარალებულთათვის, წარმომადგენლობითი ფორმების გასაგზავნად. ამ პროცესის ხელშესაწყობად, დაზარალებულთა მონაწილეობისა და რეპარაციების სექციამ მოამზადა წარმომადგენლობითი ფორმის ნიმუში, რომელიც ხელმისაწვდომი იყო სასამართლოს ვებსაიტზე რამდენიმე ენაზე, 2018 წლის 31 იანვრამდე].
ამავე დროს, 2017 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ავღანეთში დაიწყო ყველაზე ძალადობრივი წელი 2001 წლის კონფლიქტის შემდეგ, რომელმაც მოიტანა „ყველაზე მეტი სამოქალაქო მსხვერპლი“. გაეროს მხარდაჭერის მისიის (UNAMA) ანგარიშის თანახმად, 2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 1.692 სამოქალაქო პირი მოკლეს - „ბოლო ათწლეულის განმავლობაში აღრიცხული მსხვერპლების ყველაზე დიდი რაოდენობა იმ დროიდან, რაც სააგენტომ დაიწყო დოკუმენტირება“ [გაეროს მხარდაჭერის მისიის (UNAMA) ანგარიშის თანახმად, 1 692 სამოქალაქო პირი მოკლეს 2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, რაც წარმოადგენდა სააგენტოს მიერ ყველაზე მეტ აღრიცხულ მსხვერპლს მას შემდეგ, რაც სააგენტომ დაიწყო დოკუმენტირება].
შესაბამისად, ავღანეთში სიტუაცია დიდად არ შეცვლილა ათი წლის წინ გამოძიების დაწყების შემდეგ. უფრო მეტიც - შეიძლება იმის მტკიცება, რომ პირიქით, სიტუაცია გაუარესდა. ავღანეთში მსგავსი განგრძობადი კონფლიქტის პირობებს დაემთხვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დაზარალებულთა წარმომადგენლობითი ეტაპი. სასამართლოს კანცელარიის ანგარიშის თანახმად, „…გამოწვევები წარმოადგენს მნიშვნელოვან მიზეზს დაზარალებულთა დაბალ წარმომადგენლობაზე იმასთან შედარებით, თუ რამდენად ბევრი დაზარალებულია მთელ ქვეყანაში“. აღნიშნული დიდი გამოწვევების მიუხედავად, დაზარალებულები ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ ისინი მხარს უჭერდნენ გამოძიების გახსნას და წარმოადგინეს წარმომადგენლობითი ფორმები.
ორთვიანი დაზარალებულთა წარმომადგენლობითი ეტაპი
რომის სტატუტის მე-15 (3) მუხლი დაზარალებულებს საშუალებას აძლევს, წარმომადგენლობითი ფორმები წარადგინონ წინასასამართლო პალატაში, სასამართლოს პროცედურებისა და მტკიცებულებების შესახებ წესების თანახმად. ეს წესი შესაძლებლობას აძლევს დაზარალებულებს, შეავსონ პროკურორის შუამდგომლობა ნებისმიერი გზით, რასაც მიიჩნევენ შესაბამისად. ავღანეთის შემთხვევაში, დაზარალებულთა წარმომადგენლობითი ეტაპი არსებითად განსხვავდებდა ბოლო სიტუაციისგან საქართველოში, სადაც ასევე ადგილი ჰქონდა მსგავს წარმომადგენლობით ფაზას [საქართველოსთან მიმართებით, წინასასამართლო პალატამ მიიღო წარმომადგენლობითი ფორმები 6.335 დაზარალებულის სახელზე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო - „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატა ნებას რთავს პროკურორს, დაიწყოს გამოძიება საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით, 2016 წლის 27 იანვარი].
