კოალიციის წევრი შეიძლება, გახდეს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს და იზიარებს კოალიციის მიზნებსა და ამოცანებს, გამოხატავს მზაობას კოალიციის სხვა წევრებთან თანამშრომლობაზე კოალიციის საერთო მიზნების მისაღწევად, აქვს მკვეთრად გამოხატული ინტერესი და მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
კოალიცია ღიაა ახალი წევრებისთვის. კოალიციის წევრად მიღების მსურველმა ორგანიზაციამ კოალიციის თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის მოადგილეს წერილობით უნდა წარუდგინოს შევსებული განაცხადი და ორი რეკომენდაცია საერთაშორისო სამართლის ან/და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან. თავმჯდომარე ან/და თავმჯდომარის მოადგილე უახლოეს კრებამდე უგზავნის საერთო კრებას შესაბამისი ორგანიზაციის შესახებ წევრობასთან დაკავშირებით მიღებულ დოკუმენტაციას. საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საერთო კრებას უფლება აქვს, წევრად მიღების მსურველი ორგანიზაციისაგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და დანიშნოს გასაუბრება. საერთო კრება განიხილავს გაწევრიანებაზე მიღებულ განაცხადს და გადაწყვეტილებას იღებს დაინტერესებული ორგანიზაციის კოალიციის წევრად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, განაცხადის მიღებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.