უკან დაბრუნება
10 აგვისტო 2020

12 წელი აგვისტოს ომიდან და ომის მძიმე შედეგები

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. აგვისტოს ომმა უმძიმესი შედეგები მოუტანა საქართველოს, რომელიც რუსეთის აგრესიის და მცოცავი ოკუპაციის შედეგად დღემდე გრძელდება. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია მხარდაჭერას უცხადებს აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში მომხდარი ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების მსხვერპლებს და გამოხატავს სოლიდარობას მათ მიმართ. 

2008 წლის აგვისტოს ომს ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა, არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაზარალდა და შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები. ომის დროს ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სერიოზულ და მასობრივ დარღვევებს, მათ შორის, ეთნიკურ წმენდას, სამოქალაქო მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის, გაუჩინარების, ქონების მასობრივი განადგურების, იძულებითი გადაადგილების, სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმის, თავისუფლების უკანონო  აღკვეთის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. 

სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეთა უფლებების ხელყოფის ფაქტები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც მასობრივად გაგრძელდა. ომის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად დაიწყეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რასაც შედეგად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების ხელყოფა ახლავს. 

ბორდერიზაციის პარალელურად საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ადამიანთა უკანონო და თვითნებური დაკავებების მანკიერი პრაქტიკა დაიწყო. ყოველწლიურად ასობით საქართველოს მოქალაქე ხდება გატაცების მსხვერპლი, მათ შორის ქალები და ბავშვები. შედეგად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანებს ყოველდღიურად შიშში უწევთ ცხოვრება და მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა საფრთხის ქვეშაა. არსებულ მდგომარეობას ამწვავებს მოსახლეობას შორის ინფორმაციის ნაკლებობა იმის შესახებ, თუ სად გადის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი. უმეტეს შემთხვევაში, გატაცებულებს ადმინისტრაციული წესით აკავებენ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. თუმცა, ბოლო წლებში გახშირდა სისხლის სამართლებრივი წესით დაკავების შემთხვევებიც, რა დროსაც დაკავებულები წლების განმავლობაში რჩებიან ტყვეობაში.  ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო დაკავებების მანკიერი პრაქტიკის პარალელურად ვხვდებით ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების შემთხვევებსაც, როგორიცაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა ან/და სხეულის დაზიანებების შემთხვევები. 

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ და ბორდერიზაციამ მძიმე შედეგები მოიტანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვისაც უფლებრივი, ჰუმანიტარული და სოციალური თვალსაზრისით. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა 2019 წლის სექტემბრიდან, როდესაც ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ერთადერთი გამშვები პუნქტი თვითნებურად ჩაკეტა. შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადგილობრივებმა დაკარგეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და სხვადასხვა სოციალურ და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. მძიმე უფლებრივი მდგომარეობა და არსებული ჰუმანიტარული კრიზისი ნათლად წარმოაჩინა არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა გარდაცვალების ფაქტებმაც. 

გარდა ამისა, აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც პრობლემურია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, ასევე ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლებში. გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობების მიუხედავად სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისები მათ პირობებს არსებითად ვერ აუმჯობესებს. 

ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე განსაკუთრებით პრობლემურია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაწესებული შეზღუდვები, რომლითაც მედიის წარმომადგენლებს, ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ეძლევათ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებში გადაადგილების და შესვლის უფლება. სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვები ვერც უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არის გამართლებული განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონტროლირებად სოფლებში ასობით მაცხოვრებელი აგრძელებს ცხოვრებას. 

ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ამწვავებს ის ფაქტიც, რომ დღემდე აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში მომხდარ დანაშაულებზე არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება და არ დამდგარა შესაბამის პირთა პასუხისმგებლობა ეროვნულ დონეზე. სიტუაციის სიმძიმეს ხელს უწყობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობა და სისუსტე ისევე როგორც კონფლიქტის ტრანსფორმაციის და კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების და კეთილდღეობის დაცვის კუთხით საქართველოს არაეფექტიანი  პოლიტიკა. 

ამ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების დროულ წარმოებას, რომელიც ომის დროს მომხდარ დანაშაულებს 2016 წლიდან იძიებს. ეფექტიანმა გამოძიებამ შესაძლოა პრევენციული ეფექტი იქონიოს მიმდინარე დარღვევებზე. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააგრძელონ აქტიური მუშაობა არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ: 

საქართველოს ხელისუფლებას: 

  • გამოიყენოს ყველა შესაძლო მექანიზმი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულების და ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებების ხელყოფის შესაჩერებლად;

  • გააძლიეროს შერიგებისა და დიალოგის გზით კონფლიქტის მოგვარება და შეიმუშაოს მკაფიო პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება კონფლიქტების ტრანსფორმაციის, ადამიანის უფლებების და კეთილდღეობის დაცვისკენ;

  • გააუქმოს საოკუპაციო ხაზთან და მის მიმდებარე სოფლებში მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების დაშვების ბლანკეტური აკრძალვა და შეიმუშავოს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მიდგომები;

  • გააძლიეროს ძალისხმევა იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად;

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს:

  • უზრუნველყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარი ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ შესაძლო დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიების გონივრულ ვადაში დასრულება და დაკავების ორდერების გამოცემა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელი ჩადენილ დანაშაულებში.

რუსეთის ფედერაციას, როგორც ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს:

  • შეწყვიტოს ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევები, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას;

საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას:

  • გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უფლებების მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი წარმომადგენლობის სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

  • საერთაშორისო სამართლიანობა (Justice International)

  • წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)

  • უფლებები საქართველო

  • კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

gcicc
The Hague