მართალია, წარმომადგენლობითი ეტაპი საქართველოს შემთხვევაში უფრო მცირე დროის იყო (მხოლოდ 30 დღე), მაგრამ დაზარალებულები უკვე ორგანიზებულები იყვნენ, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გაგზავნის შედეგად. ამას გარდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას საქართველოში საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით აქვს დროის იურისდიქცია, დაახლოებით სამ თვესა და ნახევარზე. ავღანეთში დაზარალებულებისთვის ეს იყო არა მხოლოდ შესაძლებლობა, გაეზიარებინათ თავიანთი შეხედულებები და წუხილები, არამედ, ასევე, ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ზეგავლენა მოეხდინათ გამოძიების ფოკუსსა და ფარგლებზე. ის ინფორმაცია, რაც წარედგინება მოსამართლეებს წარმომადგენლობით ფორმებში აყალიბებს პირველ ნაბიჯს, დაზარალებულებისა და მათი იურიდიული წარმომადგენლების და მოსამართლეებს შორის პირდაპირი კავშირისათვის. ამ ნაბიჯის მნიშვნელობა განსაკუთრებულია: საქართველოს შემთხვევაში, მაგალითად, დაზარალებულთა წარმომადგენლობამ გამოიწვია ის, რომ წინასასამართლო პალატის მოსამართლეებმა „გამოძიების ფარგლები გააფართოვეს და მასში შეიყვანეს სხვა დანაშაულებიც, რომელიც ჩადენილია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში“ [მათ შორის - სექსუალური ძალადობა, მოქალაქეთა უკანონო დაკავება და ომის პატიმართა წამება. ნიკა ჯეირანაშვილი - „საქართველოს გამოცდილება: როგორ მარცხდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მის პირველ ქეისში აფრიკის გარეთ“, 2018 წლის 1 მაისი, IJ Monitor].
კანცელარიამ შეიმუშავა სპეციალური წარმომადგენლობითი ფორმა ავღანეთის დაზარალებულებისა და მათი იურიდიული წარმომადგენლებისათვის. ამ ფორმის გამოყენების საშუალება ჰქონდა როგორც ინდივიდებს, ასევე დაზარალებულთა ჯგუფებს. კანცელარიამ ხელმისაწვდომი გახადა ეს ფორმა ონლაინ. მისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო როგორც ონლაინ, ასევე ფოსტის მეშვეობით. გაიდლაინები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევსებულიყო ფორმა, ხელმისაწვდომი იყო სასამართლოს ვებსაიტზეც [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, „ავღანეთის სიტუაცია: როგორ შეუძლიათ დაზარალებულებს და მათ წარმომადგენლებს, წარმოადგინონ მათი შეხედულებები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ“, 2017 წლის 20 ნოემბერი]. კანცელარიამ ხელმისაწვდომი გახადა ფორმა და გაიდლაინები შემდეგ ენებზე: ინგლისური, დარი, პაშტო და არაბული. ფორმების წარმოსადგენად განისაზღვრა დედლაინი - 2018 წლის 2 თებერვალი.
წინასასამართლო პალატამ დაზარალებულთა მონაწილეობისა და რეპარაციის სექციას დაავალა: I. „მოეხდინა დაზარალებულთა ჯგუფებში თემის ლიდერების იდენტიფიცირება, რომლებიც იმოქმედებდნენ იმ დაზარალებულთა სახელით, ვისაც ექნებოდა წარმომადგენლობითი ფორმების წარმოდგენის სურვილი; II. მიეღო და შეეგროვებინა დაზარალებულთა წარმომადგენლობითი ფორმები, კოლექტიური თუ ინდივიდუალური; III. განეხორციელებინა წინასწარი შეფასება, სრულდებოდა თუ არა 85-ე წესის მოთხოვნები, აღნიშნული განკარგულების თანახმად; IV. გაეგზავნათ შემოსული წარმომადგენლობითი ფორმები ეტაპობრივად, შესაძლებლობის შემთხვევაში - ყოველ ორ კვირაში, მოკლე წინასწარ შეფასებასთან ერთად“. რესურსების ნაკლებობის გამო, ავღანეთში არ ფუნქციონირებდა ადგილობრივი ოფისი და უსაფრთხოების მიზეზების გამო, შეუძლებელი იყო უფრო მეტი აუთრიჩი დაზარალებულთან ინტერაქციისათვის. შედეგად, წინასასამართლო პალატის განკარგულების მიუხედავად, დაზარალებულთა მონაწილეობისა და რეპარაციების სექცია დიდწილად დაეყრდნო წამყვან სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს, რათა ხმა მიეწვდინა დაზარალებულებისათვის წარმომადგენლობით ეტაპზე, ნაცვლად იმისა, რომ ჰყოლოდა საკუთარი „აქტიური“ აუთრიჩის სტრატეგია [დაზარალებულთა მონაწილეობისა და რეპარაციის სექციამ დააკონკრეტა დანართ 1-ში „მიზნობრივი მიდგომა“, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეეწყო ზოგადი სახის აუთრიჩის საქტივობებისათვის, როგორიც არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და წარმომადგენლობით პროცესთან დაკავშირებული ტრენინგები. დანართი1].
