სასამართლოს აქვს სამი პალატა, რომელიც იხილავს საკითხებს სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპებზე. ეს ეტაპებია: წინასასამართლო განხილვა, სასამართლო განხილვა და გასაჩივრება. სასამართლოს 18 მოსამართლეს ირჩევს ასამბლეა მათი კვალიფიკაციის, მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების მიხედვით, 9 წლის ვადით, რომელიც განახლებას არ ექვემდებარება. ისინი უზრუნველყოფენ სამართლიან სასამართლოს და გამოაქვთ გადაწყვეტილებები, აგრეთვე გამოსცემენ დაკავების ორდერს და იბარებენ სასამართლოს წინაშე პირებს, ნებას რთავენ დაზარალებულებს, მიიღონ მონაწილეობა პროცესში, გასცემენ ბრძანებებს მოწმეთა დაცვის შესახებ ღონისძიებებზე და ა.შ.