ამ დროისათვის, ავღანეთის სამოქალაქო საზოგადოება ორი მნიშვნელოვანი დაბრკოლების წინაშე იდგა: ერთ-ერთი იყო გაბატონებული „მშვიდობის“ დღის წესრიგი, რომელიც ფრთხილად იყო შემუშავებული და განცალკევებული სამართლიანობის შესახებ დისკუსიებისაგან. ეს დღის წესრიგი, ძირითადად, ფოკუსირებული იყო ცეცხლის შეწყვეტაზე და თალიბანთან გაუმჭვირვალე შეთანხმებაზე. აღნიშნული მიდგომა განაცალკავებდა დისკუსიას გარდამავალი მართლმსაჯულებისა და დაზარალებულებზე დაფუძნებული ინიციატივების ნებისმიერი ფორმისაგან [ეს ნიშნავდა, მაგალითად, იმას, რომ გამოცემა აეკრძალა ავღანეთის დამოუკიდებელ ადამიანის უფლებათა კომისიას, რომელიც ადგენდა კონფლიქტის საგზაო რუკას]. „მშვიდობის“ დღის წესრიგმა და მთავრობისა და მისი ინსტიტუტების უმოქმედობამ, საერთაშორისო პოლიტიკური და დამფინანსებელი მოკავშირეების უმოქმედობასთან ერთად, ავღანეთში ძალიან რთული გარემო შექმნა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. მეორე დაბრკოლება გახლდათ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი თემების მობილიზება უკიდურესად შეზღუდული რესურსებითა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის შეზღუდული სივრცით, რადგანაც ბევრ არასამთავრობო ორგანიაციას არ შეეძლო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება დაზარალებულებისთვის ხმის მისაწვდენად. ძალიან რთული აღმოჩნდა, დაზარალებულთა წარმომადგენლობითი პროცესი ასახულიყო ვინმეს დღის წესრიგში ავღანეთში. აქტიურმა ორგანიზაციებმა და ინდივიდებმა, რომლებმაც დააარსეს გარდამავალი მართლმსაჯულების საკოორდინაციო ჯგუფი, შეასრულეს წამყვანი როლი ამ ეტაპზე, რათა ხმა მიეწვდინათ დაზარალებულებისათვის ავღანეთში, ისევე, როგორც დიასპორისათვის მთელს მსოფლიოში.
ჯამში, 686 წარმომადგენლობითი ფორმა შეივსო დაახლოებით 6220 ინდივიდუალური დაზარალებულის სახელზე და კიდევ 12 წარმომადგენლობითი ფორმა ინდივიდებისა და ორგანიზაციების მიერ დაახლოებით 1 163 950 დაზარალებულის სახელზე და 26 სოფელზე. დაბოლოს, კიდევ ერთი წარმომადგენლობითი ფორმა შეივსო ორგანიზაციის მიერ, არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 7-დან 9-მდე მილიონი ადამიანის სახელზე.